ჯოჯოხეთის ქაჯებო! – გაცოფებით შეჰყვირა მარკუს კრასუსმა და შუბლში შემოირტყა მუშტი. რომაელი ხალხის წინააღმდეგ თვით ღმერთები გამოდიან ამ გლადიატორის მფარველად. მე გარს ვერტყმი, ის კი ხელიდან მისხლტება. ვამარცხებ და ბრუნდება უფრო ძლიერი.როცა ომი დამთავრებული მგონია იგი წინანდელზე უფრო გაცხარებული ხდება.ნამდვილი ჯადოქარია! სისხლისმსმელი ვამპირი!
– არა, ის მხოლოდ დიდი სარდალია! – მიუგო რომაელ სარდალს ახალგაზრდა ასმეთაურმა.
კრასუსმა მრისხანე სახით შეხედა თავხედ ჭაბუკს, უნდოდა მეტიჩარასთვის ჭკუა ესწავლებინა, მაგრამ თავი შეიკავა და დამშვიდებით უთხრა:
– მგონია, რომ მართალი ხარ, გამბედავო ჭაბუკო.
თუმცა ამაყი რომაელისათვის არც ისე ადვილი იყო მონისათვის დიდი სარდალი ეწოდებინა…
გმირი გლადიატორი
ახოვანი ტანადობა, გასაოცარი ძალღონე, უსაზღვრო გონიერება და სიმამაცე მას უდავოდ გამორჩეულ პიროვნებად აყალიბებდა. გრძელი ქერა თმა და სქელი წვერი უმშვენებდა ლამაზ, მამაკაცურ პირისახეს და სიცოცხლითა და გრძნობით სავსე თვალებში სევდით მოსილ სიკეთეს შეამჩნევდით.
სპარტაკი თრაკიაში, როდოპის მთებში დაიბადა. ახალგაზრდა იყო, როდესაც რომაელები მის ქვეყანას თავს დაესხნენ , სპარტაკი ტყვედ აიყვანეს და გლადიატორად აქციეს.
გლადიატორის სტატუსით სპარტაკმა მთელი იტალიის ქალაქები მოიარა და ასზე მეტ ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ არცერთხელ მძიმედ არ დაჭრილა. რანაირი ძალღონისა და სიმამაცის პატრონიც არ უნდა ყოფილიყვნენ მისი მოწინააღმდეგე გლადიატორები იგი მუდამ მათზე ერთი თავით მაღლა იდგა და ყველა ბრძოლიდან გამარჯვებული გამოდიოდა.
მიზანი
თავისუფლების მოყვარულ გლადიატორს ხალხთა მონობის დამხობა ოცნებად ექცა და განიძრახა მონობის უღლის ქვეშ მგმინავი ასი ათასობით გლადიატორი რომის ტირანიის წინააღმდეგ აემხედრებინა.
წარმატება
დამარცხებას მიუჩვეველი რომაელთა ლეგიონები ზედიზედ მარცხდებოდნენ გონიერი და გამორჩეული სტრატეგიის მქონე გლადიატორის წინააღმდეგ ბრძოლაში. სპარტაკის გამარჯვებათა და ამბოხებულთა კი რიცხვი დღითიდღე იზრდებოდა. სპარტაკის გეგმა მდგომარეობდა იმაში, რომ ამბოხებულთა არმია იმპერიის საზღვრებს გარეთ გაეყვანა, თუმცა მის ჯარში მოულოდნელად ამბოხებამ იფეთქა. სპარტაკის უძლეველობის რწმენით გათამამებულმა გლადიატორებმა საზღვრების დატოვებაზე უარი თქვეს და “უკვდავ ქალაქზე” გალაშქრება მოსთხოვეს თავიანთ წინამძღოლს.და მიუხედავად დიდი უარისა სპარტაკს მაინც მოუწია დასთანხმებოდა მათ.
საბოლოოდ სპარტაკი დამარცხდა, თუმცა მისი გმირობისა და სიმამაცის სახელი დრომ ვერ წაშალა. იგი ისტორიაში შევიდა, როგორც ჩაგრულთა იმედი და თავისუფლების სიმბოლო..
სიკვდილი
დაღამდა და ბრძოლა არ შეწყვეტილა.ძალღონგამორეული, დაჭრილი გლადიატორები ჯერ კიდევ მამაცურად უწევდნენ წინააღმდეგობას რომაელებს. მთელი ეს დრო სპარტაკს ერთ ნაბიჯზეც კი არ დაუხევია უკან და ათასი გლადიატორით გარშემორტყმული გააფთრებით იბრძოდა. რომაელი წინამძღოლები ცდილობდნენ ეჩვენებინათ, თუ როგორ შეიძლებოდა მის წინააღმდეგ ბრძოლა, მაგრამ თრაკიელის გრძნეული მახვილისაგან ვერ იცავდა მათ ვერანაირი ადამიანური დახელოვნება და თავის ამხანაგებს მხოლოდ ის უჩვენეს, თუ როგორ შეიძლებოდა სიკვდილი.
ომი დამთავრდა 50 000-ზე მეტი გლადიატორი იწვა ბრძოლის ველზე, დანარჩენები კი ახლომახლო ტყეებში მიმოფანტულიყვნენ. მხოლოდ ერთ ადგილას ისმოდა მახვილთა წკრიალი. ოთხივ კუთხით გარშემორტყმული ჭრილობებით დაფარული სპარტაკი შვიდას თუ რვაას რომაელს ებრძოდა ერთად და ისევ თავს იცავდა დახოცილთა გროვაში მდგარი. ელვასავით ბრწყინავდა მისი მახვილი და ერთიმეორეზე ეცემოდა ყველა, ვინც კი გაბედავდა გულდაგულ მისვლას. საბოლოოდ შვიდი ან რვა ნაბიჯიდან ნასროლი სათხედით განგმირული სპარტაკი გადაიქცა უკან და მხოლოდ ერთი სიტყვა წარმოსთქვა „ვალერია“ (ქალის სახელი, რომელიც უყვარდა) და სული განუტევა. ამ ბრძოლის მოწმე გაოცებული რომაელები იმ წამსვე გარს შემოერტყნენ მას და მდუმარება ჩამოწვა.
ასე დაამთავრა თავის სიცოცხლე ამ იშვიათმა ადამიანმა, რომელშიც შერწყმული იყო მაღალი სული, ნათელი ჭკუა, სიმამაცე, არაჩვეულებრივი ვაჟკაცობა და სიბრძნე – ყველა აუცილებელი თვისება სახელგანთქმული სარდლისათვის, რომლის ნამოქმედარს ისტორია თაობიდან თაობას გადასცემს…