Skip to content

შთაგონება და მოტივაცია: ცნობილი ადამიანების ისტორიები , რომლებიც არასდროს დანებებულან

წარმოგიდგენთ იმ ვარსკვლავების ისტორიებს, რომლებიც უწყვეტად მიემართებოდნენ წარმატებისკენ, მიუხედავად ცხოვრებისეული სირთულეებისა.

„არასდროს დანებდე“ – ეს ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ბანალური ფრაზაა, რასაც კარიერის აწყობის მანძილზე ვისმენთ, მაგრამ არის მასში სიმართლე, რადგან არასდროს ვიცით, რომელი მცდელობა შეცვლის ჩვენს ცხოვრებას სამუდამოდ და გვაჩუქებს ყველაზე დიდ შანსს.

ბუნებრივია, თქმა ბევრად იოლია, ვიდრე ქმედება. ამიტომაც გაგაცნობთ იმ ცნობილი ადამიანების ისტორიებს , რომლებმაც მთელ მსოფლიოს აჩვენეს, რომ ღირს საკუთარი თავის გჯეროდეს მაშინაც კი, როცა ცხოვრება ამის საპირისპიროს გიმტკიცებს.

ჯოან როულინგი

როულინგი მეუღლეს დაშორდა და სახელმწიფოსგან დახმარება მიიღო, რაც 1994 წელს შვილის გამოსაკვებადაც კი არ ჰყოფნიდა. ეს ყველაფერი ხდებოდა 3 წლით ადრე იქამდე, ვიდრე იგი გამოაქვეყნებდა თავის პირველ წიგნს „ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვა“.

როდესაც ჯოანი ამ ცნობილ ისტორიას წერდა, იმდენად ღარიბი იყო, რომ არ ჰქონდა კომპიუტერის შესაძენად და რომანის ასლის გადასაღებად საჭირო თანხებიც კი. ამიტომაც მწერალმა გამომცემლობებში მისატანად 90 000-სიტყვიანი ტექსტის რამდენიმე ხელნაწერი ვერსია გაამზადა.

რომანი რამდენიმე ათეულჯერ იქნა უარყოფილი, ვიდრე ბრიტანულმა გამომცემლობა „ბმუმსბერიმ“ არ დაიჯერა, რომ ნაწარმოები წარმატებული იქნებოდა. ეს ყველაფერი კი იმის დამსახურებით მოხდა, რომ გამომცემლობის ხელმძღვანელის რვა წლის გოგონამ წაიკითხა ჰარი პოტერის ისტორია და ძალიან მოეწონა.

სტივენ კინგი

როდესაც სტივენ კინგმა წერა დაიწყო, მას არაფერი გამოსდიოდა. სწორედ იმ დროს, იგი ცხოვრობდა ტრაილერში საკუთარ მეუღლესთან ერთად, რომელიც ასევე მწერალია. ოჯახის გამოსაკვებად, ორივე მათგანი რამდენიმეგან მუშაობდა, მაგრამ სამწერლო კარიერის აწყობის ოცნება არ მიუტოვებიათ.

ისინი იმდენად ხელმოკლედ ცხოვრობდნენ, რომ იძულებული გახდნენ, თავიანთი ქორწილის ტანსაცმელი გაექირავებინათ და უარი ეთქვათ ტელეფონზე, რათა თავიდან აერიდებინათ ხარჯი.

კინგმა იმდენი უარი მიიღო სამსახურში მოწყობასთან დაკავშირებით, რომ მათი კოლექცია შექმნა. უარის ყველა ფურცელი კედელზე ჭიკარტით მიამაგრა. ავტობიოგრაფიულ წიგნში „როგორ ვწეროთ წიგნები“, ის იხსენებს: „როცა თოთხმეტი წლის გავხდი, ჭიკარტი უკვე ვეღარ იჭერდა უარის ფურცლებს. მაშინ შევცვალე სამაგრი ლურსმნით და გავაგრძელე წერა“.

