სოფლის განაპირას, კოშკში, სამოსელი პირველი ინახებოდა. მამა ადიოდა ჩირაღდნით ხელში, ციცაბო კიბეზე, ნესტიან სქელ კედლებს შორის მიაბიჯებდა. მიდიოდა მძიმე ურდულით დახშულ კარებთან და თითების მსუბუქად შეხებისთანავე ამაზრზენად გაიჭრიალებდა კარი.მრგვალი ოთახის შუაგულში მკრთალად აბჟუტებულ სამოსელს ზღურბლიდანვე დაფიქრებული შეაცქერდებოდა.ხის დაბალ ტახტზე უძვირფასესი კაბა იყო გაფენილი. მამა მძიმედ უახლოვდებოდა, ჩირაღდანს დაანთებდა და სამოსელიდან უამრავი კამკამა სხივი ჟღრიალით იწელებოდა ბნელში.იისფრად ციაგებდა დიდი ამეთვისტო, მინანქრით მოჭედილ საელოსთან მიბნეული, მწვანედ ლივლივებდნენ ზურმუხტები, მთელი კაბის სიგრძეზე მწყობრად დატანებულნი, ყოველ ზურმუხტს შორის ლურჯად კამკამებდნენ საფირონები,გვერდით კი ყოველ თვალს წყვილი მარგალიტი ებნია. მთელი კაბა ოქრომკერდით იყო მოჭედილი, ცივი ყინულოვანი ციმციმით თითქოს ერთმანეთში ხრაჭუნით იფშვნებოდა უამრავი ყვითელი ნამცეცი, სინათლე ლივლივებდა მთელს სამოსელზე და იქვე, ტახტის ფეხებთან მოწყობილ ორ ხმალზე წყვილი ალმასი კაშკაშებდა, ხარის თვალის ოდენა.სამოსლის მინანქრით მოჭედილ ქამარზე ბეჭედი იდო, ყვითლად შემოჯარულ ოქროში ავად კიაფობდა თლილი ბრილიანტი…“
გურამ დოჩანაშვილი „სამოსელი პირველი“
გამომცემლობა „მერიდიანი“, 2011 წელი.