Skip to content

უარესი ვიდრე საშუალო ანუ როცა იმაზე უკეთესი ხართ, ვიდრე გგონიათ

რამოდენიმე თვის წინ შემოგთავაზეთ სტატია დანინგ–კრუგერის ეფექტის შესახებ. ეფექტი შემდეგ კითხვაზე სცემს პასუხს: “რატომ ვერ ხვდება უცოდინარი, რომ უცოდინარია? “
დღევანდელ სტატიაში მსურს კრუგერის მეთოდის მეორე მხარეზეც გავამახვილოთ ყურადღება – ანუ იმ ადამიანებზე, რომლებიც საკმარისად კარგად ვერ აფასებენ საკუთარ შესაძლებლობებს. შეიძლება გინახავთ კიდეც მცოდნე ადამიანი, რომელიც ვერ აანალიზებს, რომ საკმარისად კომპეტენტურია.
დანინგ–კრუგერის საპირისპირო ეფექტს “უარესი, ვიდრე საშუალო” ჰქვია.
მარტივი სიტყვებით რომ აგიხსნათ, როდესაც ადამიანს რაიმე კარგად გამოსდის, იგი არ გამორიცხავს იმ ფაქტსაც, რომ ამ საქმეში სხვა ადამიანები არანაკლებ კომპეტენტურნი არიან. საკუთარი შესაძლებლობების სხვა ადამიანების უნარებთან შედარების დროს, ჩვენი თავდაჯერებულობის დონე შესამჩნევად მცირდება.ჩვენ არ შეგვიძლია ობიექტურად შევაფასოთ სხვისი შესაძლობლებები და რაკი საკუთარში ეჭვი გვეპარება, ამგვარი შედარებისას მივდივართ დასკვნამდე, რომ საშუალოდ “უფრო უარესები” ვართ, ვიდრე სხვა ადამიანები, რომლებიც იგივე საქმეს აკეთებენ.
თავდაჯერებულობის ნაკლებობის პრობლემა, ყველაზე ხშირად, თავს იჩენს მაშინ როცა ზედმეტად რთულ ამოცანას გადავაწყდებით ხოლმე.
ეს ეფექტი არამარტო იმ ადამიანებზე ვრცელდება, რომლებიც რაიმე განსაკუთრებული ნიჭით არიან დაჯილდოებული. მაგალითად, კრუგერმა, 1991 წელს, აღმოაჩინა, რომ ადამიანებს ეჭვი ეპარებათ საკუთარ შესაძლებლობებში ისეთი სტერეოტიპულად რთული ამოცანების შესრულებისას, როგორიცაა: ჭადრაკის თამაში, გამჭრიახი ხუმრობა ან პროგრამირება.
მეორეს მხრივ ადამიანები მაღალ თავდაჯერებულობას ამჟღავნებენ ისეთი სტერეოტიპულად მარტივი ამოცანების შესრულების დროს, როგორიცაა: ვიდეო თამაშების თამაში, მაუსის გამოყენება, ველოსიპედის მართვა.
ერთ–ერთი კვლევის მიხედვით ხნიერი ადამიანების უმეტესობა მიიჩნევს, რომ ისინი ნაკლებად მიმზიდველნი არიან, ვიდრე მათი თანატოლები. (ზელ ენდ ამპ, 2011წ)
“იოვას უნივერსიტეტის სტუდენტებს სჯერათ,რომ მათი შანსი მესოპოტამიის ისტორიის წვრილმან ფაქტებზე გამართულ შეჯიბრებაში საკუთარ ამხანაგებს აჯობონ მხოლოდ 6% პროცენტია.” (ვინდჩიტლის კვლევა, 2003 წ). სინამდვილეში მათი შეხედულება მცდარია, რადგან შეკითხვები ყველასთვის ერთნაირად რთულია, მოგების სავარაუდო მაჩვენებელი კი ყველა სტუდენტისთვის 50%–ია.
როგორ შეიძლება აიხსნას ზემოთხსენებული მაგალითები?
როდესაც ადამიანები საკუთარ ოპონენტებს ადარებენ თავს, ისინი ეგოცენტრულად ახდენენ ფოკუსირებას საკუთარ შესაძლებლობებზე და ნაკლებ ყურადღებას აქცევენ სხვისი შესაძლებლობების ანალიზს და რაკი საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი ეპარებათ, მიდიან დასკვნამდე, რომ სხვებზე “უარესები” არიან. (კრუგერი,1999წ)
სტატიის მორალი მარტივია: ნუ შეადარებთ საკუთარ შესაძლებლობებს სხვისას. თავდაჯერებულობის ნაკლებობის გამო, ჩვენ ხშირად არასწორად ვაფასებთ საკუთარ უნარებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა რთული ამოცანის წინაშე ვდგავართ და წარმატების შესაძლებლობა ძალზედ მცირეა. ასეთ შემთხვევებში, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ იმაზე ბევრად უკეთესები ვართ, ვიდრე თავად გვგონია.