Skip to content

შენ მეტს იმსახურებ !

ახალი წლის  ზარ-ზეიმით შეხვედრის შემდეგ ერთი საინტერესო ამბავი გადამხდა. ბანკში ჩემი რიგის ნომერს ვამოწმებდი, როცა ერთი მამაკაცი მომიახლოვდა, რომელიც მოწყალებას ითხოვდა. გავხსენი საფულე, ისეთი სახით მიყურებდა, რომ შევამჩნიე რომ ჩემს საფულეში ხურდის დათვლაც კი მოასწრო. ხელის გულზე ხურდა დავუდე, მაგრამ უკმაყოფილომ შემომხედა – აშკარად მეტს ელოდა. შემდეგ კანფეტი მომთხოვა, მეც უკმაყოფილომ როგორც გვჩვევია ხოლმე ჩავილაპარაკე: “რა თავხედია, არავინ მისცა ხურდა და კიდევ მეტს მთხოვს იმის მაგივრად, რომ მადლობელი იყოს მიღებულითქო”…

მთელი დღე ვფიქრობდი ამ ადამიანსა და ჩემს პროტესტზე…

– შენ მეტს იმსახურებ ვიდრე ბანკში, ქუჩაში მარკეტების კარებში გაშვერილ ხელის გულში ჩადებული 5 თეთრია…

– შენ მეტს იმსახურებ, დაუმტკიცე საკუთარ თავს, გაუმხილე… შენ ამისთვის არ მოსულხარ, შენ იმაზე მეტს იმსახურებ, ვიდრე მიწაზე ფორთხვაა….

– მშობლების შეცდომა, იქნებ გარემოებების არსებობა?

– სიყვარულით და სიყვარულში აღზრდა..

რატომ გაძარცვე საკუთარი თავი გრძნობებისაგან, ნუთუ ამის მეტი საჭიროება აღარ გაქვს?

შენ მეტს იმსახურებ ვიდრე ნაგვის ბუნკერში ბოთლებისა და საჭმლის ძიებაა…

ჩვენ რატომღა ვღიზიანდებით ასეთ ადამიანებზე? იქნებ დავიცალეთ კიდეც ადამიანური გრძნობებისაგან!

-შენ მეტს იმსახურებ, უფალს ყველა ერთნაირად ვუყვარვართ….

– არა შენ მეტს იმსახურებ, ვიდრე ეკლესიის კარებში დაჩაგრული თვალებით ხელის გულზე 5 თეთრიანით მიღებული ბედნიერება..

– არა შენ მეტს იმსახურებ, სამყაროსთვის ისეთივე ყვავილი და სიმდიდრე ხარ, როგორც მზიანი დღე და უღრუბლო ლურჯი ცაა…

– შენ უფრო მეტი ხარ, ვიდრე გაწამებულ თვალებში ჩასახლებული სიღარიბე, ვიდრე მონეტების ჩხრიალი შენს რკინის ყუთში, რომლის ხმაც ბედნიერებად გეჩვენება.

-არა, შენ მეტს იმსახურებ.. შენ მეტი ხარ, ვიდრე შენი რეალური ცხოვრებაა…