ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი თემა ბავშვებთან მუშაობაა.პატარებთან ურთიერთობისას, მათი თვალით ვუყურებ სამყაროს, ბევრ რამეს უფრო ფერადად და საინტერესოდ ვხედავ.
ლელი შევჩენკო
არქიტექტორი/დიზაინერი/დეკორატორი100-ამდე რეალიზებული პროექტის ავტორი
2013-2014 წ.წ. – საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსის გამარჯვებული, ნომინაცია – საუკეთესო ინტერიერის პროექტი.
Tel: +995 599 14 70 75 Email: [email protected]
<< „კითხვა“ ვერ ჰგუობს ბრძანებით კილოს. ამით ის „სიყვარულსა“ და „ოცნებას“ ჰგავს….
ცდა, რა თქმა უნდა, შეიძლება. აბა, ვნახოთ: „გიყვარდე!“ „იოცნებე!“ „იკითხე!“ „იკითხე- მეთქი, გეუბნები! გიბრძანებ, იკითხო!“>> (დანიელ პენაკი, „რომანივით საკითხავი“)
როგორ წარმოგიდგენიათ, ვინმეს ბრძანებით „პეპი გრძელწინდას“, „ემილის თავგადასავლის“ ან „პატარა უფლისწულის“ წაკითხვა ? – მე ბევრი ვეცადე და ვერ მოვახერხე ☺
ძალიან ხშირად მომისმენია, თუ როგორ ღელავენ უფროსები ახალგაზრდობასა და პატარებზე, – ამბობენ, რომ ისინი ზედმეტად დამოკიდებულნი არიან ტექნოლოგიებზე, მობილურსა, თუ ინტერნეტზე და საერთოდ არ უყვართ წიგნის კითხვა.
მიუხედავად არსებული ყოველდღიურობის და პრობლემების, რაც ყოველთვის თან დაჰყვება ყველა ადამიანს, მაინც საოცრად ფერადი, საინტერესო ასოციაციებით, ფანტაზიით სავსე ბავშვობა მქონდა… დღემდე მომყვება მაშინდელი განწყობა და ძალიან ბევრი იდეის შთაგონების წყაროც გამხდარა ჩემთვის – როგორც არქიტექტურასა და დიზაინში, ასევე – ფერწერისა და მარიონეტების შექმნისას….
…არა, მე კი არ ვიყავი რაიმეთი განსხვავებული ბავშვი, – უბრალოდ, ბაბუა და მშობლები მიქმნიდნენ მყარ ნიადაგს იმისათვის, რომ წიგნი შემეყვარებინა. მახსოვს, თუ როგორ მიკითხავდნენ საღამოობით მხატვრულად, მახატინებდნენ, შემდეგ კი, ერთად ვაკეთებდით პლასტელინისგან პერსონაჟებს, აღწერილ გარემოს… ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ შემიყვანეს იმ სამყაროში, რომელსაც წიგნი ჰქვია.
ვინმეს რომ ბრძანებით ეთქვა ჩემთვის, ახლავე დააგდე ეგ სათამაშო და იკითხეო, არასდროს აღარ გავეკარებოდი წიგნს. მითუმეტეს, ახლანდელ პატარებს ხომ უამრავი საცდური აქვთ, ტელევიზიის და ინტერნეტის სახით…
ბავშვებთან ურთიერთობა, მუშაობა ძალიან საინტერესოა, უზარმაზარ ენერგიასა და ცოდნას ვიძენ მათგან. გარდა არქიტექტურისა და დიზაინისა, ვმუშაობ ფერწერასა და არტთერაპიაში, სადაც ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ ბავშვებია. როგორც წინა წერილებში აღვნიშნე, ადრეული გაზაფხულიდან ვმუშაობ საკურორტო ზონაში – სასტუმროების მშენებლობაზე. გარდა მშენებლობისა, ვახდენ ავეჯის აღდგენას, ვაკეთებ ფერწერას და ვამუშავებ პროგრამას არტთერაპიის კურსის შესახებ.
ანასთან და მარიამთან ერთადაც ჩავატარე ექსპერიმენტი, ცოტა „ვითამაშეთ“ ☺ შევთანხმდით, რომ ბავშვები თვითონ აარჩევდნენ ლიტერატურულ ნაწარმოებს და იმის მიხედვით გავაკეთებდით დეკორაციას. მოვუყევი მათ კინოს და ანიმაციის გადაღების პრინციპზე – ვაჩვენე, თუ როგორ ხდება პატარა ბუტაფორიების ისე გადაღება, რომ, როგორც ნამდვილი ჩანჩქერი, ბაღი ისე გამოჩნდეს. გოგონებმა არჩევანი შეაჩერეს ჯანი როდარის „ჩიპოლინოს თავგადასავალზე“.
მაკეტზე მუშაობის დაწყებამდე, „ვაღიარე“, რომ „აღარ მახსოვდა“ წიგნის შინაარსი და დეტალურად მიამბეს სიუჟეტი, პერსონაჟების აღწერილობა. მერე კი, ვიმსჯელეთ ძირითად მახასიათებელ შტრიხებზე, ჩაცმულობის ნიუანსებზე…
გადავწყვიტეთ, რომ ჩიპოლინოს ოჯახი ხახვისგან შეგვექმნა. დანარჩენ პერსონაჟებს – ლიმონისა და სტაფილოსგან, ხოლო ეზოსა და სახლებს – ხავსისა და გოგრებისგან გავაკეთებდით.
