Skip to content

სიცოცხლის უკანასკნელი საათი – გიორგი გურჯიევი

წარმოიდგინეთ, მხოლოდ რამოდენიმე წუთი დაგრჩათ, შეიძლება ერთი საათი. რაღაც შემთხვევის წყალობით ზუსტად გაიგეთ, თუ როდის გარდაიცვლებით. რას გააკეთებდით თქვენი ცხოვრების ამ უძვირფასესი საათის განმავლობაში, რომელსაც ამ სამყაროში გაატარებთ? შეძლებთ მოასწროთ ყველაფრის გაკეთება უკანასკნელი საათის განმავლობაში, გაქვთ რაიმე იდეა როგორ მოახერხებთ ამას?

და როდესაც უკანასკნელად ამოისუნთქვათ, იგრძნობთ კმაყოფილებას იმის ცოდნით, რომ ყველაფერი გააკეთეთ თქვენს ცხოვრებაში რაც შეგეძლოთ, რათა შეგესრულებინათ მოვალეობა საკუთარი „მე“-ს წინაშე. რეალურ სამყაროში ყველა კოსმოსი ერთდროულად არსებობს, ყოველთვის ვიბრირებს, ყოველთვის ელის ისე, როგორც შვილი ელის მეზღვაურ მამას.

ამ სამყაროში ყველაფერს თავისი დასაწყისი და დასასრული აქვს. ნამდვილ სამყაროში ყველაფერი სახეზეა და ერთ მშვენიერ დღეს, თქვენ მოგეცემათ შესაძლებლობა დაივიწყოთ ყველაფერი და დატოვოთ იგი სამუდამოდ.
თავისუფლება მილიონჯერ უფრო ღირებულია, ვიდრე გათავისუფლება. თავისუფალი ადამიანი, თუნდაც მონობაში მყოფი, მუდამ საკუთარი თავის ბატონ-პატრონი რჩება. მაგალითად თუ მე რამეს მოგცემთ, მოდით ვთქვათ ავტომობილს, რომელშიაც საწვავი არ არის, ის ადგილიდან ვერ დაიძვრება. თქვენს ავტომობილს სპეციალური საწვავი სჭირდება, თუმცა მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ განსაზღვროთ რა სახის საწვავია საჭირო და სად უნდა იშოვნოთ იგი.

თქვენ უნდა მიხვდეთ, როგორ შეიძლება მიიღოთ ჩემი იდეები და აქციოთ თქვენად, თანაც ისე რომ ისინი მხოლოდ თქვენი გახდნენ. თქვენი ავტომობილი ვერ იმუშავებს იმ საწვავზე, რომელზედაც ჩემი მუშაობს. მე მხოლოდ დაუმაშავებელი ნედლეულის შემოთავაზება შემიძლია. თქვენ კი უნდა აიღოთ მისგან ის, რისი გამოყენებაც შეგიძლიათ. ამის შემდეგ, უკვე შეგიძლიათ, უფრო გაბედულად მიუჯდეთ საჭეს.

ორგანული სიცოცხლე ძალზედ სუსტია. ჩვენი სხეული ნებისმიერ წამს შეიძლება გარდაიცვალოს. სიკვდილამდე ყოველთვის ერთი ნაბიჯია. თუ კიდევ ერთი დღე მოახერხებთ ცხოვრებას, ეს მხოლოდ ბუნების მიერ შემთხვევით მონიჭებული შესაძლებლობაა. და თუ კიდევ ერთი საათით გაიხანგრძლივებთ სიცოცხლეს, შეგიძლიათ იღბლიანად ჩათვალოთ თავი. ამ კონცეფციის ჩამოყალიბების წამიდან ჩვენ ნასესხები დროით ვცხოვრობთ.

ამ სამყაროში, ყოველი წამის განმავლობაში უნდა ვგრძნობდეთ სიკვდილს – გქონდეთ ყველა თქვენი საქმე მოწესრიგებული უკანასკნელი საათის დადგომამდე. მაგრამ როგორ შეიძლება ვინმემ იცოდეს ზუსტად როდისაა მისი უკანასკნელი საათი? თავი რომ დაცულად იგრძნოთ, ეცადეთ თქვენი საქმეები, ბუნებასთან და საკუთარ თავთან ერთად, დაალაგოთ ყოველ საათში რომელიც გეძლევათ. ასე არასდროს არაფერს შეხვდებით მოუმზადებელი.
ამას ადამიანებს სკოლებიდან დაწყებული უნდა ასწავლიდნენ: როგორ ისუნთქონ, იკვებონ, იმოქმედონ და მოკვდნენ სწორად. ეს საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილი უნდა გახდეს. ამ პროგრამაში აუცილებელია შედიოდეს ის, თუ როგორ შეიძლება მოვახდინოთ საკუთარი „მე“-ს რეალიზაცია და ცნობიერების ფორმირება.

