Skip to content

“ფიქრის ფრაგმენტები”

ცხოვრება დიდი წიგნია (გავიმეორებ ამ ბანალობას), ჩვენ – მისი პერსონაჟები… ყველა მწერალი, დასაბამიდან, ცდილობს ამ წიგნს მიამსგავსოს თავისი ნაწარმოები, მაგრამ ამაოდ.

ცხოვრებას არ აქვს დასაწყისი, არც – დასასრული, მხოლოდ ჩვენ გვეჩვენება ასე. ის, შეიძლება ითქვას, limitless-ლოგიაა. თითოეული ადამიანი კი მისი მოქმედი გმირია(არა – უბრალოდ, პირი) და მკითხველიც, ამავე დროს. მაგრამ საქმე ისაა, ვინ როგორი მკითხველია, ვის როგორ შეუძლია მიჰყვეს ამ წიგნს – გულით თუ უგულოდ, ინტერესით თუ უინტერესოდ, დასკვნის გამოსატანად თუ დროის გასაყვანად…

ზოგიერთ ჩვენგანს სავსე აქვს მეხსიერების არქივი, სადაც ფერად და მრუმე ამბებად დალაგებულან წარსულის და აწმყოს თვეები, დღეები, წუთები… ზოგს კი, მიუხედავად იმისა, რომ მკითხველი ჰქვია, ამ „არქივის“ კარი მჭიდროდ ჩაუკეტავს და დაუნანებლად შლის ყველა მოვლენას, მნიშვნელოვანს თუ უმნიშვნელოს. ასეთებისთვის, ალბათ, მხოლოდ ერთი დრო არსებობს – „მომავალი“, რომელსაც მისდევენ და სანამ მისწვდებიან, ის უკვე აწმყოდ და წარსულად იქცევა. ვერ ვიტყვი – ადამიანები, ცარიელები რომ დადიან, უსულგულონი არიან… ისინი, მუდამ, გაუმჟღავნებლად დაატარებენ ამ სიცარიელის გაუცნობიერებელ სევდას… სისავსის და სიცარიელის სევდა კი იმით განსხვავდება ერთმანეთისგან, რომ პირველი აზრის შემცველია, მეორე – უსაშველო ამაოების. ეს ზედაპირულობის შეგრძნების ამაოებაა, როცა სიღრმე თვალწინ გაქვს, ხედავ კიდეც, მაგრამ შენი მზერა ყველაფერს ისხლეტს და აზრი და გამოსახულება ერთ წერტილში იყინება…
ცხოვრების ნამდვილი პერსონაჟები ისინი არიან, ვინც ამჩნევენ საკუთარ თავსაც და სხვებსაც, როგორც ფირზე, ისე აღბეჭდავენ სახეებს, ქმედებებს, სიტყვებს და აკვირდებიან – ფერადია ეს შთაბეჭდილებები თუ ბუნდოვანი, უინტერესო თუ ფიქრში ჩასატოვებელი – მოთხრობასავით, ლექსივით, რომანივით…

…მე ასე ვკითხულობ ცხოვრების წიგნს და ისიც, ხან, რა ეპიზოდში გადამაგდებს, ხან – რა. ზოგჯერ, საინტერესოზე საინტერესო პორტრეტების წინაშე აღმოვჩნდები ხოლმე და მერე დიდხანს მიდგას თვალწინ ნანახი… აი, თამრიკო, მაგალითად, ბოსტნეულის გამყიდველი, სევდას რომ გაუმხნევებია, თურმე, მე კი, ერთი, ჩვეულებრივი, ფულის მოგებაზე გადარეული ვაჭარი მეგონა. ის მაღალი და საკმაოდ ზორბაა, სწრაფად ლაპარაკობს, სწრაფად მოძრაობს, ცდილობს წამებში მოემსახუროს მყიდველს, თითქოს, სადღაც ეჩქარებოდეს, თითქოს, აწმყოს ამ მონაკვეთის ერთი ხელის მოსმით მოცილება სურდეს. პირველი შთაბეჭდილებით, მეგონა, ქმარ-შვილდასეული ქალი ძალისხმევას არ იშურებდა საკუთარი ოჯახის ყოფა უკეთესი გაეხადა და ასე იმიტომ ირჯებოდა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, ვცდებოდი.

თამრიკოს მაღაზია ჩვეულებრივ „გარაჟშია“ მოწყობილი – ერთ მხარეს ფიცრებით შეკოწიწებული თაროებია კედელზე მიჭედებული – მწნილის ბანკებით, ნიგვზით, მჭადის ფქვილით, წითელი წიწაკის ასხმებით და ამგვარი რამე-რუმეებით დახუნძლული, მეორე მხარეს კი ხილით და ბოსტნეულით სავსე ყუთებია ჩამწკრივებული. აქვე დგას პატარა მაგიდა, სადაც თამრიკოს მთელი სამყარო ეტევა, თუ არ ჩავთვლით მომცრო სასწორს და ყურადღებას უფრო აქეთ-იქით მიმოფანტულ გაზეთებზე გავამახვილებთ, და, რა თქმა უნდა – იქვე „მომლოდინე“ სათვალეზეც… როცა პატარა სარკმლიდან სამყაროს მეუთვალავედი მოჩანს, შენ მაინც უსაზღვრობის წინაშე შეიძლება იყო, მიუხედავად დიდი სურვილისა – დარჩე ამ მეუთვალავედ სივრცეში, მზერა შეაჩერო მხოლოდ მოპირდაპირე სახლის სახურავზე, სადაც ყვავები ოჯახურ თათბირს მართავენ და იფიქრო მათზე – „რა აძლებინებთ ამ ყინვაში?!“… ყველაფერში ხომ უფრო მეტი კითხვის ნიშანია, ვიდრე წერტილი, ან ძახილის ნიშანი, როგრც აღმოჩენა ან აღფრთოვანება, ვიდრე იმპერატივი(!)…

ხშირად, „ციხე“ , ამ შემთხვევაში, „გარაჟ-მაღაზია“, ზედმიწევნით პირობითი სახლდებაა, რადგან მასში, ზოგიერთმა, შესაძლებელია, მთელი სამყარო მოიაზროს, ზოგისთვის კი ის წეტილის შინაარსის და სიდიდის ტოლი სივრცე იყოს, მხოლოდ…

დავუბრუნდეთ თამრიკოს… როცა ადამიანი საინტერესოდ მომეჩვენება, როცა მის მოქმედებაში, ვერბალური თუ არავერბალური შტრიხების დინამიკაში რაიმე დეტალი მიბიძგებს ინტერესისკენ, აუცილებლად ვერთვები დიალოგში – არა ვიწრო, ბანალური ცნობისმოყვარეობის გამო, არამედ ტიპაჟის „გახსნის“ მიზნით, – მე ხომ, ამ ცხოვრების დიდი წიგნის, როგორც ვთქვი, მხოლოდ პერსონაჟი კი არა, მკითხველიც ვარ…

– თამრიკო, ხურდა არა მაქვს, შეიძლება, ხვალ მოგიტანო?

