Skip to content

როგორ შევარჩიოთ 2016 წელს წასაკითხი წიგნები?

თუ დღეში წიგნის ერთი თვალის გადავლებას, ერთი გვერდის წაკითხვას მაინც მოასწრებ ე.ი ეს დრო  ტყუილად არ დაგიხარჯავს. თუ ერთი პერსონაჟის გაკეთებული სიკეთე დაგაფიქრებს და იტყვი, რომ შენც იგივეს უნდა აკეთებდე ეს უკვალოდ არ ჩაივლის, არ მოგშორდება და იფიქრებ, იფიქრებ იმაზე შენ რისი გაკეთება შეგიძლია ადამიანებისთვის.

წიგნს მარტო წაკითხვა კი არა მოსმენაც სჭირდება.

ჩვენ ყველა გვაქვს ოცნებები, მიზნები, სურვილები. ბუნებრივია, რომ სხვა ვერ და არც იბრძოლებს შენი სურვილებისთვის. სამყაროში კი ისე ხდება, რომ სინამდვილე ვერ უპასუხებს ჩვენს სურვილებს ბრძოლისა და შრომის გარეშე. ამაში ჩვენ უნდა დავეხმაროთ. ამ დროს არსებობს წიგნი, რომელიც რთულად პროგნოზირებად რეალობაში.

მიყვარს ისეთი წიგნების კითხვა, რომლებსაც განწყობაზე მოვყავარ. ამიტომ ვარჩევ ისეთ წიგნებს, სადაც სიკეთეა, სიყვარულია და ოცნებები ხდება. როდესაც დაჩაგრული გოგო ხდება ის, ვინც უნდოდა რომ გამხდარიყო.. როდესაც სიკვდილი დამარცხებულია.. როდესაც ოდნავ მაინც დაიჯერებ, რომ სიბოროტე არ არსებობს და ამ ქვეყნად კეთილი ადამიანი უფრო ბევრია შენც ასეთი ხდები. შვებით ამოისუნთქავ სამყაროზე ჩაფიქრებული და ხვდები, რომ ოდნავ მაინც გჯერა სასწაულების.წაიკითხეთ და მიაჩვიეთ თქვენი შვილებიც კითხვას. იმ სამყაროში ბევრი დიდსულოვნების, სიკეთის, უანგარ მეგობრობის, სიყვარულის…მაგალითებია რაც ასე გვაკლია ამ სამყაროში.

წიგნის კითხვასთან ერთად ბავშვობიდან მიყვარს მოგზაურობაც. დიდი სურვილების მიუხედავად არც თუ ისე ბევრი საქართველოს კუთხე დამილაშქრავს, ვერც სხვა ქვეყანაში მოვხვდი. მაგრამ წამიკითხავს, მიმოგზაურია, გამიცვნია სხვა ხალხთა, ქვეყნების  ცხოვრება და კულტურა.

შენ მეტყვი რომ ოცნებებში დავფრინავ ვარდისფერი სათვალით, მაგრამ მანამდე ოდნავ მაინც თუ დაფიქრებულხარ ამ თემაზე?

დიახ, მე ოცნებების მჯერა. მჯერა, რომ კარგ წიგნს ჩვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია. მჯერა იმის, რომ წიგნის საშუალებით უკეთესი ვხდები. კიდევ ბევრი რამის მჯერა…

რატომ ვკითხულობ?

ვეხმარები საკუთარ თავს, რომ ვისწავლო და გავიზარდო, როგორც პიროვნება. მივიღო კარგი განწყობა და მოტივაცია, ვკითხულობ რომ ჩემს თავს მივცე ძალა, როდესაც ვარ შინაგანად ცუდად და ვგრძნობ შიშს. ვკითხულობ, რომ ვიპოვო იმედი, რწმენა და ეს ყველაფერი გადავცე ჩემს თავს.

ვკითხულობ და ეს ყველაფერი მეხმარება. რომ ვიარსებო. რომ ვიყო ადამიანი.

როგორც დანიელ პენაკი ამბობს:,,ყოველდღიურ ცხოვრებაში წიგნი გულისგამაწვრილებელი წვიმისგან თავშესაფარია, ჩუმი აღფრთოვანებაა მეტროს მონოტონურ ჩაქჩაქში, საშუალო მაგიდის უჯრაში დამალული რომანია, რმელსაც მასწავლებელი უჩუმრად კითხულობს, სანამ მოსწავლეები საპასუხოდ ემზადებიან, კლასის ბოლო მერხთან მჯდომი მოსწავლის სტრიქონებს გაყოლილი თვალებია, სანამ მასწავლებელი ჩამოივლის და მის სუფთა ფურცელს ჩაიბარებს.’’

