ლამაზი დილა გათენდა.ვინ იცის ეს ჩემი ცხოვრების მერამდენე განთიადია? ვისურვებდი მარადიული იყოს.ვისურვებდი ჩვენი სიცოცხლე გავდეს ფრინველების უსასრულო თავისუფლებას.
სამყაროში,როგორც იქნა ვიპოვე ადგილი,სადაც ყვავილების ქოთნები აივანზე დავდგი,შემდეგ ჩემს საყვარელ ფინჯანში ყავა მოვამზადე და გავიფიქრე–მეც მაქვს ამ მიწაზე ჩემი წილი ბედნიერება. მაქვს სახლი,საწერი მაგიდა,შემოდგომის ფოთლებით მოფენილი ეზო და ყოველ დილით ვწერ მოთხრობებს და ვაკეთებ საქმეს,რომელიც მიყვარს.დროთა განვალობაში ადამიანების საყვარელი მწერალი გავხდი და ჩემი გულისთქმა კიდევ უფრო ლამაზი გახდა.კიდევ უფრო ბევრ ადამიანს ესმის ჩემი.ახლა უკვე ნამდვილად ვიცი, რომ ერთ–ერთი ბედნიერი ადამიანი ვარ მთელს ქვეყანაზე. ვემსახურები საყვარელ საქმეს და ყოველი დილა ბედნიერების მომტანია ჩემთვის. თუმცა ერთ დღეს მოულოდნელად აღმოვაჩინე,რომ თვალები ამტკივდა.ვეღარ ვახერხებდი კომპიუტერთან მუშაობას და წერას.ჩემი ფიქრები ვეღარ გადამქონდა ფურცლებზე.ძალიან განვიცადე.ალბათ ასეთია ჯოჯოხეთი,როცა იმ საქმეს ვეღარ ემსახურები,რომელიც გიყვარს,როცა საყვარელ ადამიანების დანახვა გიჭირს. თავს ვიმშვიდებდი,რომ თუ დავბრმავდებოდი ეს არ იქნებოდა ქვეყნის დასასრული,რადგან უკვე ბევრი რამის სიყვარული მოვასწარი,მაგრამ მე უნდა მეცხოვრა,მეწერა და ასეთივე შემართებით გამეგრძელებინა ცხოვრება.
ექიმთან ვიზიტის შედეგად გაირკვა,რომ რამდენიმე ხნით თავი უნდა დამენებებინა წერისათვის.წოლითი რეჟიმი დამინიშნეს.სწორედ იმ დღეებში გავიგე რას გრძნობენ ადამიანები,რომლებიც ვერ ხედავენ.გავიგე როგორი დიდია მათი ტკივილი.იმ წუთებში თითოეული ადამიანი,რომელთაც თვალებში სინათლე არ აქვთ,ან უბრალოდ თვალები სტკივათ და სათვალეს ატარებენ ჩემი მეგობრები გახდნენ.ძალიან ბევრს ვფიქრობდი მათზე.მათი სამყარო ნაცნობი გახდა ჩემთვის და ყველაფერი განვიცადე.ვიწექი და ვფიქრობდი,თურმე რა ბედნიერი ვყოფილვარ,მაგრამ მაინც უკმაყოფილო ვიყავი,მაინც სხვაგან ვეძებდი ბედნიერების ჯადოსნურ წამებს.არ ვიცოდი რა უნდა მექნა ამიერიდან ჩემი მთებისთვის,ჩემი ჩიტებისთვის,სამყაროსთვის,რომელიც ყოველ დღე იცვლიდა ფერს,რომ მათი სილამაზით შთაგონებულს ახალი ამბავი დამეწერა მათზე.არ ვიცოდი როგორ გადმომეცა ჩემი ამბები.ვფიქრობდი, როგორ გაძლებდნენ ტყეები ჩემთან შეხვედრის გარეშე. არ ვიცოდი რას იფიქრებდა საყვარელი ადამიანი,როდესაც ჩემს უსინათლო თვალებს დაინახავდა. დიახ,სამყაროში ყველაფერი ხდება, თვალისდახამხამებაში იცვლება ზოგჯერ ყველაფერი.თუმცა მე არ შემეძლო მეცხოვრა წერის გარეშე,თუნდაც ერთი დღე.ამიტომ ჩუმად ვდგებოდი,მივდიოდი საწერ მაგიდასთან და ლეპტოპის ნაცვლად, ფურცლებზე ვწერდი.ეს იყო ჩემთვის დიდი განსაცდელი,რადგან სიტყვების გამოსახულება ძალიან გაბაცდა და თითქმის ვერაფერს ვამჩნევდი,მაგრამ მაინც ვწერდი ჯიუტად.ვწერდი და ახლა განსაკუთრებული ძალა ჰქონდა თითოეულ სიტყვას,თითოეულ აზრს და აბზაცს. დღეში,მხოლოდ რამდენიმე წუთით ვწერდი,შემდეგ კი თვალები მეღლებოდა და არაფრის დანახვა აღარ შემეძლო.მთელი გულით მხოლოდ ერთ რამეს ვთხოვდი ღმერთს,მთელ სამყაროს,ანგელოზებს– დამბრუნებოდა თვალში ძველებური სინათლე.დიახ,დამიბრუნდება ვიცი,მაგრამ თუნდაც უსინათლო ვიყო მე მაინც დავწერ.არ ვიცი როგორ, ალბათ ანგელოზები მოიფიქრებენ რამეს,ალბათ სამყარო დამეხმარება რომ კვლავ გავაგრძელო ძველებურად წერა.
დავწვები.თვალებს ვხუჭავ.ახლა უფრო მეტად მეხმარება წარმოსახვა.ახლა უფრო მეტად მიმაქვს ყველაფერი გულთან.უფრო ყურადღებიანი გავხდი ყველაფრის მიმართ.მესმის ჩემი სახლის წინ ნაპირს როგორ ეხეთქება ზღვის ტალღები და ბედნიერი ვარ,რომ მაქვს ჩემი სახლი ზღვის პირას და შემიძლია მესმოდეს თოლიების ხმა.
ერთ დილით პატარა ღაბუა ჩიტი მოფრინდა ჩემთან და ნისკარტით წერილი მომიტანა.წერილში ლამაზი ასოებით ეწერა,რომ სიბრმავის არ უნდა მეშინოდეს,რადგან რაც დასანახი იყო უკვე დავინახე,ვინც უნდა დამენახა უკვე შევიყვარე.უკვე ვიცხოვრე სიკეთით და სიყვარულით. მაგრამ მიუხედავად ამისა,სიბრმავის კიდევ იმიტომ არ უნდა მეშინოდეს,რომ ღმერთი არ გამიმეტებს ასე ადვილად.რომ სამყაროში აუცილებლად გამოჩნდება გზა,რომელიც მიჩვენებს,თუ როგორ უნდა გავაგრძელო საყვარელი საქმის კეთება.
ვიდექი აივანზე,ვკითხულობდი წერილს და ვფიქრობდი,რომ ადამიანს თუ არა აქვს საყვარელი საქმე,მისი ცხოვრება ცარიელია და ტკივილითაა სავსე,რომ აუცილებლად უნდა გვქონდეს საყვარელი სამუშაო,რომელიც გაგვაბედნეირებს და ოპტიმიზმით აგვავსებს. ვიდექი აივანზე,ვკითხულობდი წერილს და ვგრძნობდი, ასე ადვილად არ დასრულდებოდა ჩემი ამბავი,ყველაფერი იქნებოდა კარგად.