– როცა გინდა, გენაცვალე, როცა გინდა!

… თამრიკო არასწორად იგებს ჩემს გულწრფელობას, – თითქოს, ფულის არქონის სიმულირებას ვცდილობდე(ან კი, როგორ უნდა გაეგო დღევანდელ საქართველოში…), მაგრამ ამაზე ვერ დავსვამ მახვილს, აღფრთოვანების მახვილს მისი ნდობისშემცველი, იშვიათი ადამიანური პოზიცია იმსახურებს, რისი შეგრძნებაც ვერასოდეს მტოვებს გულგრილს და დიალოგის გავრცობისკენ მიბიძგებს…

– რა კარგი გოგო ხარ! – ვიღიმები მე(ღიმილნაკლული მომეჩვენა თამრიკო, ძალიან).

– ეეჰ, ჩემო კარგო, როგორ უჭირს ხალხს… ერთ პენსიონერს მიაქვს აქედან პროდუქტი და თვის ბოლოს მთელ თავის პენსიას მე მიტოვებს
(ოოო… ასეთი ფაქტები ჩემზე ძალიან მოქმედებს, დიდხანს მიმყვება და ძალაუნებურად, მაფიქრებს უცნობ ადამიანებზე).

– – შეგეწიოს უფალი! – ვამბობ მე.

– ეჰ, ჩემო კარგო, აგრძელებს თამრიკო, ტიპური ქართველის ლექსიკით და მანერით – განა, მე აქ უნდა ვყოფილიყავი?! რა ვუთხარი ცხოვრებას! გეოლოგი ვარ, პროფესიით და… ეჰ, რა ვუთხარი ცხოვრებას(თან, ცნობილ პიროვნებას ასახელებს – ჯგუფელები ვართ მე და ისო)…
ეს, ბოლო ათწლეულებში, ქართულ მენტალიტეტში მტკიცედ გამჯდარი სტილი ახლაც მეცნო… ადრე, მეგობარი მიყვებოდა ერთ ქალბატონზე, რომელიც თავისი ინტელექტის და ცენზის შეუფერებელ საქმიანობას ეწეოდა და, თან, ხშირხშირად უმეორებდა ყველას – „მეჟდუ პროჩემ, ია ხუდოჟნიცა!“ – ო… დიახ, ასეთია ცხოვრება – ყოველთვის არ გვანებებს ჩვენს ნებას და სადღაც, სხვა მიმართულებით, ნახირს ჩამორჩენილი ძროხებივით მიგვერეკება. აბსოლუტურად ყველა ტაქსის მძღოლიც ხომ(იშვიათი გამონაკლისის გარდა), მის მანქანაში ჩაჯდომისთანავე, იწყებს საუბარს იმაზე, რომ ადრე ინჟინერი, ტექნოლოგი, არქიტექტორი, პედაგოგი იყო და „დაბადებიდან“ არ ზის საჭესთან. ერთი ფაქტიც მახსენდება, ნაცნობის მონაყოლი ქალბატონზე, რომელიც დამლაგებლის სამუშაოს ეძებდა… იშოვიდა და მაშინვე კარგავდა ერთი ფრაზის გამო – „მე ფილოლოგი ვარ“, რომელიც ძალიან „ხმამაღლა“ ისმოდა მისი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის და მტვრის ზიზღით ცმინების ფონზე.

რას ვიზამთ, ჩვენზე ძლიერი დროა, დრო გვიმორჩილებს და, თუ მაინც გავუწევთ წინააღმდეგობას, „ისე გაგვთელავს, როგორც დიდოელი ლეკი ნაბადსა“… და მძღოლობას, დამლაგებლობას და ბოსტნეულის გამყიდველობასაც სანატრელს გახდის.

ჩვენ, ყველას, გვიზიდავს მიწა, პირდაპირი და ირიბი გაგებით, მაგრამ ცა – იშვიათს. არადა, მიწისთვის, თითქოს, სულერთია, ვინ ვართ, რანი ვართ… ცა კი მათთან მიდის და „იხუტებს“, ვისაც გამოარჩევს. მე მიწიერს, ძალიან მინდა ვიყო ცის რჩეული და, რაც უფრო მინდა, მით უფრო ვშორდები მას, რადგან მეტად შევიგრძნობ რეალობას…

ადამიანები ხომ ცხოველებს და ფრინველებს ვგავართ ინსტინქტებით, რეფლექსებით. ჩვენს შორის განმასხვავებელი, მხოლოდ, ჩვენი, მათთან შედარებით, ჭარბი ცნობიერებაა, თუმცა, ამ უპირატესობით იშვიათად ვსარგებლობთ. ვსარგებლობთ, ისევ, ცხოველური სურვილების გამოსახატად და დასაკმაყოფილებლად. რა დასანანია, რომ ძაღლს, ამ ჭკვიან არსებას, არ ძალუძს საუბარი, – ფსიქოლოგების და ბიოლოგების აზრით ხომ მას ყველაფერი ესმის, ის ყველაფერს აღიქვამს და ყველაფერს ჩვენნაირად (იქნებ – უკეთესადაც) განიცდის. ჰოდა, როცა ვერ ვხვდებით ჩვენს მთავარ უპირატესობას ცნობიერების უნარის თვალსაზრისით და ვრჩებით ინსტინქტების ტყვეობაში, ხოლო რეფლექსები გვაწამებს, ცა არ გვწირავს და გვკარნახობს – მაგალითად, ბახის, ან თუნდაც, ჯაზის ბგერები წავიყოლოთ სახლიდან, რომ შეგვეშველოს გზის გავლაში, მდინარის ნაპირას გადადგმული ნაბიჯების ზომიერებაში და ყვავილზე აფარფატებული პეპლებით აღფრთოვანებაში. პეპელასავით დაფრინავს ჩვენი მზერაც და, განა, ვინმეს სურს შეაჩეროს ის?!

