მსოფლიო კონფერენცია ლოზანაში რწმენისა და საეკლესიო წყობისათვის
1927 წელს, აგვისტოში ლოზანაში ჩატარდა მსოფლიო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობა მიიღო თითქმის ყველა ეკლესიამ. საქართველოს მართმადიდებლურ ეკლესიას გრიგოლ ფერაძე წარმოადგენდა.
როგორც გრიგოლ ფერაძე წერს, კონფერენციის მთავარი მიზანი იყო: „ გარკვეული თანხმობა რწმენასა და საეკლესიო წყობაში, რითაც გაყოფილ ეკლესიებს შორის კავშირი უნდა აღდგეს; პირველ რიგში კი დასახულ უნდა იქნას სამომავლო გზები, რათა ეს კავშირი შედგეს. ამისათვის კი მოსამზადებელი სამუშაოს ჩატარებაა საჭირო.
ამ მძიმე დავალების შესრულებისათვის ეკლესიების მხრიდან პირველ რიგში კეთილი ნება იყო საჭირო, – გაცნობა და კონტაქტის დამყარება სხვადასხვა ეკლესიურ გაერთიანებათა შორის; საკუთარი შეცდომების აღიარება და მცდელობა მათი გამოსწორებისა, რადგან ჩვენ ყველას ერთი და იგივე მაცხოვარი გვყავს; გვაქვს ერთი და იგივე წმიდა წერილი – ბიბლია, რომელიც, სამწუხაროდ, სხვადასხვა ეკლესიის მიერ სხვადასხვაგვარად განიმარტება, რაც არც თუ უმნიშვნელოა; გვაქვს ერთი და იგივე მიზანი – ამ ცოდვილ მიწაზე ღვთის საუფლო შევქმნათ და მათ, ვინც სიბნელესა და სიკვდილის ჩრდილში იმყოფება, სიხარულის ამბავი ვაუწყოთ.“
გრიგოლ ფერაძის სიტყვა ლოზანის კონფერენციაზე
„ ამ ღრმადპატივცემული მსოფლიო კონფერენციის გამგეობამ ჩემი ეკლესიის ხმის გაგონებაც ისურვა – მადლობას გიძღვნით ჩემი ეკლესიის ძმური სიყვერულისათვის.
ნება მიბოძეთ ვთქვა, – მართალია, არა ჩემი ეკლესიის სახელით, მაგრამ მისი სულიდან და ჩემი ხალხის სულიდან გამომდინარე, – რას ვფიქრობ ქრისტიანთა ერთიანობის შესახებ და როგორ მესახება იქამდე მისასვლელი გზები.
ერთიანობა რაღაც წმიდა და საოცარია, – ის ჩვენი უფლის ბოლო ლოცვაა მამისადმი და ბოლო წინასწარმეტყველებაც, რაც მაშინ აღსრულდება, როცა უფალი ინებებს და საამისოდ შესაბამისი დრო დადგება. მაგრამ ჩვენ მონტანისტურ აპოკალიფსში არ უნდა ველოდეთ ამ საათს, ჩვენ უნდა ვილოცოთ და ვიშრომოთ, რათა იგი მალე დადგეს. მხოლოდ სიყვარულს, დიდსულოვნებას, ძმური მოთმინებისა და ტაქტიანი ანგარიშის გაწევის გზას შეუძლია მიგვიყვანოს იქამდე. სიყვარულით ყველაფრის მიღწევა შეიძლება. მას არ ეშინია წინააღმდეგობების – ის ყველაფერს იტანს და ყველაფერს ადნობს და აქრობს, რაც დასადნობი და გასაქრობია.
ნება მიბოძეთ, მოკლედ მოგახსენოთ: მე, როგორც მართლმადიდებელი ქრისტიანი, ჯერ ჩვენს სემინარიაში ვსწავლობდი – თბილისში, მერე ჩვენმა პატრიარქმა გამომაგზავნა ბერლინში ევანგელისტებთან (ჰარნაკი, დაისმანი და სხვ.) თეოლოგიური განათლებისათვის, მერე გავიცანი კათოლიკური მსოფლმხედველობა ბოლანდისტებთან ბრიუსელში და ლიუვენში და ბოლოს ანგლიკანური ეკლესია ოქსფორდში და ინგლისის სხვა მხარეებში. ყველგან სიყვარული ვპოვე, – იეზუიტებთანაც. „შეიძლება იმიტომ, რომ ბოლანდისტები კარგი იეზუიტები არიან“, როგორც ამას ოქსფორდელი მამა ჰედერი ამბობს ხოლმე. არც ერთ მხარეს არ უცდია, ჩემს ეკლესიას ჩამოვშორებოდი. მე ყველგან პირველ რიგში ვცდილობდი მენახა და მესწავლა ის, რაც ჩემი ეკლესიისათვის მნიშვნელოვანი და სასარგებლო იქნებოდა.