გოგონებმა ხავსი და ნაძვის ხის ტოტები ტყეში მოაგროვეს, გოგრის შოვნა კი გაგვიჭირდა – არც იყიდებოდა და მეზობლადაც არავის ჰქონდა ეზოში. გამოსავალი, თითქოს, არ არსებობდა, მაგრამ ჩვენ მაინც მოვნახეთ.
არ დაგვეზარა და, შევაწრიალეთ მთელი უბანი, ბოლოს კი, კურორტზე მყოფმა ახალგაზრდა ცოლ-ქმარმა მოგვიტანა გოგრა საკუთარი ბაღიდან. თან ძალიან საინტერესო ისტორია გვიამბეს: აღმოჩნდა, რომ მულტიპლიკატორი შვილი ჰყავთ – 12 წლის ნიკოლოზ კობერიძე. პატარა მხატვარი ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის – „ნიქოზი“ აქტიური მონაწილეა. ფესტივალი იმართება ნიქოზის ხელოვნების სკოლის, კულტურის ცენტრისა და მეუფე ესაიას ხელშეწყობით, სოფელ ნიქოზში. პროექტის საშუალებით, რეჟისორი გელა კანდელაკი მუშაობს ნიჭიერ ბავშვებთან და ერთად ქმნიან ძალიან ლამაზ ანიმაციებს…
ეს ისტორია კიდევ ერთი სტიმული აღმოჩნდა ანასა და მარიამისთვის, რომ მთელი ენთუზიაზმით ემუშავათ „ჩიპოლინოს თავგადასავლის“ მაკეტსა და პერსონაჟებზე.
მოვიმარაგეთ:
- გოგრები
- ხავსი
- ხახვი
- ლიმონი
- სტაფილო
- კენჭები
- მუყაოს ყუთი
- წებო
- მაკრატელი, საკანცელარიო დანა
- ფანქრები
- პლატენილი
- ცოტამავთული
- გუაშის საღებავები და ფუნჯი
დავილაგეთ წინ ჩვენი ესკიზები და დავიწყეთ:
ანამ მუყაოზე ფანქრით მოხატა ღობის ფორმა და საკანცელარიო დანით ფრთხილად გამოჭრა, შემდეგ დააწება. მოხატვა მარიამმა გააგრძელა. ღობის შიგნით ხავსით დაფარული დაფა მოვათავსეთ, კენჭებისგან კი ბილიკები გავიყვანეთ. გავასუფთავეთ გოგრები, კარ-ფანჯრის ღიობები გამოვჭერით. ანამ და მარიამმა ქაღალდისგან შექმნეს თოკზე გაბმული თეთრეული, გამოძერწეს ყვავილები, ჭურჭელი, ხილი…
ჩიპოლინოს ოჯახის წევრების ქანდაკების პრინციპით შევქმენით – ჯერ გაკეთდა ლითონის მყარი კარკასი – „ჩონჩხი“, შემდეგ – პლასტენილისგან გამოვძერწეთ ტანი და სამოსი, ხოლო ხახვისგან – თავი.
ანას და მარიამის მუშაობის პროცესი ძალიან სასიამოვნო სანახავი იყო. ახალ-ახალი იდეები ჩნდებოდა მათ პატარა გონებაში და ვიცი, ერთი სული აქვთ, ამ იდეებზე მუშაობას როდის დაიწყებენ.
ლიმონისა და სტაფილოსგან პერსონაჟების შექმნის დროსაც კარგად ვიხალისეთ. ბავშვები სხვადასხვა ნაცნობს იხსენებდნენ და მათ ადარებდნენ თავიანთ შექმნილ პერსონაჟებს.
მაკეტის შექმნა დასრულდა. პატარა ძამიკოსაც აჩვენეს შემოქმედება. მისმა რეაქციამ გაგვაკვირვა – ბიჭუნა, რომელიც სათამაშოებს არც ისე უფრთხილდება, დაიკოების ნამუშევარს სათუთად უვლიდა გვერდს – არ გავაფუჭოო.
ახლა კი, ფოტოგადაღების დრო დადგა; მოიმარჯვეს ფოტოკამერა, ელექტრობრა და პროფესიონალი ფოტოგრაფებივით მთელი პასუხისმგებლობით იმუშავეს.
გადაღების შემდეგ, დასხდნენ და ფოტოკადრები გაარჩიეს – ვიმსჯელეთ კომპოზიციაზე, ფოკუსსა და განათების ხარისხზე, ასევე – კადრის შინაასზე.
გოგონები მუშაობის პროცესით და ნამუშევრით უზომოდ ბედნიერები არიან. სიაც შეადგინეს წიგნებისა, რომელზეც უნდა იმუშაონ. უკვე დამპატიჟეს თოჯინების თეატრის სპექტაკლზე, რომელიც თვის ბოლოს უნდა გამართონ…
მინდა, წარმატებები ვუსურვო ანას, მარიამს, ნიკოლოზსა და ყველა ბავშვს, ვისაც წიგნი და მასში მოქცეული ზღაპრული სამყარო უყვარს! ☺