მან 60 უარი მიიღო, ვიდრე გამოსცემდა თავის პირველ მოთხრობას „მინის იატაკი“, რომელშიც 35-დოლარიანი ჰონორარი აიღო. მისი ყველაზე გაყიდვადი წიგნიც კი („კერი“) მალევე არ ქცეულა ბესტსელერად. რამდენიმე ათეული უარის შემდეგ, მის გამოცემას არცთუ წარმატებული გამომცემლობა დათანხმდა, რის შედეგადაც სულ 13 000 ეგზემპლარი გაიყიდა.

ამის შემდეგ, გამომცემლობა „საინეთ ბუკსმა“ გააფორმა აღნიშნულ წიგნთან დაკავშირებით 400 000-დოლარიანი კონტრაქტი და თანხის ნახევარი თავად კინგს გადაეცა.

ჯიმ კერი

 ჯიმ კერი 14 წლის იყო, როცა მამამისმა სამსახური დაკარგა და მათი ოჯახისთვის უმძიმესი დრო დადგა. ისინი საცხოვრებლად ნათესავის კუთვნილ ფურგონში გადავიდნენ. მშობლებს რომ დახმარებოდა, ახალგაზრდა ჯიმი იძულებული იყო, სკოლის შემდეგ 8 საათის განმავლობაში ემუშავა.

15 წლის ასაკში იგი პირველად გამოჩნდა ერთ-ერთი კომედიური კლუბის სცენაზე. ახალგაზრდა მსახიობი გამოწყობილი იყო სამოსში, რომელიც დედამ შეუკერა. გარეგნული იერის გამო, მასზე ხშირად იცინოდნენ, მაგრამ ჯიმი ყურადღებას არ აქცევდა. 16 წლის ასაკში, მან სკოლა დატოვა და მთლიანად გადაერთო სამსახიობო კარიერაზე.

მალე კერი გადავიდა ლოს-ანჯელესში, სადაც ყოველ საღამოს ადიოდა მალჰოლანდ დრაივზე და ახდენდა საკუთარი წარმატების ვიზუალიზაციას. იგი იმეორებდა: „ჩემთან მუშაობაზე ყველა ოცნებობს. მე შესანიშნავი კინომსახიობი ვარ და მიმზიდველი შემოთავაზებები მელის“.

ერთ-ერთი ასეთ საღამოს, მან გამოიწერა 10-მილიონ დოლარიანი ჩეკი ფილმში როლისთვის. ამ ჩეკის მიღება 1995 წელს, მადლიერების დღისთვის სურდა. ამ თარიღიდან მალევე, ჯიმ კერიმ მიიღო ჰონორარი ფილმისთვის „ბრიყვი და უფრო ბრიყვი“.

ემილი ბლანტი

იქამდე, ვიდრე ემილი ბლანტი „ოქროს გლობუსის“ მფლობელი და პოპულარულ ფილმებში მთავარი როლების შემსრულებელი გახდებოდა, მას მხოლოდ საკუთარ კლასელებთან შეეძლო საუბარი. საქმე იმაში იყო, რომ 7 წლიდან ემილის ენა ებმოდა.

ერთ-ერთი ინტერვიუში მსახიობი იხსენებს: „მე ჭკვიანი ბავშვი ვიყავი და სათქმელიც მქონდა, მაგრამ არ შემეძლო. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ შევძლებდი ვინმესთან დაჯდომას და საუბარს, როგორც ამას ახლა ვაკეთებ“.

მაგრამ ყველაფერი შეიცვალა, როცა უმცროსი კლასების ერთმა მასწავლებელმა მას თეატრალურ წრეზე შესვლა შესთავაზა. იმის გათვალისწინებით, რომ გოგონას ურთიერთობა უჭირდა, მან გაბედული ნაბიჯი გადადგა.

მასწავლებელი დაჟინებით აგრძელებდა მცდელობას, ემილის აქცენტებსა და ხმის დამუშავებას ასწავლიდა, რათა სიტყვის გამოთქმაში დახმარებოდა – და ამან იმუშავა. სკოლის დასრულების დროისათვის, ბლანტმა დაძლია მეტყველების პრობლემა და კარიერა წარმატებულად გააგრძელა.