– ჩემი და შენი წინაპრები ამ მიწისათვის მუდამ იბრძოდნენ, და თუ არ რაიმე ღირებული, ვინ სულელს მოეპრიანება ერთთავად მოღერებული ხმლის ქვეშ ყოფნა. მიხვდი რაიმეს?
– რა სისხლისღვრაში გადარჩენილან, რამდენ ბრძოლაში, შენ ყოფილ ისტორიკოსს, ჩამოგითვალო შემოსევები? და შენს უშუალო წინაპართაგან ერთი მაინც რომ დაღუპულიყო იმ აურაცხელ, უთვალავ ხიფათში, ნამდვილად არ იქნებოდა ახლა აქ, აი ამ მიწაზე, ამჟამად მშვენიერი ფეხსაცმელებით რომ დგახარ, გამიგე თუ არა, ა, გერასიმე! მაგრამ სულაც არ გახსოვს ისინი…
– ჩემი და შენი წინაპრები კი, ძმებს და მეზობლებს უდროოდ აი ამ მიწაში მარხავდნენ, შენ რომ ამ ქვეყნად მოსულიყავ, და საქართველო ჩვენი, გქონოდა. შენთვის, გერასიმე, ერთმანეთი ცხოვრებაშიც და ბრძოლის ველიდან გაჰქონდათ, იმათაა სწორედ ეს მიწა გაპოხიერებული, და მთელი მიდამო, რომელსაც ერთხელაც არ გადაავლე მოწყალე თვალი შენ, გერასიმე! სულ რომ არაფერი, ამ საოცარ კუთხეში თვალნათლივი სილამაზეც კი ვერ დაინახე და, ნახშირს რომ ათვისება უნდა, ამაში დამეთანხმე, და რომ ასეთ სამშობლოს ნახშირზე მეტად უნდა ათვისება, ეს აღარ იცი, ა, გერასიმე?
– აქ, ამ მიწაზე, რომელსაც ეგზემასავით არ მოდებია ჯერაც ასფალტი, დაგაბიჯებინე ფეხი, უმადურო, ვერაფერს მიხვდი; ნამდვილი გლეხი გაგაცანი, ამ გლეხით გიდგას პირში სული, მაგრამ რა ამაყად, რა ამაყად, აჰ, შეიფერე ყველაფერი, რითაც ქანცგაწყვეტილი, ნაშრომ-ნაჯაფი, შუაღამით გაღვიძებული გლეხი,გაგვიმასპინძლდა, როგორ გგონია, ემართა იმას ჩვენი რაიმე?
– და არც ის იცი, რომ სამშობლო მხოლოდ მინდორ-ველი და მთები არაა, სამშობლო ადამიანიცაა, გერასიმე. და, სუფრასთანაც, როგორ იქცეოდი – სამშობლოს შეცნობა რომ გდომებოდა, მჭადზე პრასს შემოახვევდი და ლობიოში ჩააწობდი, შენ კი, მელასავით, სხვის გაზრდილ ქათამს არხეინად მიადექი.არა არაფერია ამაში ცუდი, მადლობა მაინც რომ გეთქვა, მაგრამ არა, არა, კუთვნილივით მიიღე, თითქოს დაამადლე კიდეც სტუმრობა და შენ, ვისი წინაპარიც დიდგორის შემდეგ ჭრილობებში მარილს იყრიდა, კატალინაზე გვაწვდიდი ბრტყელ-ბრტყელ ცნობებს, შეგირცხვა ნამუსი!
– წვიმისას, გერასიმე, ქუჩაში მანქანიდან თუ გადაგიხედავს, შეამჩნევდი, რომ ზოგიერთ გამვლელს შარვლის ცალი ტოტი ტალახით მთლად დაწინწკლული აქვს, მეორე კი – სუფთა. და თუმცა შარვლის ის ტოტი გაცილებით პეწიანად გამოიყურება, ერთმანეთზე ორივეს თანაბრად მიუძღვით ბრალი – იმ დასვრილს სუფთა ტოტიანი ფეხი სტყორცნის ტალახს და ის ამოთხვრილი წესიერად რომ მიაბიჯებს, იმიტომ გამოიყურება მეორე მშვენივრად და კარგად. მე და შენც ასე ვართ, გერასიმე, მე თუ რამ ხინჯი მემჩნევა, ისევ შენს გამო და თავად რომ გამოიყურები კოხტად, ჩემი და ამ გლეხის წყალობითაა, იცოდე. ჩვენ, ადამიანები, მრავალფეხა არსება ვართ, სხვადასხვა წესით მოარული, და არ ვართ, როგორც შენ ეს გგონია, მარტო, რადგანაც დიდი სიტყვა – ერი გვქვია, და მე, ვისაც მუდამ მახსოვს ეს, შენ, სამშობლო დავიწყებული, მხოლოდ პირადი კეთილდღეობით გატაცებულ-აღტაცებული, წამოგიყვანე აქ, ჩემთვის დროებით რომ აგეწყო ფეხი, ამ წმინდა ღელეშიც კი გაგაბანინე ტანი, გაყოყოჩებულს, ყინული რომ შემოგცლოდა, მაგრამ, აჰ, ნურას უკაცრავად, მაინც ვერ შეგაგნებინე ის სითბო, რითაც მე ვცხოვრობ და რითაც ვსუნთქავ. შენ, შენის ჭკუით, კვლავაც ჩემზე ამაღლებული, გაპრანჭული დარჩი. მაგრამ იცოდე, უსამშობლოდ – კაცი არა ხარ.
– ახლა კი, გერასიმე, უკანასკნელ არჩევანს გთავაზობ. აგერ, გახედე, ავტობუსი მოემართება და, თუ იკადრებ, მოაჯექი და წადი, ხოლო, თუ ისურვებ, ორიოდ დღით აქ, ამ სოფელში დავრჩეთ და იმ ჩვენს მასპინძელს ყანის გათოხნაში მოვეხმაროთ. მიწის სუნი რომ გეცემა, ეგებ კიდევ გამოვიდეს რაიმე შენგან, გერასიმე. ძალას არ გატან, როგორც გინდა, ისე მოიქეცი. ასე აჯობებს… – და დარცხვენილმა დაამატა, – საშობლოსათვის. – რა ვქნა, მიჭირს ხოლმე ამ სიტყვის წარმოთქმა, ეს ხომ ისეთი სიყვარულია, დაფარვა რომ სჭირდება, იმდენად ნაღდი და ნათელია, უხერხულიცაა თქმა… მაგრამ, მაიძულე.
ამონარიდი ნაწარმოებიდან “ერთი რამის სიყვარული, დაფარვა რომ სჭირდება – ანუ მესამე ძმა კეჟერაძე”