მზერა ტევადია, იმ საწყაულთაგანია, არასოდეს რომ არ ივსება, არასოდეს რომ არ იცლება… მხოლოდ ხანდახან იღლება და, მაშინ ერთ წერტილიში მოჩანს ყველაფერი, ყველა… ამ ერთ წერტილს სიყვარულიც შეიძლება დავარქვათ, საიდანაც აღარ გინდა წასვლა… სიყვარული, თვითონ, ძალიან უცნაური და უცხო ფაქტი – მოვლენაა, ყოველთვის, ყოველ ჯერზე… სიყვარული ადამიანებისთვის, ალბათ, შეცდომით არის ნაბოძები, რადგან არ მეგულება ვინმე, ვინც სათანადოდ ჩასწვდა ამ სასწაულის არსს და ღირსეულად, შესაფერისად მოიხდინა ის, როგორც ძვირფასი სამკაული. სამკაულის ტარებასაც ხომ ცოდნა უნდა, ჰოდა, სიყვარულიც, თურმე, ყველას „არ უხდება“ – ყველასა არა აქვს, თურმე, მისი შესაფერისი შინაარსი, თემა, როგორც პიროვნულობის გამოხატულება, გრძნობების აალების და ზომიერი თავდავიწყების უნარი. სიყვარული არ ნიშნავს ადამიანური საზღვრების რღვევას, სწორედ, ამ საზღვრებშია შთამბეჭდავი მისი უსაზღვრობა – ხმაურის გარეშე, მეტყველების გარეშე. სხვათაშორის, მე, მეტყველებას მხოლოდ ინფორმაციის გაცვლის საშუალებად ვთვლი, აუცილებლობად მხოლოდ ამ დანიშნულებისთვის, სხვა დანარჩენ შემთხვევაში კი, სრულიად ზედმეტი მგონია ის.

ასე მიაჩნიათ, ალბათ, იმ ადამიანებსაც, ვინც იშვიათად მეტყველებს, ცოტას ლაპარაკობს. თუმცა, ჩვენ, მიუხედავად იმისა, რომ სამოთხიდან განდევნის ერთი საერთო სევდის მატარებელნი ვართ, ძალიან განვსხვავდებით ერთმანეთისგან – მე რაზეც სიამოვნებით ვისაუბრებ, იმ თემაზე სხვას, შეიძლება, არც კი მოუნდეს ხმის ამოღება. ან, ორ ადამიანს ძალიან აღელვებდეს ერთი და იგივე საკითხი, მაგრამ ერთმა ბევრი ილაპარაკოს, მეორემ კი სიჩუმით გაამჟღავნოს სათქმელი. სიჩუმე ბევრის გამომხატველია, სიჩუმე ყოველთვის აზრის არქონას არ ნიშნავს, ის ყოველთვის არ ჰგავს ცარიელ ფურცელს ან წაშლილ ჩანაწერს… მაგალითად, ძველი, დაგეროტიპული გამოსახულებები… დრომ ხომ ძალისხმევა არ დაიშურა, რომ თავისი ხელწერა დაეტოვევებინა მათზე, გაექრო აზრი, მაგრამ ვერაფრით მოახერხა ეს. ვერ მოახერხა მასზე გამოსახულ ადამიანთა მზერის ამოშლა, სულის „ბგერების“ ჩახშობა, ისევ ისე, ძველებურად, „ხმამაღლა“ რომ აღწევს ჩვენამდე.

მეტყველების უნარი და, სურვილიც, საინტერესო მიზიდულობას მუდმივად ქმნის, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ის, ხანდახან, ვერ აჭარბებს ამ თვალსაზრისით უუნაროთა სათქმელს, მაგალითად, ძაღლის თვალების სათქმელს… არ ვიცი, იქნებ, გულისაც!.. როგორც ვთქვი, მეცნიერთა მტკიცებით, ეს ცხოველი, თავისი გრძნობის და განცდის სიმძაფრით, ადამიანს არ ჩამოუვარდება.

საოცარია თვითონ, მეტყველების პროცესიც, ანუ – მისი აწმყო, რომელიც წარსულიდან მოედინება და მომავალში გადადის. ის ხან ტოვებს კვალს – განწყობას, აზრის ცვლილების სახით, ხან, ისე ქრება, უკვალოდ, თითქოს, „ფეხიც არ დაედგას“ ჩვენს შორი-ახლოს…

მეტყველება, მხოლოდდამხოლოდ, შედეგით არის გამართლებული, როგორც ყვავილის ღიმილიანი მოვლინება – ნაყოფით.

ძნელია, ბოლომდე ამოიცნო ადამიანი… შენ გაქვს ისეთი წარმოდგენა, თითქოს, ვიღაც მარტივად კეთილია, არადა, რა “რთულად კეთილი” ყოფილა. როცა, ბოლოსდაბოლოს, მიამიტური აზრი დაგტოვებს, რეალობა თვალებში შეგაჩეჩებს ყალბ ღიმილს, ჟესტს, მოქმედებას, თითქოს, ორმოს სახურავი ახადესო, უცებ, აღმოაჩენ სიბნელის სიღრმეს… განა, ვინმეს შეუძლია გაზომოს მისი სივრცელე?! – სინათლისგან განსხვავებით ხომ, ყველა სიბნელე ღრმაა და უფსკერო.
საერთოდ, რეალობა ძალიან ჰგავს ბნელ ორმოს, მიუხედავად იმისა, რომ რეალობა ჰქვია. ხილული უფრო ის არის, რაც მის მიღმაა, ანუ, „სინამდვილის“ სინამდვილე. მითუმეტეს, თუ ფონის მინიშნებაც გოწყობს ხელს – თუ სიტყვით წაბილწული კონტექსტი მიმართულების მაჩვენებელივით გიიოლებს დასკვნას – რა არის ჭეშმარიტი და რა არა… დღეს ხომ მთელი საქართველო ღიმილით იგინება, განურჩვლად რანგისა და განათლებისა. თითქოს, ამ უცხო გენმა ერთბაშად გაიდგა ფესვი ყველა ქართველში და ფითრივით მოედო ადამიანის სულს, გულს, ტვინს… იგინება საქართველო! ასეა – დღეს სიამოვნებას უნდა გგვრიდეს ის, რაც ადრე ხასიათს გიფუჭებდა. მაგრამ მე ძველმოდური ვარ და მაინც პირიქით მემართება, მეცვლება განწყობა – ისეთი განცდა მეუფლება, თითქოს ქვეყნის დასალიერს მივადექი.