შეკითხვა: როგორ მოვიქცეთ თუ არ გვაქვს შეგრძნება, რომ რაღაც გვრჩება დაუმთავრებელი?

გურჯიევმა, მცირე პაუზის შემდეგ, ღრმად ჩაისუნთქა და თქვა:

ჰკითხეთ საკუთარ თავს, ვინ აღმოჩნდება პრობლემებში, თუ ძაღლივით დაიღუპებით. სიკვდილის მომენტისთვის თქვენ ბოლომდე უნდა იცნობდეთ საკუთარ თავს და გრძნობდეთ რომ ყველაფერი გააკეთეთ, რათა გამოგეყენებინათ თქვენში არსებული შესაძლებლობები, იმ განსაზღვრული დროის მანძილზე, რომელიც მოგეცათ.

ახლა თქვენ ბევრი არაფერი იცით თქვენს შესახებ, მაგრამ ყოველდღიურად უფრო ღრმად და ღრმად იქექებით ამ ძვლების ჩანთაში და იწყებთ უფრო მეტი და მეტი დეტალების შესწავლას. დღიდან დღემდე თქვენ აღმოაჩენთ რა უნდა გაგეკეთებინათ და რა უნდა გააკეთოთ ხელახლა იქიდან, რაც აქამდე გიკეთებიათ. ნამდვილი ადამიანი ისაა, რომელიც იღებს ცხოვრებიდან ყველაფერს, რაც ღირებული იყო მასში და ამბობს: „ახლა უკვე შემიძლია მოვკვდე“. ჩვენ უნდა ვეცადოთ ისე ვიცხოვროთ, რომ ნებისმიერ დღეს შეგვეძლოს ვთქვათ: „დღეს მე შემიძლია მოვკვდე და არაფერზე ვინანო.“

არასოდეს გაატაროთ უნაყოფოდ თქვენი ცხოვრების უკანასკნელი საათი, რადგან ეს შეიძლება თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საათი გახდეს. თუ მას არასწორად გამოიყენებთ, შეიძლება მომავალში ინანოთ. ის გულწრფელი აღელვება, რომელსაც ახლა გრძნობთ შეიძლება თქვენთვის ყველაზე ძლიერი ძალა აღმოჩნდეს, რომლის წყალობით სრულყოფილი სიკვდილისთვის მოემზადებით. ცოდნა იმისა რომ მომავალი საათი თქვენთვის უკანასკნელი შეიძლება იყოს, წარმოშობს შთაბეჭდილებებს, რომელსაც შეუძლია გვაგრძნობინოს ნამდვილი გურმანი. როდესაც ქალბატონი სიკვდილი გეახლებათ, იყავით მზად, ყოველთვის. ოსტატმა იცის, როგორ შეიძლება თითოეული გემრიელი ნაწილისგან აიღოს ყველაზე ღირებული და მნიშვნელოვანი. ისწავლეთ იყოთ თქვენი ცხოვრების ოსტატი.

როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, ვისწავლე თუ როგორ შეიძლება მიმეღო ცხოვრებისგან მისი არსი, მისი ყველაზე ფაქიზი ნაწილები. ყველაფერში ყველაზე ღირებულის პოვნას ეცადეთ, ისწავლეთ გაარჩიოთ კარგი ცუდისგან. მან ვინც ისწავლა როგორ გამოარჩიოს ცხოვრების არსი, მისი სიცოცხლის ყველაზე მნიშნელოვან წამებში, ის ფლობს ნებისმიერი ხარისხის ცნობიერებას.

