მე სითბოს ვიტყვი, სიყვარულს დავწერ,
გადმოვალაგებ გულიდან სხივებს.
თუ უკვდავების წყაროს ვერ დავლევ,
მე მოკვდავობით დავწყვიტავ სიმებს.
მე სითბოს ვიტყვი, სიყვარულს დავწერ
ღრუბლებში ვივლი, არ მინდა ქვეყნად
და რომც გვალვისას წყალივით დავშრე,
მოვევლინები სიყვარულს ქველად.
მე სითბოს ვიტყვი, სიყვარულს დავწერ
დავწერ და წერით ცასაც გავცდები.
ჩემი სითბოთი სიცივეს გავხევ!
ტყუილად, უსაქმოდ აღარ დავცდები.
მე სითბოს ვიტყვი, სიყვარულს დავწერ,
ასე ვაშენოთ ჩვენი ქვეყანა,
თორემ სათქმელი ბევრი რომ დაგვრჩეს,
სიკვდილის შემდეგ ვიტყვით ვეღარას…
მე სითბოს ვიტყვი, სიყვარულს დავწერ,
ატმის ყვავილებს ჩავიქსოვ თმებში,
ღამიან მთვარეს, მთვარიან ღამეს
რაღაც იდუმალს ვიპოვი ჩემში.
მე სითბოს ვიტყვი, სიყვარულს დავწერ
და როს დავჭკნები ვაშლის ჩირივით
საკეთებელი ბევრიც რომ დამრჩეს
არ დავივიწყებ სითბოს ღიმილის.
მე სითბოს ვიტყვი, სიყვარულს დავწერ
ბალახზე, ცაზე, მიწაზე, წყალზე
საკეთებელი ბევრიც რომ დამრჩეს
აღარ ვიდარდებ გაფრენილ წამზე…
ავტორი:მარიამ მელიქიშვილი