“ემოცია ბევრად უფრო მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ვიდრე ჩვენ გვგონია.”
– ზაიონცი.
ადამიანის ცხოვრება დაკავშირებულია კრიტიკულად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებასთან, როგორიც არის, მაგალითად კარიერისა თუ პროფესიის, ასევე პარტნიორის არჩევა. როდესაც საქმე ორგანიზაციას ეხება, მენეჯერები იღებენ გადაწყვეტილებებს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა პერსონალის შერჩევა, თანამშრომელთა მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასება, დაწინაურება და ა.შ. არასწორ გადაწყვეტილებებს აქვთ კრიტიკული მნიშვნელობა პიროვნებებისა და ორგანიზაციებისათვის. სწორედ ამიტომ, გადაწყვეტილების მიღება ამ სფეროებში მოიაზრება, რომ რაციონალური პროცესია, მოკლებულია ემოციურობას.
რეალურად რამდენად ახლოს არის გადაწყვეტილებების რაციონალურობასთან დაკავშირებული ჩვენი მოლოდინი რეალური?
ზოგჯერ ადამიანები თავს იტყუებენ, თითქოს ისინი მოქმედებენ რაციონალურ დონეზე, კერძოდ აანალიზებენ – ,,წონიან“ მრავალფეროვანი ალტერნატივების დადებითი და უარყოფით მხარეებს და შემდეგ იღებენ გადაწყვეტილებას. თუმცა, ეს შესაძლებელია ძალიან იშვიათი შემთხვევა იყოს. მნიშვნელოვნად ხშირად, ,,მე გადაწყვეტილება მივიღე X ალტერნატივის სასარგებლოდ“ იგივე, რაც ,,მე X ალტერნატივა მომეწონა“. უმეტეს შემთხვევაში, ალტერნატივების შესახებ შეგროვილი ინფორმაცია უფრო ნაკლებად გვეხმარება გადაწყვეტილების მიღებაში და რეალურად მეტად ორიენტირებულია გადაწყვეტილების მიღების შემდგომ მის დაზუსტებასა და დადასტურებაში.
ჩვენ ვყიდულობთ მანქანას, რომელიც ,,მოგვწონს“, ვირჩევთ სამუშაოს ან სახლს, რომელიც ჩვენთვის ,,მიმზიდველია“, ვაწინაურებთ კანდიდატს, რომელიც ჩვენში პოზიტიურ ემოციებს აღძრავს, შემდეგ კი ვადასტურებთ ჩვენს არჩევანს მრავალი მიზეზით, რამაც შესაძლოა დაარწმუნოს სხვები – ის ადამიანები, რომლებიც აღარ იკითხავენ: რატომ ეს მანქანა? რატომ ეს სახლი? რატომ ეს პროფესია? რატომ ეს კანდიდატი? შეიძლება კიდევ უამრავი ,,რატომ“-ის დამატება. ჩვენ არ გვჭირდება საკუთარი თავის დაჯერება. ჩვენ ვიცით, რომ ,,მოგვწონს“ და ეს საკმარისია.
როგორ ახდენს ემოცია გავლენას გადაწყვეტილების მიღების პროცესზე?
ჩვენ განვიცდით და გამოვხატავთ ემოციებს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. პოზიტიური და ნეგატიური მოვლენები გავლენას ახდენს ჩვენს ზოგად ემოციურ მდგომარეობაზე, ის კი თავისთავად გავლენას ახდენს შეფასებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. ის, რაც ჩვენში პოზიტიურ ემოციას იწვევს – მოგვწონს, ხოლო, რაც ნეგატიურს – არა. მეტიც, ჩვენ ვრეაგირებთ არა მარტო იმ პიროვნებაზე, რომელიც ჩვენში იწვევს გარკვეულ ემოციებს, არამედ მაშინაც კი, როდესაც პიროვნება თუნდაც შემთხვევით აღმოჩნდება სიტუაციაში, როდესაც ჩვენი ემოცია იყო პოზიტიური ან ნეგატიური (და რომელიც არ არის დაკავშირებული უშუალოდ ამ პირთან), ჩვენი შეფასება ამ ინდივიდისა იქმნება ამ ემოციურ ფონზე.
კვლევა N1: აქვს თუ არა გავლენა მუსიკას, როგორც ემოციის გამომწვევ სტიმულს შეფასებებზე და გადაწყვეტილების მიღების პროცესზე?
მკვლევარებმა ჯერ იკვლიეს თუ რომელი სტილის მუსიკა მოსწონდათ კოლეჯის სტუდენტ გოგონებს. დადგინდა, რომ მათ როკმუსიკა გაცილებით უფრო მოსწონდათ, ვიდრე კლასიკური მუსიკა. ამის შემდეგ, გოგონა სტუდენტებს სთხოვდნენ უცხო მამაკაცის სურათების შეფასებას მოწონების სკალაზე. შეფასების პერიოდში ფონად ისმოდა ან როკმუსიკის ან კლასიკური მუსიკის ჰანგები, ან შეფასება ხდებოდა ყოველგვარი მუსიკალური ფონის გარეშე.
კვლევის შედეგები: გოგონები მეტ მოწონებას გამოხატავდნენ ამ სურათების შეფასებისას, როდესაც შეფასება როკმუსიკის მოსმენის ფონზე მიმდინარეობდა. ნაკლები იყო მოწონების ხარისხი კლასიკური მუსიკის ფონის პირობებში და უფრო ნაკლები იყო, როდესაც შეფასება მუსიკალური ფონის გარეშე ხდებოდა. გარდა ამისა, ზოგიერთი მამაკაცის სურათი როკმუსიკის ფონზე უფრო მიმზიდველად ფასდებოდა, ვიდრე კლასიკური მუსიკის ფონზე.
კვლევა N2: ნაკვლევია რადიოთი მოსმენილი კარგი და ცუდი ახალი ამბების გავლენა შეფასებაზე. მონაწილეებს კვლევის დაწყების წინ რადიოთი მოასმენინეს ახალი ამბები (სუბიექტები ფაქტიურად უსმენდნენ წინასწარ მომზადებულ აუდიო ჩანაწერს).
კვლევის შედეგები: აღმოჩნდა, რომ კარგი ახალი ამბები იწვევდა პოზიტიურ ემოციურ რეაქციას და სუბიექტები, რომლებიც მას უსმენდნენ შედეგად გამოხატავდნენ მეტ მოწონებას უცხო ადამიანის მიმართ. ცუდი ახალი ამბების მოსმენას ჰქონდა საწინააღმდეგო ეფექტი – მცირდებოდა მოწონება.
ამდენად, კვლევების გათვალისწინებით, მუსიკა და სხვა ფაქტორები გავლენას ახდენენ ჩვენს ემოციურ მდგომარეობაზე, რომელიც თავისთავად გავლენას ახდენს შეფასებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესზე. პოზიტიურ ემოციებს მივყავართ პოზიტიურ შეფასებამდე და ნეგატიურს კი – პირიქით, რაც აისახება ჩვენს გადაწყვეტილებებზე.
დაფიქრდით, ვიდრე გადაწყვეტილებას მიიღებდეთ. .