Skip to content

უცხო ანარეკლი

ერთ საღამოს ზიხარ სახლში, ხარ იმ ადგილას სადაც გაიზარდე, სადაც ცხოვრების საუკეთესო წლები გაატარე.

ზიხარ და უყურებ ხალხს რომლებიც შენი დაბადებიდან შენთან არიან და საკუთარ თავზე მეტად უყვარხარ.

ჯანმრთელი ხარ.

ამაზე მეტი რა უნდა გინდოდეს ღიმილისათვის, მაგრამ რაღაც გაკლია.

უცბად იწყებ რაღაცის ძებნას.

რისი?

თვითონაც არ იცი…

გგონია , რომ როცა შეხვდები მიხვდები ის არის თუ არა რასაც ეძებდი.

გგონია ის გიშველის.

-ვინ?

-რა?

არ იცი, მაგრამ იცი რომ ვერ იღიმი, იცი რომ დაიკარგე.

საკუთარ თავს ეძებ, მიზანს ეძებ ,ადგილს ეძებ, გაქცევა გინდა.

-ვისგან?

-საკუთარი თავისგან.

– თუ ხალხისგან? ან სახლიდან? შენი ბავშვობისან? სად მირბიხარ? ვის გაურბიხარ?

-არ ვიცი.

-მე ვიცი !

-ძნელია იცოდე რა მინდა, ძნელია იცოდე სად მივდივარ. ყველაფერი რთულადაა როდესაც ცოცხლობ და არა ცხოვრობ.

-მერე იცხოვრე.

– ჰჰჰ, სათქმელად მარტივია.

– შესასრულებლადაც.

აზრს ეძებ და ბოლოს…

იქნებ ოდესმე იპოვო კიდეც.

უცხო ხარ, სარკეში ჩახვედისას სხვას ხედავ. იგივე სახით, იგივე თვალებით, იგივე ხელებით. მაგრამ სხვას.

ცდილობ იპოვო, ცდილობ დაბრუნდე, და როგორ?

ბევრი რამ იცვლება, უცხო არის შენი მოგონებაც, უცხოა ადგილი სადაც გაიზარდე, უცხოა ხალხი რომლებიც ყოველთვის შენს გვერდით არიან.

უცხო ხარ შენ!

საკუთარი თავის დანახვა მიზნად გექცევა, ცდილობ გახდე ვინც იყავი, ცდილობ სარკეში თამამად ჩახედვა შეძლო.

ნუთუ ასე რთულია იმის პოვნა რაც გაგაძლებინებს.

ერთბაშად ბევრ რამეს ეჭიდები, ცდილობ ისეთი იყო ყველას იმედები რომ გაამართლო, ცდილობ რამეს მიაღწიო და ბოლოს…

რა იქნება ბოლოს…

ამდენი დროის ფუჭად გატარება თუ ადგილის პოვნა?

როგორ დამღლელია ყველაფერი, როგორ დამღლელია გაურკვევლობა, ფუჭი იმედები, ილუზიები.
წლები გავა და ისევ ის იქნები ვინც ხარ, ისევ ისეთი მშიშარა, გულქვა, გაუცხოებული და გაურკვეველი.

თურმე ყველაფერი აზრს კარგავს.

ინტრიგა მეფობს, მთელი ცხოვრება ინტიგაა.

აზრდაკარგული არ ნებდები, ინტრიგას მიჰყვები. თოკს ხელიც არ მოკიდე და ძაფს ეჭიდები.
აზარტული არტისტი ხარ.

-მეცოდები.

-ჰჰჰ, არც პირველი ხარ და არც უკანასნელი.

-რატომ დაეცი?

-არ ვიცი, თავიდან მყარად ვიდექი, მაგრამ რისთვის ღირს ცხოვრება? დავფიქრდი და შემდეგ გავუჩინარდი.

-გეშინოდა?

-” ერთადერთი, რისი უნდა გვეშინოდეს-თავად შიშია. სწორედ ეს გრძნობა გვამარცხებს ისე, რომ არც კი ვიწყებთ ჩვენი ოცნებებისკენ სწრაფვას…”

-და შენ?

-მეც.

-და იმედი?

-სადღაც ღვივის, ჰაერი უნდა.

-გთხოვ დაბრუნდი.

-მერე რა იქნება? ყველაფერი თავიდან დაიწყება.

-ხომ ვთქვით ცხოვრება ინტრიგააო.

-დრო?

-ჯერ ერთი წელი, მერე ორი, მერე დათვლასაც არ ექნება აზრი.

-ასე უბრალოდ?

-ალბათ, ასე უბრალოდ.

(სანტას)
—————-

ხატია მარუქაშვილი