Skip to content

ყველაზე დიდი "სიბრძნე სიცრუისა"

“სწავლა სიბერემდეო” და მაინც, ცხოვრება, რომ მასწავლებელია, ეგეთი ბრძენი სხვა არ მეგულება. ყველაზე დიდი “სიბრძნე სიცრუისა” ერთმა ბრძენკაცმა ბრძანა: “ისე არავინ გვატყუებს, როგორც ჩვენ ვიტყუებთ საკუთარ თავს” და მერე მცდარი ილუზიებით დიდხანს ვცხოვრობთ ხოლმე. არადა, ფეხის ადგმიდან მოყოლებული, გზა და გზა მიმოფანტულ “მარგალიტებს” ვაგროვებთ “აზრთა კონად” და გონების “ლარნაკში” ვაწყობთ. არა აქვს მნიშნველობა, როდის “გამოვხიზლდებით”, მთავარია, თვალი რომ აგვეხილება კარგად გავარჩიოთ, რა არის ჩვენი საქციელის “მესაზღვრე”.
არჩევანი ჩვენზეა, სიხარული – ჩვენში. და რადგან, “სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს”, გონიერება მკარნახობს, რა როგორ, ვინ რისთვის და ვის რატომ…
ამიტომაც კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ
დრო – მათემატიკური სიზუსტით უნდა გათვალო, უძვირფასესია!!!
ღირსება – არასდროს, არავის გულისთვის არაფერში არ უნდა გაცვალო, ფასდაუდებელია!!!
სიყვარული – ყველგან უნდა გაავრცელო, რამდენიც საჭიროა!
ერთგულება – არ უნდა დაახურდავო წვრილად, ხელშეუხებელია!!!
მეგობრობა – ასჯერ უნდა გაზომ–აწონო, რომ წონაში არ მოტყუვდე.
საქმე – საკუთარი შვილივით უნდა გიყვარდეს, სასურველი ნაყოფი რომ მოგცეს!!!
ოჯახი – ციხესიმაგრეა და მის სადარაჯოზე სულ ფხიზლად უნდა იდგე.
რწმენა – უდიდესი ძალაა, რაც გულით უნდა ატარო გასამხნევებლად და სანუგეშოდ.
დავბერდი და ახლა გავარკვიე, “რა, სად, როდის” უნდა ვთქვა.
სიტყვა მარცვალია, რომელიც საღ ნიადაგში ხარობს და მხოლოდ ღმერთმა იცის, რა დროს გიბოძოს ღონე, რათა “რაც დათესე, ის მოიმკა”.
ავტორი/მომწოდებელი: მაკო ჯაოშვილი, კომპანია Sevent-ის დირექტორი;