ერთი ახალგაზრდა კაცი იჯდა ახალთახალ იაგუარში, მშვენიერ განწყობაზე იყო და რაღაც მელოდიას ღიღინებდა. უცებ გზისპირას ჩამომსხდარი ბავშვები დაინახა. მას შემდეგ, რაც ფრთხილად აუარა გვერდი მათ, ისევ მოუმატა სიჩქარეს, მაგრამ მოულოდნელად გაიგონა თუ როგორ მოხვდა მის მანქანას მოზრდილი ქვა. ახალგაზრდა კაცმა შეაჩერა ავტომობილი, გადმოვიდა, ერთ-ერთ პატარა ბიჭს ქეჩოში სწვდა და უყვირა:
– საძაგელო! რა გინდოდა, ჩემს მანქანას ქვა რატომ ესროლე, იცი რა ღირს ეს მანქანა?!
– მაპატიეთ, ბატონო, – უპასუხა ბიჭმა. – არ მინდოდა თქვენი ავტომობილისთვის რამე დამეშავებინა. საქმე ის არის, რომ ჩემი ძმა ინვალიდია, ეტლიდან გადმოვარდა, მძიმეა და მისი აწევა არ შემიძლია. უკვე რამდენიმე საათია შველას ვითხოვთ, მაგრამ არავინ გაგვიჩერა. ახალგაზრდა კაცი ბიჭს დაეხმარა, ინვალიდი ძმა ეტლში ჩაასმევინა, თან ცრემლებს ძლივს იკავებდა, ყელში გაჩრილი ბურთი ახრჩობდა.
ბოლოს მან თავისი ავტომობილისკენ გასწია და დაინახა ახალთახალი მანქანის ქვით ჩაჭეჭყილი კარი. მრავალი წელი იარა ახალგაზრდა კაცმა ამ მანქანით და ყოველთვის უარს ეუბნებოდა მექანიკოსებს, რომლებიც მის შეკეთებას სთავაზობდნენ. დაზიანებული კარი კაცს ყოველთვის ერთ მნიშვნელოვან ცხოვრებისეულ გაკვეთილს ახსენებდა:
ყოველთვის არსებობენ ადამიანები, რომელთაც ჩვენი დახმარება სჭირდებათ. ნუ დაგათრობთ ცხოვრებისეული სიამოვნება ისე, რომ გამოსაფხიზლებლად ქვის სროლა დაგჭირდეთ.