ჩემი თანამემამულეები ძალიან მტკივნეულად განიცდიან, როდესაც სხვა აღმსარებლობის წარმომადგენლები ჩვენს ეკლესიას სამისიონერო ველად სახავენ და ჩვენს ძალებს, რომლებიც სხვა მიზნებისათვის უნდა გამოვიყენოთ, მათი მოგერიებისათვის გვახარჯვინებენ. თუკი ვინმეს ჰგონია, რომ ავადა ვართ, მაცხოვრის ბრძანებისამებრ, ავადმყოფს გამოჯანმრთელებაში დახმარება ჭირდება. ამ მხრივ ჩემთვის სანიმუშოა ჩემი აწ გარდაცვლილი მამობილის, დომეტ. იოანე ლეფსიუსის საქმიანობა.
მეორეც: ღია მისიაში გარკვეული სიცხადე უნდა იქნას შეტანილი, რათა განხეთქილება კიდევ უფრო არ გაიზარდოს.
მე, როგორც მართლმადიდებელმა ქრისტიანმა, უნდა ვაღიარო, რომ მართლმადიდებლური ქრისტიანობის ვალი მაჰმადიანებში მისიონერობაა. ჩვენ, ქართვლებმა, ძალიან ბევრი ტანჯვა გადავიტანეთ მაჰმადიანური ფანატიზმისაგან და 1200 წლის განმავლობაში სისხლით ვიცავდით ჩვენს ეკლესიას.
უფლის ბრძანებაა, მტერს სიყვარულით შევხვდეთ და ბოროტს სიკეთით ვძლიოთ. შესაძლებელია, ამ მოვალეობის აღსრულების გზაზე დასავლეთის ეკლესიებმა იმდენი ვერ გააკეთეს, რამდენიც ჩვენ შევძელით. თუმცა, რასაკვირველია, ამერიკელების პიონერულ მოღვაწეობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ამ სამუშაოში ჩვენი ძალებიც უნდა იქნას გამოყენებული და ჩვენც უნდა დაგვიხმარონ, რათა ჩვენი მოვალეობა შევასრულოთ და საკუთარი მისია ჩამოვაყალიბოთ.
მესამე და უკანასკნელი: მე არ მჯერა, რომ ჩემი ხალხი ახლა ან მოგვიანებით რაიმე დოგმატური გაერთიანების თანახმა იქნება. ჩვენთან ეკლესია ხალხის სულია. იგი ყოველთვის მხარდამხარ მიუძღვებოდა ჩვენს ხალხს. ტანჯვასა და მწუხარებაში მან დაიცვა და გადაარჩინა იგი. ეკლესია ხალხს არსებობის იმედს და რწმენას უნერგავდა და ყველაფერი, რასაც ეკლესია ფლობს და რაც შეიძლება სხვას მცირედ ეჩვენებოდეს, არის ხალხისათვის – ტრადიციით და აღმსარებელთა სისხლით განწმედილი.
მხოლოდ დახმარებისა და უანგარო სიყვარულის გზამ შეიძლება მიგვიყვანოს ერთიანობასთან. ათი წელია, ჩვენს ეკლესიას არა აქვს სემინარია მღვდელმონაზონთა მოსამზადებლად და მას სჭირდება განათლებული სასულიერო პირები ხალხის სულის განსაწმენდად. ჩვენი ეკლესია ნაკლებადაა ცნობილი და ჩვენ გვჭირდება მეგობრები ყველა აღმსარებელთა შორის. ჩვენმა ეკლესიამ ისტორიის მანძილზე თავისი შვილების გმირობის, მარტვილობის, სიყვარულის და განსაცდელის ჟამს მაცხოვრისადმი სასოების საკმაოდ ბევრი მაგალითი აჩვენა და სხვა აღმსარებლობებსაც ასევე ჰმართებთ, ცხადყონ, რომ უანგარო შემწეობასა და სიყვარულში ქრისტიანს ვერავინ აჯობებს.“
მოამზადა ნინო ოთარაშვილმა