Skip to content

როგორ ვისწავლოთ დღევანდელი დღით ცხოვრება?

ფიქრობ რომ რთულია ბედნიერი და კმაყოფილი იყო იმით რაც ახლა გაქვს და დააფასო ის შესაძლებლობები, რომლებიც ახლა გეძლევა? ხშირად ამჯობინებ უმოქმედებას და ბედნიერ მომავალზე ოცნებას ან წარსულის გახსენებას? არ იცი როგორ ორიენტირდე აწმყოზე? გგონია რომ სხვების ცხოვრება უფრო საინტერესოდ გამოიყურება ვიდრე შენი? მაშინ დროა დაიწყო ცხოვრება “აქ და ამჟამად”. 

ეს ტერმინი, დღესდღეობით მთელ მსოფლიოში ძალიან პოპულარულია. ის გამოიყენება ფსიქოთერაპიასა და გეშტალტთერაპიაში. გეშტალტ თერაპიის მთავარი ამოცანა პიროვნების, ადამიანური და ეკოლოგიურ გარემოსთან კონტაქტის პროცესი და ამ პროცესის გაცნობიერებაა. მისი მიზანია წარსულში წარუმატებელი ურთიერთობების მართვა,  „აქ და ამჟამად“ პრინციპი ფოკუსირებულია აწმყოდან მომავალში გადასვლაზე, რაც ხაზს უსვამს  ფსიქოთერაპიული ჩარევის ფენომენოლოგიურ ორიენტაციას.

ალბათ ყველას სანაცნობო წრეში მოიძებნება ადამიანების კატეგორია, რომლებიც წარსულით ცხოვრობენ. მუდმივად წარსულს იხსენებენ, ზოგჯერ მისტირიან კიდეც. იხსენებენ ძველ სიყვარულს, ძველ სამსახურს, ძველ მეგობრებს, ყველაფერს რაც წარსულთან ასოცირდება. ჰგონიათ, რომ წარსულში ყველაფერი უკეთესი იყო და ყველაფერი გამოსდიოდათ. სინამდვილეში კი ყველაფერი ზუსტად ისე იყო, როგორც აწყმოშია და მაშინაც ზუსტად ასე იხსენებდნენ წარსულს, როგორც ახლა.

ასევე ვიცნობთ მეორე კატეგორიას, რომლებიც პირიქით – მომავლით ცხოვრობენ. სულ მომავლის გეგმებს აწყობენ. ოცნებობენ როგორი სახლი ექნებათ, როგორ სამსახურში იმუშავებენ, როგორი ქმარი/ცოლი ეყოლებათ, როგორი წარმატებულები გახდებიან. ელოდებიან როდის მოვა შაბათი, როდის მოვა არდადეგები, როდის წავლენ დასასვენებლად, როდის მოვა ზაფხული, როდის აგრილდება, როდის დათბება.

ეს ორივე შემთხვევა აწმყოდან გაქცევაა. სინამდვილეში თქვენ საერთოდ არ ცხოვრობთ. როცა ეს „სანატრელი“ დღეები,მომენტები  რეალობაში გადაინაცვლებს ჩვენ მაინც ვერ ვიღებთ ისეთ სიამოვნებას, როგორსაც მისი წარმოდგენის დროს ვიღებდით. თითქოს ყველაფერი ერთ წრეზე მიდის და მეორდება.

როდესაც აწმყოში რაღაც არ გამოგვდის, ძალიან ბევრ წინაღობას და სირთულეს ვაწყდებით ადვილია ისაუბრო რა კარგი იყო წარსული და რა კარგი მომავალი გექნება. წარსულს მივტირით და პესიმიზმში ვიძირებით ან მომავალზე ვოცნებობთ და უაზრო ოპტიმისტის როლს ვირგებთ.

როგორ გავაუმჯობესოთ საკუთარ თავთან კონტაქტი და შევავსოთ ჩვენი ცხოვრება მოცემული მომენტის შეგრძნებებით ? ამაში დაგვეხმარება ძალიან მარტივ კითხვებზე პასუხის გაცემა :

რა მინდა ?