ვთქვი – როცა სინათლეში სიბნელეს წააწყდები, თავი ორმოში გგონიაო… ასეა ახლაც… რეალურად კი, გადასასვლელზე გადავდივარ, უჩვეულოდ ფართო გადასასვლელზე, რომელიც თუ არ გადაირბინე, ვერ გადაასწრებ. ეს დრო, სანამ წითელი ანთია, მართალია, შენ გეკუთვნის, მაგრამ მანქანები მაინც ასიგნალებენ, ჰოდა, მეც გადავრბივარ და მივიყოლებ ფიქრებს, დილიდანვე რომ დამეზვინა მხრებზე. მეორე ნაპირის იმედი ხომ სულ არსებობს, მაგრამ ეს ახლა არ მახსენდება, არადა, მელოდება, თურმე, პატარა მწვანე მოლის სახით, გულზე ბაბუაწვერებაღაღანებული… ეს ხომ ნისლში მზის გაბრწყინებას უდრის – ამდენი ბაბუაწვერა ერთად! და შენ უკვე აღარ გახსოვს დღევანდელი დღე, შენ ახლა მარადიულ დღეში ინაცვლებ, სადაც უამრავი შინაარსიანი განცდა-მოგონება აგრძელებს არსებობას. ნუთუ, შეუძლია ბაბუაწვერას (მერე გიკვირს) თავისი სინაზით ასე ძლიერად გაგრძნობინოს სიხარული, ორი წამის წინ დავიწყებული რომ გქონდა?!.

და, მღელვარედ დუმხარ.

იმზირები საკუთარ თავში, როგორც სახლში, სადაც უწესრიგობა წესრიგად იქცა, სადაც გაიხსნა დაგმანული დარაბა, მზემ შემოიხედა, სხივი კატასავით მოკალათდა ფანჯრის რაფაზე და სიმყუდროვეს შეერწყა… მე ვიყურები ჩემს თავში და ვეძებ დედის ნახატებს – უნაზეს ბაბუაწვერებს… და უმალ ვგრძნობ შეშის ღუმლის სითბოს, ვხედავ დედაჩემის უძვირფასეს ხელებს, სკოლიდან დაბრუნებულს გაყინულ ლოყებზე რომ მეხებოდნენ ისე, თითქოს, უებარ მალამოს მისვამდნენ… ეს არ იყო მხოლოდ სითბოს შეგრძნება, ეს იყო სიყვარულის კოსმიური უსაზღვრობით გადმოდინება წამის უსასრულობაში. ასეთი შეხება ერთადერთია და ეს მხოლოდ დედებს შეუძლიათ.

როგორ ვუყვარდი დედას? – ისე, რომ ახლაც ღრუბელივით ვარ გაჟღენთილი ამ სიყვარულით, ახლაც თვალწინ მიდგას მისი თვალები, ისეთი, როგორსაც სხვაგან ვერსად, ვერასოდეს ვნახავ. ჰო, ბაბუაწვერები, ამ შუა ქალაქში, შვებასავით შემეფეთნენ… დედა, როცა საქმეს მორჩებოდა, შუაღამეც რომ ყოფილიყო, ჯდებოდა მაგიდასთან და წერდა ან ხატავდა… გვიან მივხვდი, ეს სწორედ ის იყო, რაც მე და მას გვშველოდა, რაც გადაგვარჩენდა ცხოვრების ამაოების შეგრძნების მძაფრი წუთებისგან. ამას, ალბათ, ყველა ვერ გაიგებს. და ვინც გაიგებს, ის ადამიანები არიან, ვისგამოც ცხოვრებას ფასი ედება. ვისგამოც შეიძლება ირწმუნო ცხოვრების ის მხარე, სადაც სიკეთე და გულის სიმარტივეა, სადაც შეგიძლია შურის და ბოროტების ეკალ-ბარდებიდან გადაინაცვლო, რომ ამოისუნთქო, რომ მოასულიერო და შემოაბრუნო სადღაც გაქცეული საკუთარი თავი.

არის წუთები, როცა გინდა მხოლოდ სიმშვიდეს განიცდიდე და ვეღარ გპოულობდეს ვერც მღელვარე სიყვარულის, ვერც ეჭვის, მოლოდინის, იმედგაცრუების, ვერც გაოცების, აღფრთოვანების შეგრძნება და სურვილი. გინდა, იყო ნულოვან მდგომარეობაში, ოღონდ, არა წრეწირის ფორმით, არამედ გეომეტრიული უსასრულობის… მაგრამ ამგვარი სიმშვიდე მხოლოდ წამების განმავლობაში თუ მიიღწევა – შეიძლება, წამით, დაგავიწყდეს სამსახურში ისარივით ნასროლი მზერა და თავი გაგახსენოს მეთევზემ, მტკვრის ნაპირას ჩუმად რომ ჩაუარე და ბევრი რამ „ჰკითხე“, რადგან მოგეჩვენა, რომ ის აქ ანკესს კი არა, ფიქრებს ისვრის მტკვარში, რომ ის აქ თევზის კი არა, იმედის დასაჭერად მოვიდა. რომ ის, სწორედ აქ, ამ ადგილას აღსდგა სიტყვებში დამარხული – დრო იხელთა საკუთარ თავთან საუბრისთვის.

…მე კი, აი, ახლა, სულში „ისარნასროლს“, შემიძლია ბაბუაწვერებსაც ველაპარაკო ამ „ტრიალ“ ქალაქში… მე ჩუმად ვარ და ისინიც, მაგრამ „ვსაუბრობ“ ისე, როგორც არცერთ ადამიანთან, ჩემს ცხოვრებაში.

