Skip to content

ტრავმა, ანუ ჭრილობა ცნობიერებაში

ვიეტნამელი ჯარისკაცი წერდა: „„მე არ მინდა მივიღო წამლები და გავთავისუფლდე კოშმარებისგან, მე მინდა ვიყო დაღუპული მეგობრების სახსოვარი.“ ეს არის ისტორია, რომელიც არა სიკვდილის, არამედ გადარჩენის შესახებ მოთხრობით იწყება. ჩვენ გარშემო უამრავი ასეთი ისტორიის პოვნაა შესაძლებელი: ეკრანზე, პრესაში, სოციალურ ქსელებში, წიგნებში და უბრალოდ ცხოვრებაში. ბოლო დროს, უბედურების პროპაგანდამ ისეთი მასშტაბები მიიღო, სურვილი გამიჩნდა დამეწერა, ფსიქოანალიტიკური თვალით, რამდენად აუტანელია, დანაკარგების შემდეგ, იმ ადამიანების ცხოვრება, რომელთაც უბედურების პიარით ხელმომთბარი ჟურნალისტები კმაყოფილნი ტოვებენ სტუდიებს, მაყურებელმა კი დანამდვილებით იცის, რომ სანახაობა ისევ შედგება, ძველი დავიწყებას მიეცემა და სანაცვლოდ, ახალი ისტორია გახდება გარჩევის საგანი.

როცა ვიღაც საკუთარ ტრაგედიაზე გვიამბობს, ჩვენ ვხედავთ მხოლოდ ზედაპირს იმ ჭრილობისა, რასაც ფსიქოანალიტიკოსებმა ტრავმა უწოდეს და დაახასიათეს, როგორც – სწრაფი, მოულოდნელი, გაუთვალისწინებელი და დამანგრეველი შეტევა ადამიანის ცნობიერებაზე. პირველ მსოფლიო ომამდე ითვლებოდა, რომ ტრავმა სექსუალურ შინაარსს უკავშირდება, თუმცა მოგვიანებით კონტუზიამიღებული ჯარისკაცების მაგალითზე, ცნობილი გახდა, რომ ადამიანის ცხოვრებაში უაამრავი ტრაგედია ხდება და შესაბამისად, ტრავმაც არაერთია. ფროიდი , ლექციების დროს, თავის სტუდენტებს უყვებოდა, რომ ყველაზე ვერაგული თვისება რაც მატრავმირებელ მოვლენას ახასიათებს , მის არაცნობიერ ბუნებაშია. უფრო ზუსტად : ადამიანის ცნობიერება ყალიბდება აღქმათა სერიებით, თითოეულ მათგანს აქვს საკუთარი დრო და სივრცე . გონებაში მათი დალაგება ხდება თანმიმდევრულად. ტრავმა იწვევს ტემპორალურ გახლეჩას, რის გამოც ახალი ინფორმაცია კარგავს თავის ადგილს, გადაფარავს ცნობიერებას და ხელს უშლის აღქმის პროცესს. სტრესის ჰორმონები ამახინჯებენ მეხსირების კოდირებას. სწორედ ამიტომ, ტრავმირებული ადამიანის მონათხრობი არ არის სრული, თემატიზებული და უწყვეტი. შესაძლოა, გარკვეული პერიოდის მანძილზე, ცხოვრება ჩვეულ, რიტმში გაგრძელდეს, თუმცა დაზიანება, რომელიც ცნობიერებამ მიიღო არსად არ ქრება და თავს იჩენს კოშმარებში. ადრე თუ გვიან ეს პერიოდი, რომელსაც ფროიდმა ლატენტური უწოდა, სრულდება და იწყება კრიზისი.

