“ურეკში 13 წლის გოგონა კამერით შეითრია ზღვამ, უცებ ატყდა ჩოჩქოლი, მაშველები შეცვივდნენ, გამოიყვანეს ბავშვი, მაგრამ თვითონ ვეღარ გამოდიოდნენ. ორნი იყვნენ თავიდან, მათ დასახმარებლად შესული მაშველებიც ჩაითრია ზღვამ, ნაპირისკენ წამოსვლის ნაცვლად, სიღრმეში იტაცებდნენ ტალღები. ძალიან დავიძაბეთ, მაგრამ ხალხმა უცებვე ჯაჭვი გააკეთა წყალში და ასე ცდილობდნენ მაშველების გამოყვანას. 15 წუთი გავიდა ზღვასთან ჭიდილში. სკუტერიც მოვიდა, მაგრამ ტალღებთან ისიც უმწეო აღმოჩნდა. დიდი ძალისხმევის შედეგად, ისევ ხალხის ჯაჭვმა შეძლო 15 მაშველის გადარჩენა.
სასწრაფოს დაურეკეთო, რომ იყვირეს, მაშინვე 112-ში დავრეკე. ეს ამბები სასტუმრო “არგოს” წინ, პლაჟზე ხდებოდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანები უმოკლეს დროში მოვიდნენ. რამდენიმე მაშველი ცუდად იყო, ტალღებისგან დასუსტებულებს ძალა და ფერი აღარ ჰქონდათ. ნაპირზე უმწეოდ დაეყარნენ. საბედნიეროდ, ხალხის საოცარი ერთიანობის შედეგად ზღვა დამარცხდა და ყველაფერი ბედნიერად დასრულდა.
2 დღეა ზღვაზე შტორმია და მაშველები ძალიან კარგად მუშაობენ, დილიდან საღამომდე რუპორით დარბიან ნაპირზე და ხალხს მოუწოდებენ, ბავშვები ამოიყვანონ წყლიდან და თავი შეიკავონ ზღვაში შორს შესვლისგან. სამწუხაროდ, დღეს მათი გაფრთხილების უგულვებელყოფა, კინაღამ საბედისწერო აღმოჩნდა.”
წყარო: კვირის პალიტრა