ნიკო მარის დიდი დამსახურება მიუძღვის ქართული და სომხური ენათმეცნიერების კვლევაში. მას შემდეგ რაც მე-19 საუკუნეში გიორგი მერჩულეს “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება” აღმოაჩინეს და გაშიფრეს, ქართველი მეცნიერების ძალისხმევა გრიგოლ ხანძთელის 12 სავანეს მოსაძებნად წარიმართა. ტაოსა და კლარჯეთს ძირითადად ექვთიმე თაყაიშვილი იკვლევდა, ხოლო შავშეთსა და კლარჯეთს – ნიკო მარი. ექსპედიციებმა ნაყოფი გამოიღო და ყველა ძეგლი დაფიქსირდა, გარდა შატბერდისა და ხანძთისა.
ნიკო მარი ფაქტს ვერ ეგუებოდა, სწორედ ამიტომ ნისის გათხრები მიატოვა და კლარჯეთში მასშტაბური ექსპედიცია მოაწყო მტკიცე გადაწყვეტილებით – როგორმე შატბერდი ეპოვა. მისი სურვილი იმდენად დიდი იყო, რომ ხანძთაში რომ ავიდა, ჩათვალა, რომ შატბერდს მიაგნო, მიუხედავად იმისა, რომ მისი მდებარეობა წინააღმდეგობაში მოდიოდა “გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების” ტექსტთან.
იგი იმდენად მოხიბლული იყო თავისი აღმოჩენით, რომ თავის დღიურში წერდა: “არ გამიკვირდებოდა, თვით გრიგოლ ხანძთელი რომ გამომცხადებოდა პასუხით კითხვაზე, რომელმაც აქ მომიყვანა: სადაა შატბერდი?”
ნიკო მარი უდიდესი მეცნიერი იყო, მაგრამ შეცდომებიც ჰქონდა. კონსტანტინე გამსახურდიას გადმოცემით, ნიკო მარი რუსთველის პოემას თვლიდა თარგმნილად და ეძებდა მის დედანს სპარსეთში და სომხეთში. ნიკო მარი ქართული უნივერსიტეტის გახსნის მაგივრად მოითხოვდა კავკასიური უნივერსიტეტის გახსნას, სადაც სწავლა რუსულ ენაზე იქნებოდა, რაც რუსეთის იმპერიის სამსახურს ნიშნავს. ამ ფაქტებმა კონსტანტინე გამსახურდია გაანაწყენა . გამსახურდიას გარდა ნიკო მარზე ცუდი წარმოდგენა ჰქონდა ილია ჭავჭავაძესაც.
როგორც ამბობენ ენათმეცნიერები, ნიკო მარს ჰქონდა საოცარი ინტუიცია და შეეძლო პრობლემების გამოკვეთა, საკითხის დასმა, მაგრამ საკითხის გადაწყვეტაში კი თანმიმდევრული და იმავე შესაძლებლობისა არ იყოო. თუმცა უნდა დავამატოთ, ის ენციკლოპედიური განათლების ადამიანი იყო.
დღეს ნიკო მარის დაბადების დღეა.
მოამზადა მარიამ ნებიერიძემ