სანამ ამ სტატიის წაკითხვას დაიწყებთ, გაიხსენეთ, რამდენმა ადამიანმა გაწყენინათ, რამდენთან გაქვთ კონფლიქტი, ან უკვე გაწყვიტეთ ურთიერთობა?
თუკი საკუთარი თავისთვის ამ შეკითხვის დასმის შემდეგ თქვენს გონებაში კონკრეტული პიროვნებები ამოტივტივდნენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ტექსტი ბოლომდე უნდა წაიკითხოთ.
პატიებას იმდენად საოცარი ეფექტი გააჩნია, რომ შეგიძლიათ დასჯის მეთოდად გამოიყენოთ. მაგალითისთვის, ჩემივე მოთხრობიდან მინდა მოგიყვანოთ ციტატა. როდესაც ეს ფრაზა გამოვაქვეყნე, ბევრმა ადამიანმა მითხრა, რომ დაეხმარა ადამიანებთან ურთიერთობაში. ამ ფრაზის გაცნობიერება მეც დამეხმარა და მეხმარება დღემდე. იმედი მაქვს, თქვენც გაგიადვილებთ ურთიერთობებს: ” მე ყველას ყველაფერი ვაპატიე, რადგან ერთადრთი კარგი თვისება, რაც ყოველთვის გამაჩნდა, პატიების უნარია. ამას შენც გირჩევდი, რადგანაც ეს არის ადამიანის დასჯის ყველაზე მწარე ხერხი და ყველაზე სასტიკი განაჩენი, რომელიც კი შეიძლება მას გამოუტანო. შენ თვითონ წარმოიდგინე, რა იქნება, თუკი იჩხუბებ ადამიანთან და მეორე დღეს ისე მშვიდად გაუღიმებ, თითქოს არაფერი მომხდარა. აი, მაშინ კი კარგად უნდა დააკვირდე მის სახეს! ეს იქნება გაოცებისა და სინანულის ნაზავი შეღებილი სირცხვილისფრად. მერე კი ცოტა საკუთარ თავსა და გრძნობებსაც ჩაუფიქრდი.
ოჰ, რა თავისუფლად და ბედნიერად იგრძნობ თავს. დიახ, ეს ისეთი სიამოვნებაა, თვით ომში გამარჯვება რომ მოგანიჭებდა, რადგან პატიება და შერიგებაც გამარჯვებაა. გამარჯვება მეტოქეზე, საკუთარ თავსა და სურვილებზე.”
არ აქვს მნიშვნელობა ვინ და რა დაგიშავათ. თუ გსურთ დასაჯოთ, უბრალოდ – აპატიეთ! ადამიანები ჩხუბის შემდეგ არ ელოდებიან ასეთ დამოკიდებულებას. თქვენი ასეთი საქციელი მათში ჯერ დაბნეულობას, ხოლო შემდეგ – სირცხვილს იწვევს. ისინი თუნდაც გაუცნობიერებლად გრძნობენ, რომ იმაზე კარგი გააკეთეთ, ვიდრე – იმსახურებდნენ.
თუ არ გჯერათ – სცადეთ…
იმედი მაქვს, ეს სტატია და პატიების ეფექტი ადამიანებთან ურთიერთობაში დაგეხმარებთ.