საოცარი ისიც არის, რომ ხან, დრო იყინება, სივრცე კი მოძრაობს… მივდივარ სადღაც და ტრანსპორტიდან ვხედავ, როგორ გაგვირბიან ხეები ადამიანებს, თითქოს, ზამთრისგან გაშიშვლებულ ტოტებში გამოჩენილი ბუდეები უნდათ გადაარჩინონ ჩვენგან, ყველაზე მავნებელი არსებებისგან. მხოლოდ ხეები კი არა, მთლიანად ქუჩა მიჰქრის და მიაქანებს ხეებს, ბუდეებს და ბაბუაწვერებს.

მერე, მე ვწერ და საკუთარ თავს ვუსვამ კითხვას ამ ყველაფერზე – „რატომ?“… დიახ, ვწერ და ისე ვეკითხები, რადგან დაწერილი უფრო ნამდვილად გეჩვენება, ვიდრე ნათქვამი, დაწერილი სხვა დამაჯერებლობას იძენს, ზრდის სარწმუნოობის კოეფიციენტს, – ხანდახან, უტოპიურ უსასრულობამდეც კი… თან, ალბათ, ვერასოდეს ვისაუბრებ ჩემნაირთან პირისპირ, რადგან სულ განსხვავებულობას ვეძებ – აზრში, მზერაში, სტილში, ფორმაში, შინაარსში… და, კიდევ – ისე მხიბლავს ფურცელი და კალამი, ყავას მათი თანხლებით, ისე სიამოვნებით მივირთმევ, თითქოს, საყვარელ ადამიანებთან ერთად მივირთმევდე… ეს, რა თქმა უნდა, არ არის სიყვარული კლასიკური გაგებით, მაგრამ მაინც მაჟრჟოლებს, ლამის, მაჟრჟოლებს…

როგორც ვთქვი, ხან, დრო ჩერდება და სივრცე მიჰქრის, ხან კი – ორივე ერთად და, ეს უკვე სულის წუხილია…

მე ახლაც მიტევს ჩივილების ტრიადა – მონატრება, შიმშილი და წვიმის მოტანილი სევდა. ოთახში ხალხია და ისინი და მე ვართ სხვადასხვაგან. ოცდამეერთე საუკუნეს სამი განზომილება აქვს – ილუზიად ქცეული რეალობა, რეალობად ქცეული ილუზია და მტანჯველი ფიქრის არე – „რატომ?“ და „რისთვის?“ – კითხვების შემცველი. ჩვენ, ადამიანები, უმეტესად, გაქცევით ვცდილობთ ერთმანეთთან დაახლოებას. ან, იქნებ, არც ვცდილობთ, იქნებ, უბრალოდ სურვილი გვაქვს ამის? ანდა, იქნებ, არც გვაქვს ეს სურვილი?!. ჩვენ ხომ არაფერი ვიცით, მაინც, ყველაფრის ცოდნის ფონზე და ისე ვუცვლით ადგილს ცხოვრების კანონზომიერებებს, თითქოს, უმნიშვნელო იყოს „ჰოს“ ნაცვლად „არას“ თქმა, ანდა, პირიქით.

სხვადასხვა დროს სხვადასხვა ლოგიკა აქვს, რაც, თავისთავად, ეპოქის აზრსაც ცვლის, ცვლის, საერთოდ, ცხოვრების მთავარ სათქმელს. აზრი კი, რასაც მიზნამდე მივყავართ, შეიძლება იყოს მდაბიური ან ამაღლებული, იმის მიხედვით, თუ ვისია ის. როცა ამაღლებულად მოაზროვნე ადამიანები გადასწონიან რაოდენობით მდაბიური სულის ადამიანებს, მაშინ გაბრწყინდება მომავალი. არ არის დამამშვიდებელი ის, რომ ჭაობიდან ლოტოსიც იზრდება, ლოტოსი მაინც ჭაობის ყვავილია და ფესვი სიბინძურეში აქვს გადგმული. ჩემი აზრით, ეს არის სწორედ მოჩვენებითი სინამდვილე, მოჩვენებითი სილამაზე… თვითონ სიტყვა – „სილამაზე“, ხშირად, მცდარად გვესმის და ზედაპირულად, შინაარსის გაუთვალისწინებლად ვადასტურებთ მას.

როდის აივსებიან ღირებულებები ჭეშმარიტი მნიშვნელობით, რომ სამყარო იყოს სრულყოფილთან მიახლოებული?! ახლა ხომ ყველაფერი, თითქმის ყველაფერი პირობითია და ამიტომ, რაც უნდა მცხუნვარე იყოს დღე, გული, შეიძლება, მაინც გაყინული გქონდეს ეჭვისგან – “არის, მართლა, ის, რასაც ვხედავთ, თუ არ არის?!”…

ზოგჯერ, ისე, როგორც ბუნაგში, იკეტები განმარტოებაში და იმარაგებ ფიქრს წარსულზე, უკვე ჩავლილ ყოველდღიურობაზე. რამდენი რამ ხდება ჩვეულებრივ, უფერულ ცხოვრებაშიც, სადაც, ერთი შეხედვით, არაფერი ხდება. უბრალოდ, შენ, ადამიანი, ან შენ არა, სხვა, გონების თვალს ხუჭავს და ვერაფერს ამჩნევს… მაგრამ მუდამ რჩება ვიღაც, ვინც სახლიდან ტრანსპორტის გაჩერებამდე ნაბიჯებს ითვლის, ვინც ხედავს, რომ მოპირდაპირე სახლში არასოდეს, თითქმის არასოდეს ბნელდება ფანჯარა, ვისაც არასოდეს ეპარება თვალთახედვიდან, რომ ერთმანეთის გვერდით მდგომი ხეები ერთნაირად არ მწვანდებიან. ვინც იცის, რომ აქ არასდროს გაუკეთებია ბუდე მერცხალს და ახლა, ნისკარტში ტალახით და გულისცემით, სადარბაზოს შესასვლელთან ჩამომჯდარა… ალბათ, მერცხალმა ყველაზე უკეთ იცის, სად შევიდეს და სად არ შევიდეს, დარჩეს იქ, თუ არ დარჩეს.

