რა შეიძლება ასწავლო ბავშვს, რომელიც იზრდება სოციალურად დაუცველ ოჯახში?
რამდენიმე კვირის წინ ვიყავი მეგობართან. მისი გოგონა ძალიან ნიჭიერია და არაჩვეულებრივად ხატავს. ის მათვალიერებინებდა თავის ნახატებს და მე აღფრთოვანებულს გამიჩნდა იდეა, რომ მისი ნახატების აუქციონი გაგვეკეთებინა და დავხმარებოდით სოციალურად დაუცველ ბავშვებს… ჩემი იდეის გაგონებაზე ცოტა შეიშმუნა და ჩაიხუტა ნახატი, მივხვდი, რომ ის ჯერ მზად არ იყო ამ იდეის განსახორციელებლად და უცებ ახალი აზრი მომივიდა თავში – ხომ არიან სოციალურად დაუცველ ოჯახებში უნიჭიერესი ბავშვები? მოდი, ისინი მოვძებნოთ-თქო.
ამ ძიებაში ჩემი მეგობარიც ავიყოლიე, KID.GE-ს ( პროგრესულ მოზარდთა კლუბის) დამფუნებელი ნინო გოგლიძე, დავუკავშირდით დღის ცენტრის თანამშრომელს მერი ბენდელიანს, რომელმაც გაგვაცნო უნიჭიერესი პატარები თავისი ნამუშევრებით. ამ დღეს ვიგრძენი, რა გულუხვია უფალი, ასეთი მადლით და ნიჭიერებით რომ აჯილდოებს ადამიანებს. გული სიყვარულით და სითბოთი შეგვევსო. გავიზიარეთ კიდევ ერთხელ , რომ ნიჭიერებას დაფასება უნდა, რომ ამ ბავშვებს უბრალოდ დახმარება არ სჭირდებათ, მათ უნდათ თავი იგრძნონ რეალიზებულებად, საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად. მათ აქვთ სურვილი თავისი სიყვარული და სითბო ნამუშევრებით გაუზიარონ საზოგადოებას! ამ დღეს აღფრთოვანებული და ემოციებით აღსავსე შევხვდი ჩემს მეგობარს ირაკლი ბლიაძეს ( საქველმოქმედო საზოგადოება „მადლობა“-ს დამფუძნებელს) მან იდეა მაშინვე აიტაცა და მხარი დაგვიჭირა, ამის შემდეგ ჩვენს გულში დანთებული ცეცხლი გადავდეთ ოთხი მოტივის გუნდს და ჩემს ყველაზე აქტიურ და უპოზიტიურეს მეგობარ თამარ მეფარიშვილს, რომელთაც მთელი გუნდით დაგვიჭირეს მხარი.
უპირველეს ყოვლისა, მე მინდა უღრმესი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ამ იდეის განხორციელებაში მხარი აგვიბა! მინდა, მოვახსენო ჩვენს მკითხველებს , რომ თითოეულ თქვენგანს ეძლევა საშუალება 18 თებერვალს, 18:00 საათზე, წერეთლის 116-ში, დიდუბე პლაზის მე-3 სართულზე, 72 ოფისის ფოიეში მობრძანდეს და ისიამოვნოს ამ ნამუშევრებით, ასევე საჩუქარი გაუკეთოს საკუთარ თავს ან საყვარელ ადამიანს და ამით ნამუშევრის ავტორს გაუწოდოს დახმარების ხელი! ეს არის საჩუქარი საკუთარი თავისთვის და სხვისთვის ერთდროულად! ამით პატარებს დავანახებთ, რომ ის, რასაც ისინი ქმნიან ღირებულია. ჩვენ მათ თავდაჯერებულობას შევმატებთ და საზოგადოებასთან ინტეგრაციაში დავეხმარებით. ვაჩვენებთ, რომ ისინი გვილამაზებენ ჩვენს ცხოვრებას და ამის გამო, ჩვენც ვცდილობთ მათი ცხოვრების გალამაზებას! 18 თებერვლამდე აქტიურად ვიმუშავებთ სხვადასხვა კომპანიებთან, რომლებსაც აქვთ სურვილი შემოგვიერთდნენ.
დაგვიკავშირდით: 558 605 827 ირმა ელბაქიძე