სადღაც ამოვიკითხე წიგნიერების 10 მცნება, რომელიც, ვფიქრობ, გამოგადგება :

  1. წიგნი ყოველთვის ჯობია ფილმს, რადგან წარმოსახვა არ არის შემოსაზღვრული სპეცეფექტების ჩარჩოებით.
  2. ადამიანები, ვინც წიგნებს კითხულობენ, ყოველთვის მართავენ მათ, ვინც ტელევიზორს უყურებს.
  3. როცა კითხულობ ავტორებს, რომლებიც კარგად წერენ, ეჩვევი კარგ მეტყველებას
  4. რაც უფრო მეტს კითხულობ ნაკლებად ბაძავ. შენ – შენ ხარ.
  5. კითხვა გონებისთვის იგივეა, რაც სხეულისთვის ფიზიკური ვარჯიში.
  6. ადამიანები ორ კატეგორიად იყოფიან : ვინც კითხულობს და ვინც უსმენს მათ, ვინც კითხულობს.
  7. როგორც სხეული შედგება ჩვენი ძვლებისგან, ისე წაკითხული სიტყვებისგან იქმნება ცოდნა.
  8. მთავარი წიგნის წაკითხვა კი არ არის, არამედ – გაგება.
  9. იმისათვის, რომ გახდე ჭკვიანი საკმარისია 10 წიგნის წაკითხვა, მაგრამ რომ იპოვნო ეს 10 წიგნი, უნდა გადაიკითხო 1000.
  10. მიენდე წიგნებს.  დუმან და ლაპარაკობენ როცა საჭიროა. მათ შეუძლიათ იყვნენ კარგი მეგობრები, კარგი ფსიქოლოგები, კარგი ანტიდეპრესანტები.

წიგნს ჩვენი გადარჩენა და ცხოვრების ხალისის დაბრუნება რომ შეუძლია ამის მაგალითად  შეგახსენებ ალენ დელონის სიტყვებს :

,,ჩემს ცხოვრებაში იყო ისეთი მძიმე დეპრესიის პერიოდი, რომ თავის მოკვლაზე ფიქრი დავიწყე. მაგრამ ამ მომენტში, აბსოლუტურად შემთხვევით, ჩემს ხელში მოხვდა პატარა წიგნი, მოთხრობათა კრებული, რომელმაც მომაბრუნა და ცხოვრების ხალისი დამიბრუნა. რომ არა ეს წიგნი, ალბათ ძალიან გამიჭირდებოდა ამ მდგომარეობიდან გამოსვლა.

იმ დიდსულოვნებამ, რომელიც ამ მთხრობაში იყო ჩადებული, სიკვდილისგან მიხსნა. სამწუხაროდ ამ მწერალსა და პოეტს კარგად არ იცნობენ ევროპაში. ეს ქართველი მწერალი ვაჟა-ფშაველაა.მე მომხიბლა მისი ნაწარმოების სიღრმემ და თვითმყოფადობამ, სწორედ ამ წიგნის შემდეგ დავინტერესდი ქართული ლიტერატურით.” /ალენ დელონი/

არ ვიცი, ეს სიტყვები ალენ დელონმა ნამდვილად თქვა თუ არა მაგრამ ხომ მაგარია?!

დღევანდელი დატვირთული გრაფიკის პირობებში წიგნის წაკითხვა დიდ ფუფუნებად იქცა, ამიტომ მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ კონკრეტულად რას ვარჩევთ. მოდი, დავყოთ კატეგორიებად:

  1. წიგნი ზღაპრულ ამბავზე
  2. წიგნი, რომელმაც საერთაშორისო ჯილდო მიიღო
  3. ბესტსელერი
  4. წიგნი, რომელიც სკოლაში არ წაგიკითხავს (არადა, ყოველთვის გინდოდა)
  5. წიგნი შენი სახლის ბიბლიოთეკიდან
  6. უცხოური ლიტერატურა (ქართულად ნათარგმნი)
  7. ფანტასტიკის ჟანრის რომანი
  8. ევროპული ლიტერატურა
  9. წიგნი – 150 გვერდამდე
  10. წიგნი, რომელიც ფილმად გადაიღეს
  11. წიგნი ვინმეს რეკომენდაციით
  12. წიგნი თვითგანვითარებისთვის
  13. წიგნი, რომელსაც ერთ დღეში წაიკითხავ
  14. წიგნი ცნობილი ადამიანის ავტორობით
  15. წიგნი, რომელიც 600 გვერდზე მეტია
  16. სამეცნიერო ფანტასტიკის ნოველა
  17. უახლესი გამოცემა
  18. წიგნი, რომელსაც მთავარი მოქმედი გმირის გამო წაიკითხავ
  19. საზაფხულო საკითხავი
  20. დეტექტივი
  21. კომედია/სატირა
  22. პირველი წიგნი, რომელსაც მაღაზიაში დაინახავთ
  23. XX საუკუნის კლასიკა
  24. ავტობიოგრაფია
  25. წიგნი, მოგზაურობაზე
  26. წიგნი, თქვენთვის უცნობ კულტურაზე
  27. წიგნი, რომელიც ხდება კუნძულზე

იმედი მაქვს, ეს ჩამონათვალი დაგეხმარება, აარჩიო შენთვის პრიორიტეტული ლიტერატურა.

ავტორი: ნინო მაზანიშვილი