…იკეტები განმარტოებაში და ზოგჯერ, ისე დაჟინებით „გიკაკუნებს“ ვიღაც, თიტქოს, მისი ადგილი დაიკავე. სამყარო არასოდეს გტოვებს შენს თავთან მარტო, ამისთვის, ხან, „კაკუნიც“ არ არის აუცილებელი, შეიძლება, უბრალოდ, თვალი მოჰკრა ვინმეს, რამეს(მზერა ხომ სულ სადღაც გვეპარება) და უკვე შორს აღმოჩნდე საკუთარი „მესგან“. კონტაქტი გარე სამყაროსთან ნიშნავს საკუთრი თავიდან გადასახლებას, რომ ისევ, მთელი ძალით მოგინდეს უკან დაბრუნება.
ალბათ, ამისთვის არსებობს ის – გარე სამყარო.

…ადამიანი ქარს ჰგავს, სიმყუდროვიდან გამოტყუებულს… ქარიც, ალბათ, იმიტომ ბობოქრობს, რომ არ უნდოდა გამოსვლა და რაღაცამ მოსტაცა თვალი – იქნებ, საგნების აუტანელმა წესრიგმა, სადაც იკარგება აზრი და შთაინთქმება შინაარსი. და ისინიც, საგნები, აღარ ასრულებენ დამაკავშირებელ როლს ადამიანებს შორის, არც ქარსა და სამყაროს შორის, რაც მოწესრიგებულობას უფრო ქმნის, ვიდრე უწესრიგობას. ძნელია ჭეშმარიტების ამოკითხვა ნებისმიერი კონტექსტიდან, მითუმეტეს, მაშინ, როცა ის ამბივალენტობით არის გაჟღენთილი.

სევდის მიზეზი, უმეტესად, შემოქმედებითობის არარსებობაში ან მის უკმარობა – ნაკლულობაშია… სიცოცხლე ხომ შემოქმედებიდან დაიწყო, ღვთიური შემოქმედებიდან. ამიტომაც არის ჩვენი არსებობის ამოსავალი წერტილი ქმნადობა, თხზვა, სიცოცხლის მინიჭება ვინმესთვის, რამესთვის. ყველაფერი ამ ღვთიურ მოვლენას ეფუძნება. წარმოიდგინეთ, არსებობს ფინანსური შემოქმედებაც კი… ასეც უთქვამთ – „პოეზია, როგორც პოლიტიკა და პოლიტიკა, როგორც პოეზიაო“…
დიახ, პოლიტიკა პუბლიცისტური პოეზიაა, ქვეტექსტებით სავსე, პოეზია კი მხატვრული სახეებით გამოხატული რეალობის კონტექსტი. ხდება ისეც, რომ ხან, პოეზია, იდეალიზებული ხატებით და მეტაფორებით, უფრო ასახავს სინამდვილეს, ვიდრე პოლიტიკური ნარატივი და აი, მაშინ, ის არ არის ქმნილება, ე.ი., არც შემოქმედება.

შემოქმედება წარმოიშვება დანაწევრებულ სამყაროში, დანაწევრებულ სულში, მუდმივი ძებნის და მოლოდინის წიაღში, იმედის და უიმედობის განცდაში.

…როცა სიტყვა, როგორც ღმერთი, არ ჩანს, შენ ეძებ მას დუმილში, რომ „გაიგო“, „მიხვდე“, „ჩასწვდე“, მაგრამ თუ ისიც, დუმილიც, უტყვია, ვერაფერს გაიგებ. არადა, მისი არსებობა აუცილებელია მთლიანობის ილუზიისთვის მაინც, რომ მერე ისევ, დანაწევრებულმა სულად და ხორცად, ან მრავალ ანტი და პრო – სულად, გააგრძელო ქმნადობა, შექმნა შენი ძიების სახე, რაც, მაინც, სულერთია, არასოდეს იქნება სრულყოფილი, რადგან სრულყოფილება მოუხელთებელია, რადგან სრულყოფილება მხოლოდ ძიებაშია…

მაშინ, როცა სიტყვა „ხელისგულზეა“, კომპასივით გიჩვენებს აზრის მიმართულებას, გატარებს აზრის “ლანდშაფტებში”, გადაგატარებს საზღვრებს… მაგრამ თუ ის წარმოთქმისთანავე მთავრდება, მთავრდება აზრის სამყაროც. და, ეს ყველაზე დიდი საშინელებაა, ეს სიტყვაში ჩაკეტილობაა, იქ ბოლთის ცემაა… ეს სიტყვებში დამარხულობაზე უარესია – როცა შენ აღარ ხარ შენ, არამედ ხარ სხვა, თანაც – მრავალი სხვა.

სიტყვა უსაზღვრობაც არის და მკაცრი საზღვარიც – ზოგი მათგანი მაშინვე აგაფრენს ზეცამდე, ზოგი კი ლოდზე დაგცემს და ნაბიჯს აღარ გადაგადგმევინებს. დიდია მისი ძალა, ისევე, როგორც ღმერთის ძალა. ამიტომ უგებს ძეგლს ყველა ადამიანი სიტყვას, ამეტყველებისთანავე, რა თქმა უნდა, თითოეული თავისებურად. ზგი სიტყვა რჩება სამუდამოდ, როგორც შთამბეჭდავი მონუმენტი, ზოგი დაბადებისთანავე კვდება.