საკუთარი მოთხოვნილებების გაცნობიერებით ჩვენს თავს და ცხოვრებას უფრო დავუახლოვდებით.  ემოციური თუ ფიზიკური დამოკიდებულებები (სიგარეტზე დამოკიდებულება, საჭმელზე დამოკიდებულება და ა.შ. ) გამოწვეულია ჩვენი ნამდვილი სურვილების და მოთხოვნილებების არ ცოდნით. „ვჭამთ – როდესაც გვინდა ძილი,  ვიძინებთ – როცა გვწყურია, ვსვავთ – როცა გვშია.“  ამ ავტომატური ქმედებების ციკლში რომ არ გავეხვეთ არსებობს ერთი რეცეპტი – მოვუსმინოთ საკუთარ თავს. იმ მომენტში, როდესაც ტორტის მომდევნო ნაჭერს იჭრი, მიუხედავად იმისა რომ არ გშია და ახლახანს ისადილე დაფიქრდი იქნებ ამ დაუმარცხებელი შიმშილის უკან ემოციური შიმშილი დგას.

რას ვგრძნობ ?

„აქ და ამჟამად“ პრინციპისგან გაქცევის ყველაზე ხშირი მეთოდია – გრძნობების შემცირება, გულრგილობა. აწყმოსა და მომავლისგან გაქცევით თითქოს ვიმარტივებთ ცხოვრებას.  ამაში ზოგს ეხმარება ალკოჰოლი, ნარკოტიკები, წამლები. თანამედროვე ფარმაკოლოგიამ უამრავი ანტიდეპრესანტი „გამოიგონა“, რომლებიც ადამიანს დროებით აწყნარებს და შფოთვითი მდგომარეობიდან გამოჰყავს,რაც დროთა განმავლობაში  ადამიანისთვის ბოროტ ხუმრობად იქცევა. ტკვილის ჩახშობა, დისკომფორტის მოხსნა, ემოციური ფონის გაუმჯობესება ძალიან ცოტა ხანს გრძელდება მაგრამ მომავალში ძვირად დაგვიჯდება: პანიკური შეტევებიდან დაწყებული, სერიოზული ნევროზით დამთავრებული. ჩვენი ემოციების შემცირება არანაერად არ დაგვეხმარება. ზუსტად ჩვენი ემოციები ხდის ცხოვრებას საინტერესოს და ნებისმიერ დღეს დაუვიწყარს.

რატომ უნდა ვისწავლოთ დღევანდელი დღით ცხოვრება?

1.იმიტომ რომ ეს გზაა ბედნიერებისკენ.

2.იმიტომ რომ ადამიანებს, რომლებსაც მოცემული მომენტით ბედნიერად ცხოვრება შეუძლიათ, აღარ ოცნებებობენ არდადეგების მოსვლაზე, მაგრამ როდესაც არდადეგები მოდის სიამოვნებით ატარებენ ამ დროს.

3.იმიტომ რომ აღარ შეგვეშინდეს ორშაბათი დღის დადგომის და სამსახურში წასვლის.

4.იმიტომ რომ აღარ გვქონდეს დამკვირვებლის შეგრძნება ნებისმიერ სიტუაციაში. არამედ ყველაფერში მივიღოთ მონაწილეობა, რაც ჩვენს გარშემო ხდება და ისე მოვიქცეთ, რომ იქ ზედმეტად კი არა პირიქით მთავარი მოქმედ პირად ვიგრძნოთ თავი.

5.იმიტომ რომ აღარ გვქონდეს ახალი დღის, ახალი საქმის დაწყების შიში.

6.იმიტომ რომ არ შეგვეშინდეს ახალი ადამიანების გაცნობა და არ ვიყოთ გამოკეტილი მხოლოდ ერთ სანაცნობო წრეში, რომელშიც უკვე კომფორტულად ვგრძნობთ თავს რადგან ყველას უკვე კარგად ვიცნობთ და კარგად გვიცნობენ.

7.იმიტომ რომ როგორც არ უნდა გვინდოდეს ჩვენს შესასრულებელ საქმეებს ვერსად ვერ წავიღებთ, მათი შესრულება მაინც მოგვიწევს, მაგრამ ამ ყველაფერს პოზიტიურად და ხალისით გავაკეთებთ.

პ.ს. არ არსებობს წარმატების და ბედნიერების ერთი ფორმულა, რაც ყველა ადამიანზე ერთნაირად იმოქმედებს.  თუ თავად არ გავიაზრებთ, როგორ უნდა მოვიქცეთ სხვისი რჩევები  ვერ დაგვეხმარება. გახსოვდეთ, რომ ეს თქვენი ცხოვრებაა და უნდა აკეთოთ ის რაც გინდათ და რაც თქვენ განიჭებთ სიამოვნებას. ეს უფრო საინტერესო და ფერადი ცხოვრების საწინდარია.

ავტორი: თაკო მელიქიშვილი