მას შეუძლია გაუკეთოს სამყაროს ის, რასაც ცხოველი ვერ შეძლებდა. შესაძლოა თქვენი ცხოვრების უკანასკნელ წამებში არ მოგეცეთ შესაძლებლობა, აირჩიოთ სად და ვისთან ერთად გაატაროთ ეს წუთები, მაგრამ თქვენ გექნებათ საშუალება გადაწყვიტოთ, თუ რამდენად ღირებულად გაატარებთ ამ დროს. შესაძლებლობა რომ მიიღოთ ცხოვრებისგან ღირებულებები, ძალიან ჰგავს საკვების, ჰაერისა და შთაბეჭდილებებისგან იმ ნივთიერებების მიღებას, რაც სრულყოფილი სხეულის ჩამოყალიბებაში დაგეხმარებათ.

თუ გსურთ მიიღოთ ცხოვრებისგან საუკეთესო რამ, ეს მხოლოდ კარგი და მაღალი მიზნებისთვის უნდა გააკეთოთ. თქვენთვის მცირე ნაწილის დატოვებაც კი საკმარისია. იმუშაოთ საკუთარ თავზე იმისათვის, რომ სხვებს კარგი გაუკეთოთ საზრიანი გზაა, რომ მიიღოთ თქვენთვის საუკეთესო ამ ცხოვრებისგან. თუ თქვენ არ იქნებით კმაყოფილი თქვენი ცხოვრების უკანასკნელი საათით, მაშინ განვლილი ცხოვრებაც არ მოგანიჭებთ ბედნიერებას. გარდაიცვალო, ნიშნავს გაიარო ის, რისი განმეორებაც შეუძლებელია. თუ თქვენს ძვირფას დროს არაფერს ახმართ, ნიშნავს რომ სრულიად მოკლებული ხართ შესაძლებლობას, მიიღოთ ცხოვრებისგან ყველაფერი,რაც ღირებულია..

ამ სამყაროში, ცხოვრების გავლა დასაწყისიდან დასასრულამდე , სისრულის ასპექტს წარმოადგენს. ყველა უდიდესი ფილოსოფოსი მუდმივად ემზადებოდა საკუთარი ცხოვრების უკანასკნელი საათისთვის. ახლა მე თქვენ მოგცემთ სავარჯიშოს, რათა მოემზადოთ თქვენი ცხოვრების უკანასკნელი საათისთვის. ეცადეთ არასწორად არ განმარტოთ რომელიმე სიტყვა მოცემული სავარჯიშოდან.

სავარჯიშო

შეხედეთ საათს,რომელიც გავიდა, თითქოს ეს თქვენი ცხოვრების უკანასკნელი საათი იყო და გაანალიზეთ რომ უკვე გარდაიცვალეთ. შეეკითხეთ საკუთარ თავს, ხართ თუ არა კმაყოფილი განვლილი საათით?

ამის შემდეგ კი ისევ გააცოცხლეთ საკუთარ თავი და დაისახეთ მიზნად: შემდეგ საათში (თუ გაგიმართლათ და მოგეცათ იგი) ეცადეთ მიიღოთ ცხოვრებისგან იმაზე მეტი, ვიდრე წინა საათში მიიღეთ. განსაზღვრეთ, სად და როდის უნდა ყოფილიყავით ძლიერი და სად უნდა გამოგეჩინათ უფრო მეტი შინაგანი ცეცხლი.

ახლა კი ფართოდ გაახილეთ თვალები. ვგულისხმობ, რომ გაუღეთ კარი მეტ შესაძლებლობებს, იყავით მეტად გაბედული, ვიდრე გასულ საათში. რადგან იცით რომ ეს თქვენი ცხოვრების უკანასკნელი საათია და არაფერი გაქვთ დასაკარგი.. ეცადეთ ძალა მოიკრიბოთ – თუნდაც მხოლოდ ახლა. სისულელეების კეთების გარეშე, რა თქმა უნდა.
ეცადეთ უკეთ გაიცნოთ საკუთარი თავი, შეხედეთ თქვენს მანქანას გვერდიდან. ახლა როცა კვდებით, უკვე აზრი აღარ აქვს ფიქრს თქვენს პრესტიჟსა და რეპუტაციაზე.

