რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელი Facebook-ის საშუალებით, გია მაისაშვილმა, წერილი გაავრცელა, რომლის საშუალებითაც საკუთარი ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ იტყობინება. წერილს უცვლელად გთავაზობთ:
“ბევრი გულშემატკივარი მწერს ჩემი უცაბედი ავადმყოფობის გარემოების გამო. ამდენ ხანს არ მქონდა ენერგია თუნდაც მცირედის წერისა, ამ წუთასაც თითქმის მთელი ენერგია მილეული მაქვს, მაგრამ მაინც მსურს მოყვარულ ადამიანებს გამოვესაუბრო, ვიცი ეს ძალას შემმატებს. 19 მარტს ისტამბულში აღიარებულმა დასტაქარმა მეჩმაჯინ პამირმა და მისმა ჯგუფმა გამიკეთეს თავის ტვინის სიმსივნის ოპერაცია. 5 დღით ადრე გოგიტა გეგელაშვილის მეთაურობით საქართველოში კომპეტენტური დიანგნოზი იქნა დასმული მას შემდეგ რაც სამი კვირის განმავლობაში მქონდა უმძიმესი თავის ტკივილები და სრული უენერგიობა. დიაგნოზი მოითხოვდა უსწრაფეს ქმედებას. იმის არ იყოს -თუ რამეა მყრალი პიპინია ბიძია აფთარიაო, ისეა ამ ტიპის სიმსივნე ყველაზე საშიში სიმსივნეა რაც კი არსებობს. იმედად ისღა რჩებოდა რომ ადგილი სადაც 3,5 სანტიმეტრიანი სიმსივნე იყო მოთავსებული ყველაზე მოსახერხებულ ადგილზე იყო ქირურგებისთვის სამუშაოდ და წარმატებული ოპერაციის შემდეგ იქნა სრულად მოკვეთილი. ჩემი განწყობა წინა საოპერაციოდ იყო უაღრესად მშვიდი და ოპტიმისტური, ერთი სული მქონდა სანამ ოპერაცია დაიწყებოდა. მძიმე და დამქანცველი ოპერაციის შემდეგ აღდგენა სწრაფად წარიმართა. დიდი როლი შეასრულა იმან რომ ჩემი სხეული გარდა ამ უბედურებისა აღმოჩნდა სრულიად ჯამრთელი და ბრძოლის უნარიანი. ოპერაციის ერთი კვირის თავზე მივიღეთ ცუდი ამბავი, ბიოფსიის შედეგის თანახმად სიმსივნე მოეთხე სტადიური აღმოჩნდა, ჩვენ ყველანი მოველოდით სახლში გამოშვებას და მივიღეთ ექიმის ვერდიქტი, რომ მეოთხე სტადიის სიმსივნის გამო, საჭიროა თვე ნახევრიანი აგრესიული კიმო თერაპია და რადიაცია, ორივე ერთობლივად რათა ვებრძოლოდ სიმსივნის სწრაფ ზრდას. საჭიროა 30 სეანსი რადიაციის და თვე ნახევარი მძიმე ქიმია, რაც არის მძიმე ორგანიზმზე, ეგერგიას სრულიად აცლის კაცს. ამავე დროს ყოველკვირეულად იღებენ სისხლის ანალიზს, რათა დარწმუნდნენ ორგანიზმის არ დანგრევაში ქიმიასთან ბრძოლის შედეგად. თვე ნახევრიანი ინტენსიური რადიაცია/კიმო თერაპიის შემდეგ, მოხდება ერთ თვიანი დასვენება და შემდეგ 11 თვის მანძილზე უკვე მხოლოდ თვეში ერთი კვირის მანძილზე კიმო თერაპია. მძიმეა ისტამბულში, შენს ქვეყანას მოშორებული ამ უმძიმეს ომში ყოფნა, ჩემი ექიმები მაიმედებენ რომ თუკი ვინმეს ააქვს ამ ომში გამარჯვების შანსი შენისთანა ჟანსაღი ორგანიზმის პატრონსო და მთავარი მაინც შენი სულიერი შემართებააო, რაც ჩემდა უნებურად, თავისით შეიცვალა, სიცოცხლეს და ცხოვრებას სულ სხვა აზრი მიეცა, ყველაფერი გამკაფიოვდა, ვიცი ზუსტად რაც მინდა. ჩემი სული აღსავსეა მადლიერების განცდით ჩემი ოჯახის, ჩემი მეგობრების, ადამიანების მიმართ, რომლებსაც არ ევალებოდათ ასე გულთან ახლოს მიტანა ამ წუხილის, ბედნიერებაა როცა ამდენ ადამიანს ასე უყვარხარ. წინ დიდი ბრძოლაა, ამ ბრძოლაში დათმობას მე არ ვაპირებ, ამდენი მოყვარული ადამიანის დატოვებას, ისევ სიმსივნემ უნდა დათმოს დასათმობი. სიცოცხლეს გაუმარჯოს და უფრო მეტად მართალ სიცოცხლეს, სიყვარულით აღსავსეს, თუ შანსი მომეცა უკვე ვიცი, როგორ შევწირო მთელი ჩემი სიცოცხლე სიყვარულს. მადლობა ყველას, სიყვარულის ძალა ყოფილა ყოვლის დამძლევი-როცა სიცოცხლე ასე ნავარდობს სიკვდილის ყველა კარი ჩარაზეთ!!!- ხო მართლა , ქირურგმა მითხრა, როგორც კი დანა დაგადეთ მარცხენა თვალიდან ცრემლი გადმოგვარდაო და მერე თურმე ძილში მზეო თიბათვისას ვლოცულობდი ჩემი და და ჩემი მეგობარი რომ შემოვიდნენ საოპერაციოში. ექიმებმა ჯორჯ ბეი გურჯისტანი შემარქვეს. სიცოცხლეს მოუფრთხილდით, აბა ღმერთი იყოს ყველა თქვენგანის მფარველი! ვერ გავბედე ჩემი გადახოტრილი თავის ჩვენება.”