Skip to content

საკვამურიდან ამოსული სითბო

გუშინ დაძინებისას,რადგან ყოველთვის ასე ვიქცევი  ხოლმე,ისევ მივედი ფანჯარასთან ტკბილი ძილი,რომ მესურვებინა სამყაროსთვის და მოულოდნელად დავინახე თეთრად გადაპენტილი არე-მარე. ბავშვივით ამიჩქარდა გული.გამიკვირდა, ამის შესახებ არც ერთმა ჩემმა მეგობარმა,რომ არ დაპოსტა ფეისბუქზე.საცრისოდენა ფიფქები  ცვიოდნენ ციდან და ბავშვობის ლამაზმა დღეებმა თავისთავად გაიღვიძეს ჩემში.ძალიან მაგრად დავუხჭე თვალები,მაგრამ ვერ დავიძინე.თვალწინ დამიდგაო,რომ იტყვიან ჩემი ბავშვობა,რომელიც სოფელში გავატარე.მახსოვს, რთულ პირობებში გვიწევდა ცხოვრება.გაუსაძლისი სიღარიბე იყო ქვეყანაში,მაგრამ მიუხედავად ამისა, ადამიანებს ერთმანეთის გვერდით დგომა არ გვეზარებოდა.დასახმარებლად ყველა ერთმანეთს სიყვარულით ვუწოდებდით ხელს და ერთმანეთს ტვირთის ზიდვას ვუმსუბუქებდით.სკოლაშიც  ერთმანეთზე ზრუნვას გვასწავლიდნენ პედაგოგები და ვფიქრობ,სწორედ სკოლის ასაკში ვისწავლეთ მე და ჩემმა მეგობრებმა როგორ უნდა გვეცხოვრა ღირსეული ცხოვრებით.

კლასში ზოგიერთ ჩვენთაგანს დახეული ფეხსაცმელი ეცვა,რომელშიც წყალი შეგვდიოდა. მე  კი მამას ნაქონი ლურჯ სვიტერს ვატარებდი სკოლაში,რომელიც მუხლამდე მწვდებოდა და შიგნიდან მითბობდა  გულს.ჩვენს კლასში ერთი გოგონა სწავლობდა,რომელსაც დედა არ ჰყავდა და მამა ზრდიდა.ამის გააზრება,მაშინაც მტკივნეული იყო ჩემთვის. რადგან ვერაფრით წარმომედგინა,რომ  ოდესმე შეიძლებოდა ადამიანს აღარ ჰყოლოდა ცოცხალი  ამქვეყნად დედა.ამიტომ, ყოველთვის,როდესაც ჩვენთან მოდიოდა სახლში, დედას გამომცხვარი ტკბილეულით ვუმასპინძლდებოდი და ყველა სურვილს ვუსრულებდი.

ერთხელ ჩემთან ვთხოვე დარჩენა.ბარბარობის დღესასწაული თენდებოდა დილით და ვთხოვე ჩვენი მეკვლე ყოფილიყო.ძალიან გაუხარდა.თვალები დახარა და ანგელოზად იქცა.საღამოს შეშის ღუმელს შემოვუსხედით ორივე და გაკვეთილებს ვმეცადინეობდით.დედა ლობიანის ცომს ამზადებდა.მჯეროდა ბარბარობის ზღაპარი დაიწყებოდა მალე. დედამ რომ გვითხრა ცა სათოვად არისო გამზადებული, გულმა გამალებით დაიწყო ფეთქვა.საღამოს, დაიწყო კიდეც თოვა.ბარდნიდა ისე საოცრად,რომ სულში მებჯინებოდა რაღაც.ახლაც არ ვიცი დანამდვილებით რას ვგრძნობ ყოველთვის,როდესაც ციდან ჩამოცვენილ ფიფქებს ვუყურებ და მენატრება სითბო,რომელიც ჩემს სახლში ტრიალებდა ბავშობაში. საღამოს, დედამ თბილად ჩაგვაცვა და ჩვენც საგუნდაოდ გავეშურეთ.ჯერ გულაღმა დავდექით და ციდან მოფრენილ ფიფქებს ვუყურებდით.ყურს ვუგდებდით სიჩუმეს თოვაში,რომელიც უამრავ საიდუმლს გვიმხელდა პატარებს.შემდეგ თოვლის ბაბუა გავაკეთეთ და მთელი საღამო დავეხეტებოდით ზამთრის ჯადოსნურ ზღაპარში.დედამ შინ რომ შევბრუნდით ჩაი გაგვიმზადა და მთელ სახლში ჯადოსნური სურნელი დატრიალდა.

რადგან დილით სკოლაში უნდა წავსულიყავით დასაძინებლად ადრიანად გავემზადეთ.დედამ სწორედ იმ ოთახში გაგვიშალა ლოგინი,რომელშიც შეშის ღუმელი ენთო და  მთელი ღამე  ტყის გუგუნის ხმა ისმოდა  ჩვენს ოთახში.ჩემი მეგობარი ძილის წინ  შეწუხებული ჩანდა.არ უნდოდა ბოტები გაეხადა და თავს უხერხულად გრძნობდა. ყურში ჩამჩურჩულა,რომ დახეული წინდები ეცვა.მე დავამშვიდე.ჩემი პიჟამოები ვათხოვე.ახლა ჩვენ თითქოს დები ვიყავით,გული ერთმანეთზე იმედით გვქონდა სავსე. ოთახში,რომელშიც ჩვენ ვიწექით იხედებოდნენ დევივით კეთილი მთები,ამიტომ წარმოვიდგინე ღამით კიდევ უფრო როგორ გადაიპენტებოდა  სამყარო თეთრად,როგორ დაეშვებოდნენ ფრინველები დათოვლილ მწვერვალებზე,როგორ დახუჭავდნენ თვალებს და ნისლის საბურველში გაეხვევოდა  ყველაფერი ირგვლივ.