და ამის შემდეგ, ვიდრე უკანასკნელი საათი დადგებოდეს, გახდით შეუპოვარი იმისათვის, რომ მიიღოთ რაც შეიძლება მეტი ღირებული რამ ცხოვრებისაგან, განივითარეთ ინტუიცია. გამოყავით თუნდაც რამოდენიმე წუთი, რომ გაანალიზოთ ყოველი საათი, რომელიც გავიდა და აიძულეთ საკუთარი თავი, რომ მიიღოთ მეტი შემდეგ საათში.
თუ თითოეულ საათს სიცოცხლის ცალკეულ ნაწილებად შეხედავთ, მხოლოდ მაშინ ეცდებით გამოიყენოთ თითოეული ნაწილი სრულიად. აიძულეთ საკუთარი თავი, რომ იპოვნოს გზა რომ გახადოს ყოველის შემდეგი საათი უკეთესი და ასევე არ დაგავიწყდეთ ყურადღება მიაქციოთ იმ ვალებს, რომლებიც აქამდე დაგიგროვდათ.

გაზარდეთ თვითშეგრძნება და ცოდნა საკუთარი თავის მიმართ. თვითშეგრძნებისა და საკუთარი „მე“-ს გაცნობიერების ამაღლება, ასევე საკუთარი თავის მართვის უნარი შეცვლის თქვენი მანქანის მუშაობას, რაც მოგვცემს რეალური ცვლილებების საფუძველს. და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, თავად მანქანა რას ფიქრობს ამაზე.
იცხოვრო მთელი ცხოვრება სიკვდილის შეგრძნებით საათიდან საათამდე, პათოლოგია სულაც არ არის. არავის შეუძლია მიიღოს მეტი ცხოვრებისგან, ვიდრე კიბოთი დაავადებულ პაციენტს, ვინც დაახლოებით იცის როდის მოკვდება. და მას შემდეგ რაც მან უკვე იცის, თუ როგორ სურს გაატაროს დარჩენილი სიცოცხლე, მას არ სჭირდება სრულიად შეცვალოს იგი, მაგრამ ის შეიძლება წავიდეს იქ, სადაც ყოველთვის სურდა წასვლა, რასაც იგი სხვა შემთხვევაში არ გააკეთებდა.

ადამიანი რომელმაც იცის, რომ მალე მოკვდება ეცდება მაქსიმალურად გამოიყენოს დარჩენილი ცხოვრების თითოეული საათი. ეს ზუსტად ისაა, ქრისტე რომ ამბობდა აღსასრულის დღეები მალე დადგებაო – დღეები საბოლოო განკითხვამდე. ჩვენ ყველანი განკითხვის წინაშე ვდგავართ, მაგრამ სხვები კი არ განგვიკითხავენ, არამედ ჩვენ ვუკეთებთ უკანასკნელ შეფასებას საკუთარ ცხოვრებას. ჩვენ არ უნდა ჩავიჭრათ ყველაზე მნიშვნელოვან გამოცდაში, სადაც ყველაზე სერიოზულ განმსჯელად საკუთარი თავი გვევლინება.

ყოველი წამი, ცალ-ცალკე აღებული, სხვა წამთან შედარების გარეშე წარმოადგენს მუდმივი ქმნილების ნაწილს. მაშასადამე, თითოეული წამიდან ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ყველაზე ღირებული მატერია, რასაც „ცხოვრების არსი“ შეგვიძლია ვუწოდოთ. წარმოიდგინეთ მატერია „ჰაერი“ ან მატერია „შთაბეჭდილებები“. საბოლოოდ ეცადეთ გონებაში ჩაიბეჭდოთ მატერია „წამი“. დიახ, დროის წამებიც კი მატერიები არიან.

თუ ჩვენ შევძლებთ მივიღოთ ყველაზე კარგი რამ, ყველაზე ცუდისგან, ადრე თუ გვიან მოგვიწევს ამის საფასურის გადახდა. ამ წესს „ბალანსის კანონი“ ეწოდება. სწორედ ამიტომ ვსწავლობთ, როგორ გადავიხადოთ მაშინვე ყველაფრისთვის, რასაც ვიღებთ ცხოვრებაში. მხოლოდ ამის შემდეგ აღარ გვექნება ვალები. მაშინვე გადახდა – არის ის, რასაც „ნამდვილად კეთება“ ჰქვია. აკეთო ნიშნავს იფიქრო, იგრძნო, იმოქმედო, მაგრამ „ნამდვილად კეთება“ მაშინვე გადახდას ნიშნავს.