სიტყვები ოქროს თევზებივით „არიან“, ან – უბრალოდ, თევზებივით… გააჩნია, სათქმელს. მაგრამ ისინი ყოველთვის არ მიჰყვებიან აზრის ნაკადს, მითუმეტეს, თუ აზრიც არ არსებობს. აი, მაგალითად, ხარ წვეულებაზე, ლაპარაკობენ სუფრის წევრები, ამბობენ სადღეგრძელოებს, მაგრამ არაფერი გესმის… რა ხდება? რა და, შენი შინაგანი სიტყვა არ ემთხვევა მათსას და ის თევზივით იმალება „ქვის ქვეშ“, დუმილის მიღმა… შენ ეძებ მას, რომ ზრდილობის გამო უპასუხო სინამდვილის უაზრობას, მაგრამ ვერ პოულობ, რადგან სათქმელში არ ჩანს აზრი, რომელიც აყალიბებს მეტყველებას. და, ვერავინ ხვდება, შენი შინაგანი სიტყვის სიჯიუტეს, სიუცხოვით და უაზრობით დამფრთხალი დუმილს რომ შეჰფარებია და მთელი ძალით გეწინააღმდეგება, იპოვო ლოგიკა ალოგიკურ კონტექსტში. ასე ემსგავსება სინამდვილე საშინელ ზღაპარს – ცდილობ, გამოიგონო გულწრფელობა, გამოიგონო ინტერესი, გამოიგონო „მათთან ყოფნა“ და… ეს ამაზრზენია. ამაზრზენია, რეალობის ამსახველი ზღაპრები… ნამდვილ ზღაპრებში არსებული რეალობა ამაზრზენია.

მაგრამ, ცხოვრება, უმეტესად, გაიძულებს , იარო მის ჭკუაზე, სხვა შემთხვევაში, ჰაერში გამოკიდებულს ემსგავსები. მხოლოდ არსებობაც კი, რაღაცაზე ჩაჭიდებას ნიშნავს, რაღაც იმედზე, როგორც დედის კაბის კალთაზე ან აზრზე, სადაც გეგულება სხივის თუნდაც მეათასედი და, ფიქრობ, რომ იმ კონკრეტული იმედის თუ რწმენის შესაცნობად ღირდა ამ ქვეყნად მოსვლა. ამის შესახებ არც არავის უკითხავს ჩვენთვის, უბრალოდ, ღმერთმა ჩათვალა ასე. ყოველი ჩვენგანი ხომ მისი ერთი სიტყვაა, მეორისგან განსხვავებული მნიშვნელობის მატარებელი. ყოველი ადამიანის სახე რაღაცას გამოხატავს – სიკეთეს, ბოროტებას, გაოცებას, ან არაფრით გაოცებას, შეძახილს ან სიჩუმეს, წერტილს – თვითდარწმუნებას ან მუდმივ კითხვის ნიშანს.

კითხვის ნიშანს მრავალწერტილი ეცილება მნიშვნელობაში. საერთოდ, ყველაფერი ხომ მარადიულ, საკუთარ არსს ეძებს. ადამიანს სულ ჰგონია, რომ დრო, გახვრეტილ კასრში ჩასხმული წყალივით, მუდმივად ეპარება, რაც უნდა, საქმის ნაკადი ჰქონდეს მასში მიშვებული. ის არის კიდეც და სადღაც ქრება კიდეც… მისი არსებობა, ამავე დროს არარსებობას ნიშნავს. მოკლედ, ადამიანს არ ჰყოფნის დრო არაფრისთვის, რაც მის არსს სრულჰყოფს. ამიტომ, პირობითია ყველანაირი სილამაზე მიწიერთათვის და ზედმეტია ეპითეტი „იდეალური“ . განსხვავება განცდაშია – გახსოვს თუ არ გახსოვს ეს დაწერილი კანონივით მკაცრი წარმავლობა, გაწუხებს თუ არა წესივით ჩამოყალიბებული მუდმივი სიცარიელე – შეგრძნება, რომ მთელი კი არა, ნახევარი ან მესამედი ხარ… შეგუებული ხარ თუ არა იმას, რომ სამი მესამედი ვერასდროს იქნება ჩვეულებრივი მოკვდავი, რაც უნდა მძაფრი იყოს ღმერთსმიმსგავსებულობის სურვილი.
ამ მოკლე ცხოვრებაში, ზოგისთვის, ხან, ხანგრძლივია ყრუ არსებობა… გინდაც, მცირე დროით შემოიფარგლებოდეს ეს სიყრუე, ის მაინც გაწელილია მოთმინების თუ მოუთმენლობის აბსტრაქციაში და ადამიანის არსებობის მანძილზე, როგორც ფერწერული კლასიკა, მუდმივად რჩება მისი მეხსიერების „კედელზე“ – ან ერთ მთლიან კომპოზიციად, ან, ფრაგმენტების სახით, დანაწევრებული. მაგალითისთვის, შემიძლია გავიხსენო ლამარა დეიდას ამბავი, ერთი უბრალო „მეჯიხურე“ მოხუცის, რომელიც მთელ პროდუქტს ნისიად არიგებდა, ზოგს სჩუქნიდა კიდეც და ასე „ენთო“ ის ჩაბნელებულ უბანში, ვარსკვლავივით… ლამარა დეიდა, თითქოს, სულ იყო და უსასრულო გახდა დროში.

საშინელება იქნებოდა ცარიელი წარსული. ის ხომ, რაც დრო გადის, სულერთია. ან, ჩვენ ვცდილობთ, ვაქციოთ „სულერთიად“ ყველაფერი, „მაშინდელი“. არადა, იმ ამბების ასხმა სულიერ სარჩოსავით აუცილებლად უნდა ეკიდოს ხსოვნის რომელიმე კუნჭულში და როცა ფეშენებლური და გაპრანჭული აწმყო დახრჩობამდე აუტანელი გახდება თავისი ყელამდე სავსე სიყალბეებით, მიბრუნდე უკან და „მოაწყვიტო“ ერთი ან რამდენიმე მოგონება იმ “ასხმას” და, ეს ტკბილი თუ მწარე გემო სიამოვნების ორთქლში გაატარო, შეგრძნებად სურნელად აქციო.

საშველ(ებ)ი სჭირდება ადამიანს, არ ვიცი, სხვა სულიერ არსებებში რა ჰქვია ამ აუცილებლობას, ან, არის თუ არა ამის მოთხოვნილება, საერთოდ, მათში, ჩვენ რომ უსულოებს ვეძახით – ყვავილებში… ხეებში… ბალახებში… ალბათ, ვერასოდეს გავიგებთ, რატომ ჭკნებიან, რატომ ხმებიან, რატომ იწყენენ, თუ არ დაიბადა, კიდევ ერთხელ, ვაჟა – ფშაველა. მე, უბრალოდ, შემიძლია ვარაუდი გამოვთქვა, რომ ისინი ჩვენგან მხოლოდ მეტყველების უნარით განსხვავდებიან.
უცნაური შეგრძნებები აქვს ადამიანს – აბსოლუტურ სიცარიელეშიც შეიძლება იყოს სავსე სულის იდეალურ ნაპირამდე.