დილით დაბრაწარული ლობიანების სურნელმა გამომაღვიძა.ოთახში ისევ გიზგიზებდა ცეცხლი..დედა მთელი ღამე ქსოვდა და  მხოლოდ  გამთენიისას  შესდგომია ლობიანების ცხობას. გოგონას  სასთუმალზე  ულამაზესი ფაფუქი თეთრი ძაფისგან ნაქსოვი წინდები ეწყო.ისე გამიხარდა,რომ ლოგინიდან წამოვხტი და დედას მხრებზე მოვეხვიე.დედა იღიმოდა და ბედნიერი ჩანდა.მან კი საჩუქარი რომ დაინახა ლოყები შეეფაკლა და მოკრძალებული მადლობა გადაუხადა დედას.შემდეგ გულის ჯიბიდან კამფეტები ამოიღო და ხვავლი და ბარაქა გვისურვა ჩუმი და ტკბილი ხმით. ჩვენ სამნი შემოვუსხედით  პატარა ტაბლას  და ცხელ ლობიანებს მივირთმევდით.მე გულუბრყვილოდ ვიკრიჭებოდი და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი,რომ დედაჩემი ნამდვილი ანგელოზი იყო.გარეთ ზღაპრულად თოვდა. შემდეგ დედამ სასკოლოდ გაგვამზადა და მანდარინები ჩაგვიწყო ჯიბეებში.თოვლიან ბილიკებს გავუყევით მე და ანა და დათოვლილი ხეების ცქერით ვირთობდით თავს.ღმერთო,რამდენი ციყვი შემოგვხვდა იმ დღეს გზაზე,რამდენი ნაკვალევი ვიპოვეთ თოვლში.მელიების,ჩახვის,შოშიების და კოდალების ნაფეხურებს  მივყვებოდით უსასრულოდ შორს. რადგან სკოლამდე მისასვლელად ყოველ დღე  პატარა  ტყე უნდა გაგვევლო  ყოველი დილა იდუმალი იყო ჩემთვის.ახლა ამ მოთხრობას რომ ვწერ თითქოს ვგრძნობ  თოვლის სურნელს,რომელიც ტრიალებდა ტყეში ბარბარობის ულამაზეს დილას და თავს ვკარგავ თითქოს.

მახსოვს, შემდეგ  ძალიან დიდი თოვლი მოვიდა და  ღობემდე მისასვლელი გზა საკუთარი ხელით გაიყვანა დედამ.გაცივდა და ტყეში ვეღარ შესძლო წასვლა ფიჩხები რომ  მოეგროვებინა და მხრებით მოეტანა სახლამდე.ამიტომ ამოგვეწურა შეშის მარაგი და ჩვენი სახლი გაიყინა. აღარ ტრიალებდა  სითბო,რომელსაც   გათოშილი პატარა ხელების გათბობა შეეძლო ჩემთვის.მე არ ვიცოდი,როგორ დავხმარებოდი დედას,რომელიც სიცხიანი ლოგინში იწვა და მხოლოდ წყალს ითხოვდა.ვიდექი ფანჯარასთან სასწაულის მოლოდინში და დახმარებას ვთხოვდი ღმერთს.ერთ დღესაც კი  ნამდვილი ანგელოზი საკუთარი ფეხით მოვიდა ჩვენთან.საკუთარი ხელით დაგვიკაკუნა კარზე  და  ფრთები, ვფიქრობ ტყეში,რომელიმე ნაძვის ხის ქვეშ დატოვა.ჩემი მეგობრის მამამ  ერთი ტომარა შეშა მოიხსნა მხრიდან და კართან დაგვიტოვა უხმოდ.მახსოვს როგორ ამოვალაგე ხმელი მუხის შეშა  ტომრიდან და  დავანთე ჯადოსნური ცეცხლი სახლში.მახსოვს შეეფაკლა დედას  ცეცხლის ალზე ლოყები და ნელ-ნელა  მოიკეთა კიდეც.

თუმცა  დღემდე არ ვიცი და ვფიქრობ,როგორ ხდება სამყაროში ასეთი სასწაულები.როგორ ხვდებიან ადამიანები სხვების გაჭირვებას და პრობლემებს.საიდან  უგრძნობთ გული,რომ მათ გვერდით ადამიანი შეიძლება ცუდად იყოს? არ ვიცი.ალბათ ეს არის სწორედ სიყვარული  და ერთმანეთზე მოვალეობის გარეშე ზრუნვა.ახლა კი,  ამ მოთხრობის წერის დროს  მივხდი,რომ  კეთილმა ანგელოზმა,რომელიც იმ დღით ადამიანის სახით მოგვევლინა, როდესაც  შენიშნა,რომ ჩვენი საკვამურიდან აღარ ამოდიოდა კვამლი და  ფანჯრებიდან აღარ მოჩანდა დედის სევდიანი  სახე,მაშინათვე  ჩვენი დახმარება გადაწყვიტა…