გააკეთო შეიძლება ნიშნავდეს მხოლოდ ერთ რამეს: მიანიჭო მნიშნელობა ცხოვრების თითოეულ წამს და ამ წამშივე გადაუხადო ყველა ვალი ბუნებასა და საკუთარ თავს. მაგრამ მხოლოდ მაშინ შეძლებთ „მაშინვე გადახდას“, როცა „საკუთარი მე“ გაგაჩნიათ.

ნამდვილი ცხოვრება საქმიანობის შეცვლას კი არ გულისხმობს, არამედ იმის ხარისხის ცვლილებას, რასაც აკეთებთ. ბედისწერა ბედისწერაა. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა აღმოაჩინოს საკუთარი თავი საგანთა საერთო წესრიგში. არასოდეს არაა გვიან დაიწყოთ ამის კეთება, რადგან შესაძლოა მთელი თქვენი ცხოვრების უმეტესი ნაწილი ძილში გაატარეთ. დღეიდან დაწყებული, თქვენ შეგიძლიათ მოემზადოთ სიკვდილისთვის და ამავდროულად თქვენი ცხოვრების ხარისხიც გაიუმჯობესოთ. არასოდეს გადადოთ დაწყება – შესაძლოა მართლაც ცხოვრების ერთადერთი საათი დაგრჩათ.

შეკითხვა: შეიძლება ეს სხვებსაც გავუზიაროთ? ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოვისმინეთ ამ საღამოს.
– დიახ, თქვენ შეგიძლიათ სიტყვასიტყვით მოუყვეთ სხვას, მაგრამ ვიდრე თავად არ გააკეთებთ მას საკუთარი თავისთვის, ის სხვისთვისაც არაფერი იქნება. არსებობა საშუალება, ან ინსტრუმენტია მოქმედებისთვის. იფიქრეთ ამაზე და მიხვდებით თუ რატომაა ასე.

შეკითხვა: მაშასადამე, ჩვენ არ შეგვიძლია გავისტუმროთ ვალი, თუ არ ვარსებობთ, ანუ „საკუთარი მე“ არ გაგვაჩნია? საერთოდ რატომ არის საჭირო გადახდა? ან რისთვის უნდა გადავიხადოთ? თუ სიცოცხლე მხოლოდ შემთხვევითობაა, მაშინ რა აზრი აქვს გაგრძელებას.

ეს არ ნიშნავს, რომ სიცოცხლე თვითმკვლელობით უნდა დაასრულოთ, პირიქით უნდა ყველა ძალა უნდა იხმაროთ, რომ „იცხოვროთ“. ჩვეულებრივი ადამიანი ყოველთვის ცხოვრობს, უბრალოდ დინებას მიჰყვება. მას უბრალოდ კი არ სძინავს, ის აბსოლუტურად მკვდარია. ნამდვილად რომ იცხოვრო, აუცილებელია ბუნების მიერ მოცემულ შესაძლებლობებს მხარი აუწყო, აქტიურად მისდიო ცხოვრების რიტმს, პასიურად არ უნდა მოქმედებდეთ – „ისე როგორც გამოვა“. არ უნდა წახვიდეთ იქ, სადაც დინება წაგიყვანთ.

ცხოვრებისგან ყველაზე ღირებულის მისაღებად, აუცილებელია მართავდეთ საკუთარ სურვილებს. შეხედეთ და დაფიქრდით, მიუკერძოებლად როგორ აფასებთ საკუთარ თავს. დააკვირდით თქვენს თავს ყურადღებით და დაინახავთ ბევრ საინტერესო გზას, რომ იყოთ მიუკერძოებელი. ყოველთვის, გონებაში გამოყავით, განსხვავებული წამები, როდესაც სურვილები გაჩნდება. იმოქმედეთ როგორც ადრე, მაგრამ ყოველთვის გახსოვდეთ მათი არსებობა. შეუშვით სამყაროში საკუთარი სისხლის ნაწილი, უფრო და უფრო მეტად.

