…გავალ წვიმისფერ ქალაქში ყურსასმენებით და კედებით და მანამ ვივლი ძველ, თბილისურ ქუჩებში სანამ წვიმის ყოველი წვეთი არ გამიჯდება კანისგან მოქსოვილ პაწაწინა უჯრედებში, სანამ ტროტუათან, ჭუჭყიან გუბეში არ ავირეკლები. სანამ არ მოგწერ და არ გეტყვი, როგორ მჭირდები…
ვივლი და ნაცნობ, ძველ მელოდიებს მოვუსმენ.
უცნობ, ახალ სახეებს დავაკვირდები. ყველა სახეში შენ გიპოვი…
ყველა სახეში შენ გიცნობ და შენ მომენატრები…
სანამ არ გნახავ, არ ჩამოგადებ მხარზე თავს და შენი თვალების ფერში ტილოზე გადღაბნილი საღებავივით ავიდღვიბები.
სანამ არ ჩაგეხუტები…
ვიცი, სახეზე ჩამოშლილ ცრემლებსაც შემიმშრალებ შენი თბილი ხელისგულებით და ცხელ ჩაისაც დავლევთ რომით. დიდხანს ვიჯდებით ჩვენს საყვარელ კაფეში გამჭვირვალე მინებით და დავაკვირდებით გამვლელების უემოციო სახეებს, უმეტყველო თვალებს და ნათამაშევ ცხოვრებას…
ჩვენ ვიცით რომ გარშემო ყველაფერი გრიმითაა მოთხვრილი…
ხანდახან ცაზე მზეც კი ელექტრონის ნათურასავით ანათებს, მხოლოდ შენს თვალებშია ნამდვილი მზის სხივები ჩაღვრილი – როცა მიყურებ.
დღეს შობაა. ჯიბისკებ ხელს წაიღებ და იქიდან პატარა საჩუქარი ამოგაქვს. მერე მეც მომაპყრობ ცნობისმოყვარე მზერას. ჰო… უსაჩუქროდ არ მოვსულვარ, დამადე ხელები მუცელზე…