40-იან წლებში, ამერიკაში ჩასულმა გერმანელმა ემიგრანტმა შარლოტა ბერადტმა გამოსცა წიგნი „ მესამე რაიხის სიზმრები“, სადაც აღწერილი იყო 300 -მდე სიზმარი, რომელიც მან სამშობლოში შეაგროვა 1932 -1938 წლებში. ყველა მათგანში მეორდებოდა ჰიტლერი და მისი გარემცვა. მას შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ტოტალიტარული რეჟიმების დროს ინდივიდები, ხედავენ „კოლექტიურ სიზმრებს“, რაც დაკავშირებულია ტრავმასთან, რომელსაც იღებენ არა მხოლოდ დაზარალებულები, არამედ თავად ტრავმის შემოქმედნიც, ცხადია სხვადასხვაგვარად . ტრავმატულ სიზმრებს იკვლევდა ავსტრიელი ფილოსოფოსი ლუდვიგ ვიტგენშტეინიც. მან შენიშნა, რომ პირველი მსოფლიო ომიდან დაბრუნების შემდეგ, მეგობართა მონათხრობი სიზმრები, მსგავსი იყო მის მიერ ნანახი სიზმრებისა და ყველა მათგანში მეორდებოდა – ქვის სახლები, სველი ფანჯრები, შემოღობილი მავთულხლართებით, შეშინებული და მოცახცახე ადამიანები, რომელთაც უთვალთვალებდნენ, დასცინოდნენ, სდევნიდნენ..

უჩვეულოა, თუმცა ფაქტია, რომ სიზმრებს აქვთ უნარი ილაპარაკონ ტრავმაზე. ფრანგი ფსიქიატრი, პიერ ჟანე, ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე აკვირდებოდა თავის პაციენტებს, რომელთაც ტრანსში შეეძლოთ ზედმიწევნით გაეხსენებინათ , რა გადახდათ თავს, გამოფხიზლებისთანავე კი ყველაფერი ავიწყდებოდათ და როცა მომხდარს შეახსენებდნენ, მაშინვე უარყოფდნენ. ამნეზია, რომელიც თან სდევს ძლიერ ტრავმას, ადამიანის დამცავი მექანიზმის პასუხია ტკივილზე.მის წინაშე კი, ვისაც აქვს უნარი აღიდგინოს, ტრავმატული მოვლენა დგას სხვა დილემა – გაჩუმება ან არგაჩუმება. დუმილის მიზეზებს შორის ყველაზე გავრცელებულია – წარსულის იდეალიზება და არარსებული სოლიდარობა.

რაშელ იეგუდმა აღმოაჩინა, რომ ტრავმირებულ მშობლებში და მათ არატრავმირებულ შვილებში, სტრესის ჰორმონის კორტიზოლის შემცველობა ორგანიზმში და მისი დღიური ცირკულაცია თანაბარია. ასეთ ბავშვებში, ტრავმის ალბათობა მომავალში 75%-ით უფრო მაღალია.

მიუხედავად ყველაფრისა, ადამიანს შეუძლია დაამარცხოს ტრავმა, თუკი მოახერხებს მასთან ხელახალ შეჯახებას, წარსულის აწმყოსა და მომავლის ერთ ხაზზე განლაგებას. უფრო კონკრეტულად, მან უნდა შეძლოს მატრავმირებელი მოვლენის სრული რეკონსტრუქცია და საკუთარი განცდების ვერბალურ ენაზე „გადათარგმნა“, რაც ხილულს გახდის იმ დაზიანების არსებობას, რომელიც მიიღო ტვინმა და ამავე დროს, შეუმჩნეველი დარჩა ცნობიერებას. ცხადია, ეს არ არის ადვილი. განსაკუთრებით თუ საკითხი ეხება დიდ დანაკარგს, თუმცა წარმოადგენს ერთადერთ გზას ტრავმასთან საბრძოლველად. როგორც კარუტმა თქვა: „ საგნების მოწესრიგება უნდა დავიწყოთ არა სამყაროში, არამედ საკუთარ ცნობიერებაში“ .

გამომგზავნი/ავტორი: ქეთი ეფაძე