არსებობს უფასო სასწავლო პროგრამები, რომლებიც ქართველ სტუდენტებს უცხოეთში სწავლის გაგრძელების საშუალებას აძლევენ. მათ შორის ერთ-ერთი გამორჩეული ტარტუს უნივერსიტეტია. ტარტუს უნივერსიტეტი, უკვე რამდენიმე წელია, ქართველ სტუდენტებს უფასო საგანმანათლებლო პროგრამებს სთავაზობს. დეტალებისა და შთაბეჭდილებების უკეთ გასაცნობად “ოთხი მოტივი” ესაუბრა ლაშა რობაქიძეს, რომელიც ესტონეთში ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე სწავლობს.
რატომ დაინტერესდით ბიზნესის ადმინისტრირებით?
ყოველთვის დაინტერესებული ვიყავი მიკრო და მაკრო ეკონომიკით, მენეჯმენტითა და მარკეტინგით. BA პროგრამა კი საშუალებას მაძლევს შევისწავლო ჩემთვის საინტერესო საგნები.
რატომ აირჩიეთ ესტონეთი სწავლის გასაგრძელებლად?
მთავარი განმსაზღვრელი ფაქტორი თუ რატომ ავირჩიე ესტონეთი არის ფასისა და ხარისხის ბალანსი. ესტონეთი ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით გამოირჩევა დაბალი ფასებით, იქნება ეს სწავლის გადასახადი თუ უბრალოდ ცხოვრებისთვის საჭირო თანხები. უნივერსიტეტში სწავლების დონე, ფასთან მიმართებით ძალიან მაღალია (QS-ის მსოფლიო რეიტინგის მიხედვით საუკეთესო უნივერსიტეტების 2% მიეკუთვნება)
რას აპირებთ სწავლის დასრულების შემდეგ?
სწავლის დასრულების შემდეგ ძალიან ფართო სპექტრი იხსნება სამუშაოს მიმართულებით, რადგან ბიზნეს ადმინისტრირება თავისმხრივ მოიცავს საგნებს, როგორებიცაა: ბუღალტერია, ფინანსები, ეკონომიკა, მარკეტინგი, მენეჯმენტი, მეწარმეობა, ხარისხის კონტროლი და ა.შ. ანუ ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრი ძალიან ფართო განათლებას უნდა ფლობდეს მრავალი განსხვავებული მიმართულებით. მე, ჩემს თავს მარკეტინგულ კომპანიაში ვხედავ, სადაც თავის საქმეზე შეყვარებული, პროფესიონალები იმუშავებენ. ასევე ჩემი უნარჩვევები მაძლევს იმის თქმის საფუძველს რომ ვიქნები წარმატებული მეწარმე და შევქმნი რაიმე ფასეულ ბაზარზე 🙂
რით განსხვავდება ესტონეთში სწავლა საქართველოში სწავლისგან?
გამომდინარე იქიდან რომ არ მაქვს საქართველოში სწავლის გამოცდილება, ალბათ ამომწურავ პასუხს ვერ გავცემ ამ კითხვას, მაგრამ მგონია რომ ესტონეთში სტუდენტი უფრო კონცენტრირებულია სწავლაზე და მაღალ აკადემიურ მოსწრებაზე. სტუდენტი აანალიზებს რა სიტუაციას, ხვდება რომ მისთვის უკეთესია ისწავლოს კარგად, რადგან მიიღოს დაფინანსება, გაუმარტივდეს მაგისტრატურის გაგრძელება უკეთეს უნივერსიტეტებში და უბრალოდ იყოს გამორჩეული სოციუმში.
რამდენად ადვილი იყო აპლიკაციის გაგზავნის და პასუხის მიღების პროცესი?
სკოლის დამთავრების შემდეგ, ძალიან ბევრ უნივერსიტეტებში გავაგზავნე CV და შევავსე აპლიკაცია. მინდა ავღნიშნო, რომ ესტონეთის უნივერსიტეტებს ძალიან მოსახერხებელი, მარტივი და სტუდენტზე მორგებული აპლიკაციის ფორმა აქვთ. აქედან გამომდინარე აპლიკაციის შევსებისა და პასუხის მიღების პროცესი ძალიან მალე ხდება.
არსებობს თუ არა დაფინანსება?
