Skip to content

და თუ არ იცი რა არის ბედნიერება…

ფიქრებში და ოცნებებში გახვეული მივაბიჯებ ქუჩაში შემოდგომის ერთ თბილ და ლამაზ დღეს. სადაც შემიძლია შევხვდე ყველა ასაკის ადამიანს. შემიძლია გავხდე ბევრი ადამიანის წუხილის, წვალების, უბედურების ან იქნებ ბედნიერების და სიხარულის მოწმე. ვუყურებ ხალხს და ვფიქრობ იციან თუ არა მათ რა არის სიცოცხლე, რა არის ბედნიერება ან თუნდაც ტანჯვა.

ვფიქრობ და მეც ჩემებური დასკვნები გამომაქვს.

… და როდესაც ამდენი სახის ტკივილის მოწმე ხდები, ვხვდები რომ ადამიანმა არ იცის რა არის უბედურება.

… და როდესაც ამდენი სიხარულის მოწმე ხდები, ვხვდები რომ მათ არ იციან რა არის ჭეშმარიტი ბედნიერება.
ვუყურებ და ვხედა, რომ ბედნიერების და ტანჯვის მიზეზს ადამიანში იწვევს ისევ და ისევ მეორე, ისევ მისნაირი არსება…

მეტი რაღა შემიძლია ვთქვა..

… და რა აზრი აქვს მიეჩვიო ვიღაცას და იპოვო სხვაში ბედნიერება როცა იცი, რომ ეს დროებითია. როგორ უნდა გამონახო საერთო ენა სხვასთან როდესაც ჩემს გარშემო მომრავლდნენ ადამიანები რომლებიც დღევანდელი დღით ცხოვრობენ. აბა მითხარით რაღა აზრი აქვს იბედნიერო სხვასთან ყოფნით როდესაც იცი რომ ეს დღესაა ასე, ხვალ ყველაფერი შეიცვლება.

რაღა აზრი აქვს სხვასთან ბედნიერების პოვნას როდესაც იცი, რომ ის მაინც წავა.

აუცილებლად წავა, მაინც მონახავს მიზეზს. ვერ შეეგუება შენს მელანქოლიურ ხასიათს, რომანტიულ გრძნობებს, განმარტოების სურვილს, მოუსვენრობას, კარგ ხასიათზე ყოფნას, აქტიურობას….
შეხედე… როგორიც არ უნდა იყო მაინც იპოვის შენში ნაკლს, ნაკლს რომელიც გახდება შენგან წასვლის მიზეზი. თითქოს და ის უფლისგან ხელდასმული იყოს.

ან რა გასაკვირია რომ ვერავისში და ვერაფერში პოულობენ ბედნიერებას, მათ ხომ არ იციან რას ნიშნავს ეს.
მათ იციან სიხარული, რომელიც ხშირად ეშლებათ ბედნიერებაში.

ცხოვრების გზაზე ათას ადამიანს ხვდებიან და ყველაში ეძებენ “ვითომ” მათ მეორე ნახევარს და ასე აუფასურებენ გრძნობებს და ასე აქვთ ყველასთან ზერელე დამოკიდებულება.

ასე კარგავენ იმ ნამდვილ ბედნიერებას რომელიც უფალმა გამოუგზავნა. გვიან მიხვდებიან ცხოვრების გზაზე დაკარგული სიყვარულის ფასს, რომელიც ხან მათი ახალგაზრდული თავქარიანობის გამო დაკარგეს ან კიდევ იმის ფოქრში, რომ უკეთესის ღირსები არიან. აი მაშინ როდესაც უკან მიბრუნდებიან ხშირად უკვე ამას აზრი აღარ აქვს. მაშინ კი ჭეშმარიტად ხვდებიან ბედნიერების ფასს,მაგრამ ხშირად ეს უკვე გვიანია.

ოდესმე თქვენც თუ გისეირნიათ ქუჩაში განმარტოებით და ერთ ხალხმრავალ ადგილას ჩამომჯდარხართ სკამზე, ალბათ დააკვირდებოდით ადამიანებს ასაკის ცვლასთან ერთად თუ რა ახარებთ და რა წყინთ. მაშინ მიხვდებოდით რა მეამიტია ახალგაზრდა და რა მრავლის მნახველი მოხუცი, შეამჩნევდით რომ მოხუცს უფრო პატარა უმნიშვნელო რამ ახარებს და აბედნიერებს, ისევე როგორც სულ პატარა ბავშვს.

მე დამინახავს გახარებული ახალგაზრდა წყვილები, მაგრამ იშვიათად დამინახავს ბედნიერები. მე მინახავს ჩაფიქრებული, სევდიანი შუახნის ადამიანები რომლებსაც თითქოს ყველას ერთნაირი უკმაყოფილო სახეები აქვთ. და მე მინახავს მართლა ბედნიერი მოხუცები, რომლებიც ხელჩაკიდებულები სხედან სკამზე თავიანთ ფიქრებში გახვეულები, რომლებიც ალბათ თავიანთ ერთად განვლილ წლებზე ფიქრობენ. აი მე მათგან ვსწავლობ სიყვარულს, ვხვდები რა არის ბედნიერება. ჩვენ რომ უფრო ხშირად ვუსმენდეთ მოხუცებს და ჩვენი თავი ყველაზე ბრძენები არ გვეგონოს, რომ არ გვწამდეს “ეს სხვა დროა მათ რა იციან, მაშინ ყველაფერი სხვაგვარად იყო” იქნებ ჩვენც გვესწავლა ბედნიერების ფასი დროულად, მანამ სანამ დავკარგავთ მას.

სტატიის ავტორი: ნანა ხარაზიშვილი