– სამწუხაროდ, ყველაფერი წარმავალია მზისა ქვეშე, ჯერ იყო, სლავთა ფეოდალური სახელმწიფოების ჩამოყალიბებამ სამხრეთის იმპერიებს ჩრდილოური შემოსევების საშიშროება შეუმსუბუქა და ქართველთა სახელმწიფომ ტრამალების ხალხებთან წინამბრძოლის ფუნქცია დაკარგა. შემდეგ, ისედაც მიხრწნილი ბიზანტიის იმპერია ჯვაროსნებმა და თურქებმა მოაშთეს. კათოლიკურ ქრისტიანობას იმდენად სერიოზული ჭია შეუჩნდა, რომ მისი არსებობის შესანარჩუნებლად ინკვიზიციის დაარსება შეიქნა საჭირო. როცა ციტადელი ირყევა, გოდოლის მეციხოვნეთა ბედიც ბეწვზე ჰკიდია.
ერთმორწმუნე სამყაროსთან არსებული კომუნიკაციები დაირღვა და საქართველოს იდეოლოგიური ფუნქციაც თანდათან გაუქმდა. კიდევ ცოტა ხანი და, ზღვაოსნობის განვითარებამ აღმოსავლეთთან სავაჭრო გზები წყლებზე გადაიტანა. ამით ეკონომიკური ფუნქციაც გამოგვეცალა. მოკლედ რომ მოვჭრათ, ერთ მშვენიერ დღეს აღმოჩნდა, რომ საერთაშორისო ფუნქციები გაუქმდა და მსოფლიო-ისტორიული მისია აღარ გაგვაჩნია. კაცობრიობისთვის წესიერი საქმეების მკეთებელი, ძლევამოსილი სახელმწიფო წვრილმანი სამთავროების კინკლაობის ასპარეზად და ყველა მოცლილი თუ მოუცლელი დამპყრობლის სარბიელად იქცა. რუსეთთან შეერთებამდე საქართველოს ისტორიის ბოლო ხუთ საუკუნეს თამამად შეიძლება, დაერქვას ხუთასწლოვანი ომი ფიზიკური არსებობის შესანარჩუნებლად და შექმნილი კულტურის გადასარჩენად. საყურადღებოა, რომ ქართულ ეროვნულ-პოლიტიკურ აზროვნებას მუდამ და ამომწურავად ესმოდა სახელმწიფოებრივი ინსტიტუტის ისტორიული მისიიდან წარმომავლობის აუცილებლობა. დიდ მასშტაბებში ეს იდეა პირველად ვახტანგ გორგასალის ხელით განხორციელდა. ტრამალის ხალხებთან წინამბრძოლობის ფუნქცია როცა გაუქმდა, მაშინ დავით აღმაშენებელმა და მისმა პოლიტიკოსებმა წინა აღმოსავლეთის კულტურულ- პოლიტიკური ხელმძღვანელის ფუნქციით აღჭურვეს ქართველთა სახელმწიფო და ამ მიზნის განხორციელების მტკიცე საფუძველი შექმნეს. მსოფლიო ქრისტიანულ ცივილიზაციას და, კერძოდ, ბიზანტიის იმპერიას რომ საძირკველი მოერყა, თამარის სახელმწიფომ მართლმადიდებელი სამყაროს ჰეგემონობაზე, სამაჰმადიანოში წესრიგის დამყარებაზე განაცხადა პრეტენზია. ამ მხრივ, საქმეები რიგიანადაც წარიმართა, მაგრამ მონღოლობამ მოგვისწრო და ჩვენს ისტორიაში უმნიშვნელოვანესი კატაკლიზმი გამოიწვია. თვით ერეკლეს პოლიტიკაც ვახტანგ გორგასალის ოპერაციის გეოგრაფიულად შებრუნებული განმეორება გახლდათ – საყრდენით ჩრდილოეთში და მახვილით სამხრეთში, მაგრამ ამ ვითარებამდე იმდენად გაჩანაგებულებმა მივაღწიეთ, რომ რუსეთმა ქართველთა მოკავშირეობას მათი მფარველობა ამჯობინა, სხვათაშორის, თვით ქართველებმაც მფარველობის ქვეშ ყოფნა ამჯობინეს… ყოველივე ეს იმისთვის ვთქვი, რომ წინაპართა სიბრძნე და მოცადეობა