ყოველი საათის დასასრულს, როცა შეაფასებთ მის ვარგისიანობას, წარმოიდგინეთ რომ გაიღვიძეთ აბსოლუტურად უცნობ გარემოში, იმასთან შედარებით , რაც უკვე გაიარეთ. მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ უკანასკნელი საათი რეალურად ყოველ საათში იცვლება, თუმცა ადამიანები და საგნები ისეთივენი რჩებიან როგორებიც იყვნენ. დროთა განმავლობაში, თქვენ ისწავლით საკუთარ თავის, როგორც განსაზღვრული მატერიის სულის დანახვას, რომელიც ერთი სამყაროდან მეორეში მოძრაობს, როგორც ბუნების დაუპატიჟებელი სტუმარი. მოცემული გადმოსახედიდან შეაფასეთ ყველაფერი, რასაც ცხოვრებაში აკეთებთ. გადახედეთ თქვენს წარსულ მცდელობათა შედეგებს და დაფიქრდით რა მნიშვნელობა გააჩნიათ მათ ახლა, თქვენი ცხოვრების უკანასკნელ საათში. ისინი ვინც ამ საქმით არიან დაკავებულები, ამ ცხოვრებისთვის ცოცხლები არ არიან, მაგრამ ამავდროულად უფრო მეტად ცოცხლები არიან, ვიდრე სხვა ნებისმიერი. ეს სამუშაო… რაღაც უცნაური, შეუჩნეველია, თუმცა ბევრისთვის შეუძლებელია ცხოვრება მის გარეშე.

ჩვეულებრივი გაგებით ცხოვრება ამაოებათა ამაოებაა. რაოდენ დიდიც არ უნდა ჩანდეს მიღწევა მიწიერი მასშტაბებით, ადრე თუ გვიან ის მაინც იკარგება. ქვიშაც მტვრად იქცევა დროთა განმავლობაში. ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანებიც კი დავიწყებია ისტორიას. ცხოვრების ნამდვილი შესაძლებლობების არსს რომ ჩავწვდეთ, აუცილებელია აღმოვაჩინოთ, თუ რისი მიღწევა შეგვიძლია ამ სამყაროში, რაც რეალურ სამყაროში გამოსადეგი იქნება.
ყურადღებით დააკვირდით დიდი ადამიანების ცხოვრებას, მათ ვინც არმიებს უძღვებოდნენ, ვისაც ძალა გააჩნდა სხვებზე. რა სარგებელი აქვს მათთვის ამ დიდ ქმედებებს დღეს, როცა ისინი ცოცხლები აღარ არიან? მაშინაც კი როცა ისინი ცოცხლები იყვნენ, მათი დიადი საქმეები ცარიელ ოცნებებზე მეტი არ იყო. ჩვენ არ ვარსებობთ იმისათვის, რომ საკუთარი თავი წარმოვაჩინოთ, ყველაზე საზიზღარი ნიშანი ჩვეულებრივი ადამიანისა, არის უნარი, რომ სწრაფად დააკმაყოფილოს საკუთარი ხორცი.

ადამიანთა უმრავლესობა უამრავ მიზეზს აღმოაჩენს, რომ არ იმუშაოს საკუთარ თავზე. ისინი საკუთარი სისუსტის სრულ ტყვეობაში არიან. მაგრამ ახლა ჩვენ მათზე კი არ ვსაუბრობთ, არამედ თქვენზე. სწორად გამიგეთ, მე არ მჭირდება მიმდევრები, მე დაინტერესებული ვარ ვიპოვნო ნამდვილი ორგანიზატორები, ნამდვილი მეომრები ახალი სამყაროსთვის. მე მესმის ორგანიზაციის სისუსტის შესახებ, რადგან ახლა ჩვეულებრივ ორგანიზაციაზე არ ვსაუბრობ, რომელიც ინიციატივებისგან შედგება, მე კიდევ ერთხელ გახსენებთ რომ იცხოვროთ ყოველი საათი უფრო მეტი პროდუქტიულობით. შექმენით უკანასკნელი საათის დეტალური გეგმა. იმისათვის რომ მიხვდეთ როგორ უნდა გარდაიცვალოთ, უნდა ჩაუშვათ ღრმა ფესვები თქვენს ცხოვრებაში, მხოლოდ ამის შემდეგ გექნებათ შესაძლებლობა გარდაიცვალოთ როგორც ადამიანი და არა ძაღლი. ყველას არ ეძლევა ეს შესაძლებლობა. თქვენ შეიძლება გახდეთ სასუქი ამ პლანეტისთვის, მაგრამ ეს სინამდვილეში არ ნიშნავს, რომ გარდაიცვალეთ. გარდაიცვალოთ ამ სამყაროსთვის სამუდამოდ – პატივია. ამ პატივისვის კი საჭიროა გადაიხადოთ გაცნობიერებული შრომითა და წინასწარ განზრახული ტანჯვით – უნდა ღირსეულად მოიპოვოთ ეს უფლება.

