სასწავლო წლის დასაწყისში, მეექვსე კლასის დამრიგებელი თავისი ყოფილი მეხუთეკლასელების წინ იდგა. მან გადახედა ბავშვებს და უთხრა, რომ ყველა ერთნაირად უყვარს და უხარია მათი ნახვა. ეს ტყუილი იყო, რადგან ერთ-ერთ წინა მერხზე იჯდა ბიჭი, რომელიც მასწავლებელს არ უყვარდა.
მან ეს ბიჭიც, როგორც დანარჩენი მოსწავლეები, გასულ წელს გაიცნო. ჯერ კიდევ მაშინ შეამჩნია, რომ იგი არ თამაშობდა თანაკლასელებთან, ეცვა ჭუჭყიანი ტანსაცმელი და ისე ყარდა, თითქოს, არასდროს უბანავია. მასწავლებლის დამოკიდებულება ბიჭთან თანდათან გაუარესდა და იქამდე მივიდა, რომ მას სურდა წითელი ხაზი გადაესვა მოსწავლის ყველა დავალებისთვის და ერთიანი დაეწერა.
ერთხელაც, სკოლის უფროსმა პედაგოგმა მოითხოვა ყველა მოსწავლის მახასიათებლების გაანალიზება, მათი სასკოლო პროცესის დასაწყისიდან. მასწავლებელმა არასასურველი მოწაფის საკითხი ბოლოსთვის შემოინახა. როცა მიაღწია ბიჭამდე და უხალისოდ დაიწყო მისი მახასიათებლების შესწავლა, ქალი დამწუხრდა.
მასწავლებელი, რომელიც ბავშვს პირველ კლასში ასწავლიდა, წერდა: „ეს შესანიშნავი ბავშვია, გამჭირვალე ღიმილით. საშინაო დავალებებს სუფთად და აკურატულად ასრულებს. ერთი სიამოვნებაა მის გვერდით ყოფნა“
მეორე კლასის მასწავლებელი წერდა: „ეს არაჩვეულებრივი ბავშვია, რომელსაც მეგობრები აფასებენ, მაგრამ მას პრობლემები აქვს ოჯახში: დედამისი უკურნებელი სენითაა ავად და მისი ცხოვრება სახლში, გამუდმებული ბრძოლაა სიკვდილთან.
მესამე კლასის მასწავლებელი კი წერდა: „დედის გარდაცვალებამ ბიჭს დიდი დარტყმა მიაყენა. იგი მთელი ძალით ცდილობს, მაგრამ მამამისი მისდამი ინტერესს არ იჩენს. მისი საშინაო ცხოვრება გავლენას იქონიებს განათლებაზე, თუკი არანაირი ზომები არ იქნება მიღებული.
მეოთხე კლასის მასწავლებელი: „ბიჭი უპასუხისმგებლოა და არ ავლენს სწავლისადმი ინტერესს. თითქმის არ ჰყავს მეგობრები და ხშირად იძინებს გაკვეთილზე“.
მახასიათებლების გაცნობის შემდეგ, მასწავლებელს საკუთარი თავის ძალიან შერცხვა. მან უარესად იგრძნო თავი, როცა საახალწლოდ ყველა მოსწავლემ აჩუქა ძვირფასი ქაღალდით შეფუთული საჩუქრები, ხოლო მისთვის არასაყვარელი მოწაფის საჩუქარი ყავისფერ, უხეშ ქაღალდში იყო გახვეული. რამდენიმე მოსწავლემ სიცილი დაიწყო, როცა ამ შეფუთვიდან მასწავლებელმა ამოიღო სამაჯური, რომელსაც აკლდა რამდენიმე ქვა და მასთან ერთად, სუნამოს ნახევრად ცარიელი ფლაკონი. მასწავლებელმა კლასში სიცილი ჩააცხრო, როცა წამოიძახა: „რა ლამაზი სამაჯურია!“ შემდეგ კი, სუნამო გახსნა და მაჯაზე დაიპკურა. იმ დღეს, ბიჭი გაკვეთილების შემდეგ შეყოვნდა და მასწავლებელს მიმართა: „დღეს თქვენ დედაჩემის სურნელი გაქვთ“. როცა მოსწავლე წავიდა, ქალი დიდხანს ტიროდა.
რაღაც დროის შემდეგ, არასასურველი მოსწავლე ცხოვრებას დაუბრუნდა. სასწავლო წლის ბოლოსთვის, იგი ერთ-ერთი ყველაზე კარგი მოსწავლე გახდა.
შემდეგ წელს, როცა მასწავლებელს უკვე სხვა კლასის მოსწავლეები ჰყავდა, მან იპოვა კართან წერილი, სადაც ბიჭი წერდა, რომ იგი იყო ყველაზე კარგი მასწავლებელი, ვინც კი ჰყოლია.
კიდევ ხუთი წლის შემდეგ, ბიჭმა მასწავლებელს მისწერა, რომ დაამთავრა კოლეჯი და ნიშნების მიხედვით კლასის მოსწავლეებს შორის მესამე იყო, ხოლო იგი კვლავ მის საუკეთესო მასწავლებლად რჩებოდა.
ოთხი წლის შემდეგ, ბიჭი მასწავლებელს წერდა, რომ ყველა სირთულის მიუხედავად, საუკეთესო ნიშნებით მალე დაამთავრებდა უნივერსიტეტს და კვლავ აღნიშნა, რომ ის იყო საუკეთესო მასწავლებელი მის ცხოვრებაში.
კიდევ ოთხი წლის შემდეგ გაგზავნილ წერილში, იგი მასწავლებელს სწერდა, რომ გადაწყვიტა აემაღლებინა ცოდნა და ახლა მისი გვარ-სახელის წინ დოქტორის წოდება იყო. ამავე წერილში იგი ასევე წერდა, რომ იგი მის ცხოვრებაში საუკეთესო მასწავლებლად რჩებოდა.
დრო გადიოდა. ერთ-ერთ წერილში ბიჭი ყვებოდა, რომ გაიცნო ერთი გოგონა და მასზე დაქორწინებას აპირებდა; რომ ორი წლის წინ გარდაიცვალა მამამისი და სთხოვდა მასწავლებელს, დაეკავებინა ქორწილში ადგილი, რომელიც, ჩვეულებრივ, სიძის დედას უჭირავს. რა თქმა უნდა, მასწავლებელი დათანხმდა.
საკუთარი მოსწავლის ქორწილის დღეს ქალმა გაიკეთა სწორედ ის სამაჯური, რომელსაც ქვები აკლდა და იყიდა იგივე სუნამო, რომელმაც დამწუხრებულ მოსწავლეს საკუთარი დედა გაახსენა. ისინი ერთმანეთს შეხვდნენ, მოეხვიენ და ბიჭმა იგრძნო მშობლიური სურნელი: „გმადლობთ, რომ გჯეროდათ ჩემი, გმადლობთ, რომ მომეცით ძალა, მეგრძნო საკუთარი საჭირობა და მნიშვნელობა; რომ მასწავლეთ, მქონოდა საკუთარი ძალის რწმენა და გამერჩია კარგი ცუდისგან“. თვალცრემლიანმა მასწავლებელმა უპასუხა: „ცდები, ეს შენ მასწავლე ყოველივე. მე არ ვიცოდი, როგორ უნდა მესწავლებინა, ვიდრე შენ არ გაგიცანი“…