”შენი სახელი? – გაისმა მისი კითხვა ქართველისადმი.
– ქართველი, – იყო პასუხი.
– წლოვანება!
– ორი ათასზე მეტი წლის ვარ.
– რას აკეთებდი ამდენ ხანს ქვეყნად?
– თავს ვიცავდი.
– სულ მუდამ?
– დიახ, სულ მუდამ. ქრისტეს დაბადებამდე და ქრისტეს დაბადების შემდეგაც თავს ვიცავდი მე. თავს ვიცავდი მე მაკედონელის ლაშქრისაგან, მე ვებრძოდი მურვან ყრუს, ვებრძოდი ოსმალოს, სპარსეთს, ვებრძოდი ლეკებსა და კიდევ სხვებს, – ურიცხვია სახელი ჩემი მტრების. მე ჩინგის-ხანს ვებრძოდი, აღა-მაჰმად-ხანს, შაჰ-აბაზს და ლენგ თემურს ვებრძოდი მე, რომ თავი დამეცვა. ჩემი ხანგრძლივი სიცოცხლე ბრძოლაა თავია დასაცავად, ვებრძოდი უთვალავ მტერს – შინაურსა და გარეულს. მე ვიყავი ყმა თავადაზნაურისა და სამღვდელოებაც ჩემს დაპატრონებას ცდილობდა. ყველას უნდოდა ჩემი გახრა, ჩემი შეჭმა. მე მართმევდნენ ყველაფერს, ერთხელ ხუცებმა და ბერებმა “ვეფხის ტყაოსნის” წართმევა მომინდომეს მე…
– ეხლა რაღას შობი შენ?
– მე ეხლაც თავს ვიცავ. მტერი ეხლაც ბევრი მახვევია გარს, მოდიან ჩემზე ხმლითაც და მოქარგული ენითაც, სიყვარულსაც მიცხადებენ, რომ დამძლიონ… ეხლაც ბევრია მტერი – შინაური და გარეული. და მე ვებრძვი მათ, თავს ვიცავ.
– არ დაიღალე?
– დაღალვა ჩემი სიკვდილს ნიშნავს ჩემსას, არა, არ დავღლილვარ, სიცოცხლე მწყურია მე და ვერ ვძღები სიცოცხლით. არა, არ დავღლილვარ.
– არც გაბოროტდი ამდენი ბრძოლით, გრძნობები არ დაგიჩლუნგდა, სისხლი არ გიყარს?
– არა, არ გავბოროტებულვარ. ვინც თავს იცავს და იმისთვის იბრძვის – შენ იცი თვითონ – ის არ გაბოროტდება, შენ თვითონ იცი ეს.
– გძულს შენი მტერი?
– მე თავის თავი მიყვარს და ვიცოცხლო მსურს მე. მე არ ვიცი მძულს თუ არა მტერი. მე ვებრძვი მას. მე თავს ვიცავ, იმიტომ რომ თავი მიყვარს. რა ვიცი მე, მძულს თუ არა ჩემი მტერი!
– და ელი კი გამარჯვებას?
– რათ უნდა დავმარცხდე, მე თავს ვიცავ… და ეხლა მე მარტოც არ ვარ – ყველა ერში და ყველა ქვეყნის კუთხეში იზრდება და მძლავრდება იმათი რიცხვი, რომლებიც თავს იცავენ და ისინი მომეშველებიან მე, როგორც მე იმათ. რათ არ უნდა გავიმარჯვო, მე თავს ვიცავ.
და წამოდგა ფეხზე ის, ვინც იჯდა, გაშალა მკლავი და გადაეხვია ქართველს, და გადაკოცნა ის. მოწყვიტა მწიფე ყურძენი და აჭამა მას, და კიდევ აჭამა მას თაფლი. და შეჰკრა გვირგვინი ია-ვარდისა და ყვავილებისაგან და შეამკო თავი მისი. და მისცა მას ხმალი ხელში და უთხრა:
– წადი, განაგრძე და კურთხეული იყოს გზა შენი, ფრიად მძიმე და ფრიად სახარბიელო! წადი, განაგრძე”!
ჭოლა ლომთათიძე – “უბის წიგნიდან”.