დასაფინანსებელი სტუდენტების რაოდენობა BA- ის ფაკულტეტზე ყოველწლიურად იზრდება. ამას გარდა არსებობს რამდენიმე პროგრამა, რომლის მეშვეობითაც სტუდენტს შეუძლია მიიღოს დაფინანსება. ერთ-ერთი ასეთი პროგრამაა “არქიმედე”.
რამდენად კარგადაა სწავლება ორგანიზებული? როგორ მოგწონთ ლექციები?
სასწავლო პროცესი ძალიან მაღალ დონეზე მიმდინარეობს. ლექციები 1.5 საათი გრძელდება. თითქმის ყველა კურსზე გვიწევს შუალედურის, გამოცდის, პრეზენტაციისა და დავალებების დაწერა. ზოგიერთი ლექტორი უპირატესობას ანიჭებს გამოცდებიდან და შუალედურებიდან გამოსულ ნიშანს, ზოგიც ჯგუფურ სამუშაოებს. ეს ყველაფერი დამოკიდებულია კურსზე და უშუალოდ ლექტორზე.
ბევრი საერთაშორისო სტუდენტია ტარტუში?რომელი ქვეყნებიდან?
ტარტუში ძალიან ბევრი უცხოელი სტუდენტია. მათი რაოდენობა ყოველ წელს იმატებს. ტარტუს უნივერსიტეტი თანამშრომლობს საკმაოდ ბევრ უნივერსიტეტთან მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში და გაცვლითი პროგრამების საშუალებით იღებს დიდი რაოდენობით უცხოელს სტუდენტს. აქ სტუდენტები თითქმის მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან არიან, უმეტესად ჭარბობენ გერმანელები, იტალიელები, უკრაინელები, ესპანელები, რუსები, ამერიკელები და ა.შ.
რას გვეტყვით საცხოვრებელი პირობების შესახებ?
ტარტუს უნივერსიტეტს ქალაქში განთავსებული აქვს რამდენიმე საცხოვრებელი კამპუსი, სადაც მხოლოდ სტუდენტები ცხოვრობენ. კამპუსები მდებარეობს ქალაქის ცენტრში და დაცულია 24 საათის განმავლობაში. ყველა კამპუსში ერთნაირი წესებია, ყველა ოთახში ცხოვრობს 2 ადამიანი (სურვილის შემთხვევაში მარტოც შეიძლება), 11 საათის შემდეგ უცხო პირები ტოვებენ კამპუსს. კამპუსში ცხოვრება ეხმარება სტუდენტს სოციალიზაციაში და ხდის მის ცხოვრებას უფრო აქტიურს.
რა ჯდება ტარტუში ცხოვრება?
სხვა ევროპულ ქალაქებთან შედარებით, ტარტუ სიიაფით გამოირჩევა. ერთერთი კვლევის თანახმად ტარტუ დასახელდა ევროპაში ყველაზე იაფ ქალაქად. კამპუსის თვიური გადასახადი შეადგენს 70 ევროს. საშუალოდ თვიურად სტუდენტს ჭირდება 400-500 ევრო. (რა თქმა უნდა, ყველაფერი დამოკიდებულია ინდივიდზე და მის მოთხოვნილებებზე).
სწავლასთან ერთად მუშაობის შეთავსების საშუალება თუ არის?
როგორც ჩემი მეგობრები ხშირად აღნიშნავენ ხოლმე, ტარტუში სამსახურის შოვნა რთულია თუ ესტონურ ენას არ ფლობ, მაგრამ არსებობს გამონაკლისები, როცა სტუდენტებმა ინგლისურენოვან კომპანიებში დაიწყეს მუშაობა. რამდენიმე ჩემმა მეგობარმა სამსახური ტალინში იპოვა და იქ გადავიდა დროებით საცხოვრებლად.
რას ურჩევდით მათ, ვინც ტარტუში აპირებს სწავლის გაგრძელებას?
მათ ვურჩევდი რომ აუცილებლად ჩააბარონ ტარტუს უნივერსიტეტში. აქ ხარისხის ბალანსი ფასთან შედარებით ძალიან მაღალია. ესაა ადგილი, სადაც ერთდროულად შეგიძლიათ მიიღოთ უმაღლესი განათლება მსოფლიოში ერთ-ერთ პრესტიჟულ უნივერსიტეტში, გაიცნოთ უამრავი უცხოელი სტუდენტი და გახდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი.