Skip to content

შეცდომა, რომელსაც ხშირად უშვებენ ნასწავლი ადამიანები

ყოველ ღირსებასა და ხასიათის სიკეთეს ენათესავება ესა თუ ის ცოდვა ან ბიწიერება კაცისა. თუ ზომაზე მეტად განვითარდა ისინი, ან ერთად გადაიქცევა ან მეორედ. გულუხვობა და ხელგაშლილობა ხშირად მფლანგველობად იქცევა, მომჭირნეობა და ყაირათობა – სიძუნწედ, სიმამაცე თავზე ხელაღებად, სიფრთხილე სილაჩრედ და ა.შ.

ბიწიერების ჭეშმარიტი სახე იმდენად მახინჯია, რომ პირველივე შეხედვით ზიზღით გვივსებს გულს და არც გვაცთუნებდა ალბათ როდესმე, თუ რომ თავიდან სიკეთის ნიღაბი არ ჰქონდეს ჩამოცმული. სიკეთე და სათნოება კი მისდათავად იმდენად მშვენიერია, რომ პირველი შეხედვისთანავე გვხიბლავს და გვიმორჩილებს. ჰოდა, სწორედ აქ მართებს კაცს გონიერება, რომ ჯეროვანი კალაპოტით წარმართოს საკუთარი საუკეთესო თვისებები და მისწრაფებანი.

ზოგი ნასწავლი კაცი, თავისი ცოდნით გაამაყებული, მხოლოდ იმიტომ ლაპარაკობს, რომ თავისი დასკვნა გამოიტანოს და ყველაფერზე ისეთი კილოთი იმსჯელოს, შედავება ვერავინ შეჰბედოს. შედეგი ამისა კი ის გახლავს, რომ ამ მოუთმენლობით შეურაცყოფილი ხალხი ბოლოს აუმხედრდება ხოლმე და ამ ძალადობისგან თავდასახსნელად მის კანონიერ ავტორიტეტსაც კი ეჭვის თვალით დაუწყებს ცქერას. რაც უფრო მეტი იცი, მით მეტი მოკრძალებით უნდა გეჭიროს თავი. ბარემ იმასაც ვიტყვი აქავე, რომ მოკრძალება ყველაზე საიმედო ხერხია ჩვენი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად. გინდათ ძალიან დარწმუნებული იყო შენს სიმართლეში მაინც ისე მოიქეცი, ვითომ ყოყმანობ. თქვი შენი აზრი, მაგრამ მაინცდამაინც ნუ დაიჟინებ. თუ გინდა სხვების დარწმუნება, მათაც უნდა აგრძნობინო, რომ შენი დარწმუნებაც შეიძლება.

გვხვდებიან ისეთი ჯურის ადამიანებიც, რომლებიც ნაკლებ დოგმატიკოსნი და მედიდურები არიან, მაგრამ თავმდაბლობას ვერც მათ შეწამებ. მათ რიცხვს მიეკუთვნებიან ენადაკრეფილი პედანტები, ქალებთან საუბრისას რომ მოსწრებულ ბერძნულ და ლათინურ ციტატებს აფრქვევენ და ამდენად „ეძმაკაცებიან“ ხოლმე ბერძენ და ლათინელ ავტორებს, ზედმეტ სახელებსაც კი არქმევენ ამის დასტურად, აი, რა ახლოს ვართო მათთან. მაგალითად, ამბობენ: „ეს ბებერი ჰომეროსიო“, „თაღლითი ჰორაციუსიო“. ამ პედანტებს ხშირად ფუქსავატი, თავქარიანი ხალხიც ბაძავს, რომელთაც ცოდნის ნატამალიც არ გააჩნიათ, მაგრამ რამდენიმე ძველი ავტორის გვარი კი დაუმახსოვრებიათ და ზეპირადაც დაუსწავლიათ ნაწყვეტები. ჰოდა იმდენი კადნიერება ჰყოფნით, ყველა საზოგადოებაში ახსენონ ისინი იმ იმედით, რომ სწავლულებად ჩაგვთლიანო.

ამიტომ თუ გინდა ერთი მხრივ პედანტობა არ შეგწამონ, მეორე მხრივ კი უვიცად არ მოგნათლონ, ნუ ეცდები ხალხში გაამჟღავნო შენი ცოდნა. სადაც მოხვდები ილაპარაკე იმ ენაზე, რა ენაზეც ლაპარაკობენ, ისაუბრე სადაც, თავისუფლად და სხვისი ნათქვამით ნუ ააჭრელებ შენს სათქმელს. ნურასოდეს მოინდომებ იმ ხალხზე ჭკვიანად და ნასწავლად წარმოაჩინო თავი, ვის საზოგადოებაშიც იმყოფები. შენი განათლება და ცოდნა ისე შეინახე, როგორც საათს ინახავს ხალხი – ანუ გულის ჯიბეში. ნუ გამოაჩენ მას ხალხში და ნუ დაქოქავ მხოლოდ იმისთვის, რომ ყველამ შეიტყოს, საათი აქვსო. თუ შეგეკითხებიან რომელი საათიაო, უპასუხე, მაგრამ წარამარა ნუ აუწყებ, ესა და ის დროაო, თუკი ამას არავინ გეკითხება.

საერთოდ, გახსოვდეს, რომ ცოდნა ყველაზე სარგო და აუცილებელი სამკაულია ადამიანისა. ცოდნის უქონლობა სირცხვილიცაა, მაგრამ ამასთან ყოველნაურად ყოველნაირად უნდა ეცადო ის შეცდომები არ მოგივიდეს, რაზეც უკვე ვისაუბრე და რაც ძალზედ ხშირად სდევს ხოლმე ცოდნას.

ამონარიდი წიგნიდან: “ჩესტერფილდის წერილები ვაჟს”