ეცადეთ, ნათლად წარმოიდგინოთ საკუთარი თავი თქვენი ცხოვრების უკანასკნელ საათში. დაწერეთ ამ საათის გარკვეული მონახაზი, ისე თითქოს ფილმის სცენარს წერდეთ. შეეკითხეთ საკუთარ თავს: „როგორ გსურთ მოაწყოთ თქვენი ცხოვრება?“ თუ პასუხით კმაყოფილი არ იქნებით, შეცვალეთ სცენარი ისე როგორც თქვენ გსურთ.
შეხედეთ ამას როგორც ბიზნესს. თქვენთვის დრო ფულია ცხოვრებაში. როდესაც იბადებით, გარკვეული ოდენობის თანხა გეძლევათ, რომელიც არ შეიძლება გაიზარდოს. დრო უბრალოდ ვალუტაა, რომლითაც ცხოვრებას უხდით საფასურს. ახლა დააკვირდით, როგორ გამოიყენეთ ამ ფულის უმეტესი ნაწილი ბრიყვულად. თქვენ ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მიზანსაც კი ვერ მიაღწიეთ – ბედნიერებასა და დასვენებას. თქვენ დამარცხდით როგორც ბიზნესმენი და როგორც ცხოვრების მონაწილე – თქვენ საკუთარი თავი მოატყუეთ. მთელი ცხოვრება ფიქრობდით, რომ ყველაფერი უფასოდ გეძლეოდათ და ახლა მოულოდნელად აღმოაჩინეთ რომ უფასო არაფერია. თქვენ იხდით ამ დროის გამოყენებისთვის, სწორედ ამიტომაა რომ ყოველ წუთს, რომელსაც აქ ატარებთ თავის საფასური აქვს.
და მაინც, როგორ შეიძლება ამ დანაკარგის ანაზღაურება? შეამოწმეთ, იქნებ დეფიციტი თქვენს საბანკო ანგარიშზე მხოლოდ დროებითია ან იქნებ მუდმივია და არ იცვლება? დაკარგეთ დრო ან მოახერხეთ მისი წარმატებით ინვესტირება? თუ მთელი თქვენი ფული შვებულებებში დახარჯეთ, არაფრის გაკეთება აღარ შეიძლება, გარდა იმისა  რომ გული დაგწყდეთ წარსულზე.

წლების მანძილზე ცხოვრებას ისე მოიხმარდით თითქოსდა მშობლებმა ულიმიტო საბანკო ანგარიში გაჩუქეს. მაგრამ ახლა ანგარიში გამოყენებულია და თქვენ ხედავთ, რომ მარტო ხართ და გვერდით არავინაა რომ დაეყრდნოთ. აღარ არსებობს დრო თქვენი საბანკო ანგარიშზე. ახლა თქვენ იძულებული ხართ მოიპოვოთ თქვენი ცხოვრების თითოელი საათი. მთელი ცხოვრება კი ბავშვივით იქცეოდით და დროს ისე ატარებდით, როგორც ახალდაქორწინებული წყვილი თაფლობის თვეზე.

ჩვენი მთავარი მტერი, რომელიც საჭირო ცვლილებების განხორციელებაში გვიშლის ხელს უიმედობაა. ვიცი უამრავი მიზეზი გექნებათ იმისათვის, თუ რატომ არ უნდა მოემზადოთ თქვენი ცხოვრების უკანასკნელი საათისთვის. ჩვევა დიდი ძალაა, მაგრამ თუ ერთხელ დაიწყებთ, ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტს ისწავლით.

ნუ დაკარგავთ ნურცერთ დღეს. აიძულეთ საკუთარი თავი თუნდაც ერთი საათი დაუთმოს ამას, სხვა შემთხვევაში თქვენ ყველაფერს დაკარგავთ. იფიქრეთ თქვენი ცხოვრების უკანასკნელი საათზე, როგორც ბალეტის რეპეტიციაზე – თქვენ ეს მთელი ცხოვრების მანძილზე უნდა აკეთოთ.

ახლა მე ამ სავარჯიშოს შესრულებას დღეში 4 საათს ვანდომებ, მაგრამ როდესაც ახალგაზრდა ვიყავი, ორჯერ მეტ დროს ვუთმობდი.

თარგმანი: თემო ბერიშვილი