აღუნიშნავი არ დარჩენილიყო, მათი შრომა წყალში არ გადაყრილიყო… დიახ, ის საზარელი ხუთასი წელიწადი! ვისაც მიუკერძოებლობა და განათლება ჰყოფნის, იმისთვის ჩვენი ისტორიის ამ პერიოდთან მხოლოდ ამერიკელი ინდიელების ანალოგია არსებობს. სხვა პარალელი არ მაგონდება. ასეა თუ ისე, სიცოცხლისა და კულტურის შენარჩუნებაც ფუნქციაა, მაგრამ ვიწრო-ეროვნული, ძლიერი სახელმწიფოს არსებობისთვის უვარგისი. ქართველთა სახელმწიფო, ფაქტიურად, გაუქმდა. მისი ავ-კარგის მიმართ ერის ძირითად მასას ქვეცნობიერი თუ გაცნობიერებული პასუხისმგებლობა მოუდუნდა, ხოლო მრავალმა დამარცხებამ და აოხრებამ მოქალაქეს ძლევამოსილების რწმენა დაუკარგა. სწორედ ამან მოახდინა ერის ზნეობაში პირველი ძვრა დაკნინებისკენ. მთავარი სამუშაო ფუნქციის კერძო-ეროვნულმა ხასიათმა, საერთაშორისო უმნიშვნელობამ შეასრულა: ცხოვრება სიცოცხლის შენარჩუნების პროცესად იქცა, ხოლო ამ პროცესმა თავისი მომწესრიგებელი ფაქტორი, ანუ შესაბამისი ზნეობა ჩამოაყალიბა, – თავკერძული ელემენტებით უხვად შეზავებული, ძლიერი სახელმწიფოს დროინდელთან შედარებით დაბალი და კნინი. მართალია, კერძო-ეროვნული მიზნისთვის, მაგრამ ხალხი მხარდამხარ იდგა, ადამიანს ერთობისა და ერისთვის თავდადების უნარი საკმაოდ გამახვილებული ჰქონდა. ხუთასი წლის გააფთრებული წინააღმდეგობის შემდეგ ერი ხორციელად განადგურდა, სულიერად გადაიღალა. სხვა გზა აღარ იყო და ერთმორწმუნე ერი მოვიყვანეთ. დასავლურ კულტურასთან პირდაპირი კონტაქტების უძველესმა წყურვილმა ახალ ფორმაში ჰპოვა განხორციელება: ევროპის უდიდესი სახელმწიფოს
ნაწილად ვიქეცით! რუსეთთან შეერთებამ ყველა პრობლემა ერთბაშად მოხსნა. გაგვათავისუფლეს ომებისგან, ლეკიანობისგან, ამოწყვეტის საშიშროებისგან, ბაგრატიონთა ათასწლოვანი დინასტიისგან და გადასახადებისგანაც კი. ეს შესვენება ქართველი ერისთვის გადაუდებელ საჭიროებას წარმოადგენდა, მაგრამ ერთი კანონზომიერი რამ მოხდა: ისტორიულად კაცობრიულ და ეროვნულ ვალდებულებებს დაჩვეული ქართველი კაცი უამოცანოდ დარჩა, მას აღარაფერი მოეთხოვებოდა, სრულიად აღარაფერი; ერი დაემსგავსა საძოვარზე მიშვებულ ნახირს, რომელსაც მხოლოდ ერთი საქმე აქვს – სძოვოს. ასი წელიწადია ვბალახობთ, ჩვენი ერთადერთი ფუნქციაა – ვჭამოთ, ვსვათ, შვილები ვზარდოთ. გათავდა. ასეთმა ფუნქციამ ძველი, ტრადიციული ზნეობა გადააგვარა და დღეს თუკი ვისმე თავისუფლების, სამშობლოს, სახელმწიფოებრიობის სიყვარული აქვს, მხოლოდ იმის ბრალია, რომ ზნეობა უმდგრადესია სულიერ ღირსებათა შორის. აი, ჩემი აზრით, ეს დავკარგეთ, ქალბატონო ნანო. რანი ვართო, რომ ბრძანეთ, უდიდეს ბოდიშს ვიხდი, მაგრამ სიმართლე უნდა მოგახსენოთ: საშოვარს გადაგებული გათითოკაცებული, ყოფილი ერი. დავამთავრე, ელიზბარ, შეგიძლია, საათს დახედო.