თუმცა, საგნები, მცენარეები უფრო ემპათიურები არიან, ვიდრე ადამიანები – ისე გიხმობენ თავისთან სალაპარაკოდ, როგორც ეს არცერთ ჩვენგანს ძალუძს…
ყოველდღე მიხდება მტკვარზე გადებულ ხიდზე გავლა და ისე არ „გამატარებენ“ მცენარეები, რომ არ „გამესაუბრონ“ და სახლამდე სამყოფი (და, შემდეგისთვისაც) ფიქრები არ აღძრან ჩემში… მცენარეებს აქ რა უნდა(თ)ო, იკითხავთ… რა ვიცი, მაგალითად, ასკილის ბუჩქი სატრფოს ღალატის გამო ტყიდან გამოპარულს ჰგავს, – თითქოს, მტკვარში უნდოდა გადავარდნა, მაგრამ თეთრი კაბით გამოედო მოაჯირს და ახლა მუდარის თვალებით იყურება აქეთ-იქით… ალბათ, უნდა, რომ შედგნენ ადამიანები, მოუსმინონ… თუმცა, ყველასთან არ სურს საუბარი(დარწმუნებული ვარ – არ სურს), მზერით აჩერებს მხოლოდ მათ, ვისშიც მონათესავე სულს ამოიცნობს – ძალიან ფაქიზს და მგრძნობიარეს.

ბროწეულის ხე რაღამ მოიყვანა აქო, იკითხავს მავანი…

ბროწეულია, სწორედ, ის, ასკილის სატრფო, მოღალატე რომ ეგონათ. სინამდვილეში კი, ფეხი არსად გაუდგამს, იყო ერთ ადგილას და სიყვარულით ენთო. მერე, გაქცეულ ასკილს გაეკიდა და ახლა აქ დარაჯობს… ისევ ძველებურად ანთია, ცდილობს დაელაპარაკოს თეთრკაბიან სატრფოს, აუხსნას, რომ მის გარდა არავინ ჰყვარებია, მაგრამ ის არ უსმენს… იმ დღეს, ხიდზე რომ გამოვიარე, ბროწეულმა ერთი ყვავილი გამომიწოდა და მთხოვა, მე მაინც დამერწმუნებინა ასკილი მის სიყვარულში, მაგრამ… ვიცოდი, ეს დარწმუნების ცდა ყველაფერს წაშლიდა, უმალ დაასრულებდა, სიყვარულს, რადგან სიყვარული თვითონ არის მძაფრი განცდა, ხშირად – ტკივილიანი… ამის არ არსებობის შემთხვევაში, სიყვარულიც აღარ იარსებებს.

…მაზოხისტურია ჩემი როლი ასკილისა და ბროწეულის ურთიერთობაში – მე ვტკბები მათი მწარე მიჯნურობით.

ასე ხდება – ხან, საგნებსა და ადამიანებს შორის, როგორც ვთქვი, უფრო გულითადი კავშირი მყარდება, ვიდრე ადამიანებს შორის.

…შესაძლოა, დიდი აზრობრივი ნახტომია აქამდე დაწერილსა და ამ ახალ ჩანაწერს შორის, მაგრამ მაინც ვხედავ ლოგიკას ასე გაგრძელებაში…

განსაცვიფრებელია ტოტალური ერთნაირობის იარაღი, რადგან ის განსხვავებულობაში მდგომარეობს – გულმოდგინედ და წარმატებით აცალკევებს მარადიულობისთვის განკუთვნილ სიმთელეებს – ეროვნულობას, რწმენას, მორალს და შემდეგ, ეპოქის სახელით შექმნილი კალაპოტით მიმართავს „ოკეანისკენ“, თავში რომ ვახსენე, სწორედ იმ ტოტალური ერთნაირობისკენ.

არადა, ნამდვილ ოკეანეში, სადაც შეუძლებელია ამოიცნო რომელიმე მდინარე, ვეშაპები და კეთილშობილი თევზები, სადაც ყველა ჯურის არსება ერთად ცხოვრობს – უკუდო თუ კუდიანი, მოძალადე თუ მსხვერპლი და არის ერთი ალიაქოთი, მაინც შენარჩუნებულია ბუნების ის კანონზომიერებები, რაც ადამიანებს შორის უკვე თვალსაჩინოდ ირღვევა…

ჩვენ გვინდა „წავიკითხოთ“ სხვა ადამიანები, მაგრამ უფრო საკუთარი თავისკენ ვისწრაფით ამ მიზნით. მე ნამდვილად ასე მემართება… ამიტომ გავერთე ჩემივე თავში ჩაღრმავებით – ვეძებ, ვეძებ, მუდმივად, იქ რაღაცას და არ ვიცი, აღმოვაჩინე თუ არა ის, აქამდე. ამიტომ, ახლა „გამოვიხედავ“ თავიდან და დავუბრუნდები ისევ მონო-ლოგის დასაწყისში ნახსენებ თამრიკოს, რომელიც თავისი ცხოვრებით ნამდვილი ნოველაა, – როგორც უკვე ვთქვი, თამრიკო, მოძრავი და არსებობისთვის მებრძოლი ქალბატონი, სევდას გაუმხნევებია… ეს მასთან შემდგომ საუბრებში გამჟღავნდა – მან, გაუთხოვარმა, მარტოხელამ, შეძლო სასოწარკვეთილების საწინააღმდეგო მხარეს გადაეხვია და, შემდეგ, გამარჯვების ნიშნად, ხანდახან, ყვავილებიც ეძღვნა საკუთარი თავისთვის. იმ დღესაც, ხილ-ბოსტნეულის ყუთებს შორის ჩამდარგარ გაცრეცილ მაგიდაზე, რომლის ნახევარი სასწორს უკავია, მიხაკები ეწყო, ჩვეულებრივ მინის ქილაში. არ უთქვამს, მაგრამ მივხვდი – ახლაც და მუდამ – თამრიკო კი არ გაურბის, არამედ, ყოველდღე ესალმება და იმედის სხივს აგებებს სევდას.

წყარო