Skip to content

რიგითი რაიანის გადასარჩენად / Saving Private Ryan

ფილმის მოქმედება ჯარისკაცების საერთო სასაფლაოზე იწყება, სადაც უკვე მოხუცებული ყოფილი ჯარისკაცი თავისი თანამებრძოლების საფლავების სანახავად მიდის და მეორე მსოფლიო ომის დროს განვითარებულ ისტორიას იხსენებს. სამი ძმა რაიანი ბრძოლის ველზე დაიღუპა, მეოთხე ვაჟი, რიგითი რაიანი ნორმანდიის სანაპიროებზე მტრის ზურგში არის მოქცეული, კაპიტან მილერს და 7 ახალგაზრდა ჯარისკაცს დაევალება, რომ მეოთხე ვაჟი დედას ცოცხლად დაუბრუნონ.

რიგითი რაიანის გადასარჩენად მიმავალ ჯარისკაცებს ერთი მნიშვნელოვანი კითხვა უტრიალებთ გონებაში:

1. რატომ შეიძლება ჩავარდეს 8 ადამიანის სიცოცხლე საფრთხეში ერთი ადამიანის გადასარჩენად? იმსახურებს კი ის ამგვარ მსხვეპლს? ღირს ამ მისიის შესრულება?

“როცა ხალხს ვეუბნებოდი, რომ მასწავლებელი ვარ, ყველას მოწიწების გრძნობა უჩნდებოდა ჩემს მიმართ, აქ კი, აქ ომია. ჩემი წარსული უცნაურად არ ეხამება აქაურობას, ალბათ ცოლიც ვეღარ მიცნობს, თუ ცოცხალი გადავრჩი, რა თქმა უნდა. ისიც არ ვიცი შევძლებ თუ არა მოვუყვე აქ გატარებულ დღეებზე, თუნდაც დღევანდელზე. რაიანის შესახებ არაფერი ვიცი, პირადად არ ვიცნობ, სულ ერთია, მაგრამ თუ მართლა მივაგნებთ და დედამისს დავუბრუნებთ იქნებ შევძლო ცოლთან დაბრუნება. სულ ეს არის ჩვენი მისია. წასვლა გინდათ, ხელს არ შეგიშლით. საბუთებითაც კი მოგამარაგებთ. ერთი რამ კი ვიცი, ჩემს მიერ მოკლული ყოველი ადამიანი სულ უფრო მაშორებს სახლს..” – ეუბნება კაპიტანი მილერი ჯარისკაცებს.

კაპიტანი მართალია, ომი საშინელებაა. მოდით დავფიქრდეთ, რამ შეიძლება გაამართლოს ის, რომ ერთი ადამიანი მეორის სისხლს ღვრის? მკვლელობა, სისასტიკე და შეუბრალებლობა, ეს ხომ ყველაფერი არაა, რასაც ადამიანებს შორის ბრძოლა აერთიანებს. რა გამოისყიდის მათ მიერ დაღვრილ სისხლს, შეძლებენ კი ისინი გულმშვიდად სახლში დაბრუნებას?

ამგვარი კითხვები აუცილებლად დაგებადებათ გონებაში, თუ ფილმს ყურადღებით მიადევნებთ თვალს.

პასუხად “რიგითი რაიანი” მომევლინა. რაიანი ის მიზეზია, რის გამოც ეს 8 ჯარისკაცი საკუთარ და სხვათა სისხლს დაღვრის. იგი შეიძლება თამამად მივიჩნიოდ იმ ობიექტურ მიზეზად, რის გამოც ჯარისკაცები ომში მიდიან – სამშობლო და საყვარელი ადამიანები.

მაგრამ თუ საკითხს უფრო ღრმად განვიხილავთ სხვაგვარი კითხვებიც აუცილებლად გაგვიჩნდება:

იკმარებს კი ის მიზეზი, რაც ზემოთ უკვე ვახსენე?

ვისაც ვკლავთ მათაც აქვთ სამშობლო და ყავთ ადამიანები, რომელთა დასაცავადაც იბრძვიან. თუ ღვთისთვის ყველა საყვარელი შვილია, განა შეიძლება არსებობდეს მიზეზი რის გამოც მისი მცნების დარღვევას გვაპატიებს?

საბედნიეროდ ფილმი ამ კითხვაზეც გასცემს შესაძლო პასუხს. როცა ფილმის დასასრულს კაპიტანი მილერის საფლავთან მდგარი რიგითი რაიანი მეუღლეს ამგარ კითხვას უსვამს:

“ღირსეულად ვიცხოვრე?!”

ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, რომელზეც ყველა ადამიანმა უნდა გასცეს პასუხი, რადგან თუკი დაუკვირდებით ჩვენმა ღირსეულმა არსებობამ, ჩვენს მიერ დედამიწაზე დათესილმა სიკეთისა, თუ სიყვარულის თითოეულმა მარცვალმა, შეიძლება მართლაც გაამართლოს მათ მიერ დაღვრილი თითოეული წვეთი სისხლი, ვინც ერთ დროს ჩვენს გადასარჩენად იბრძოდა.

ეს არის ერთადერთი საშუალება, რითაც ჩვენს წინაპრებს ვალს უკან დავუბრუნებთ და ერთადერთი გზა, რომლის წყალობითაც ისინი შეძლებენ “სახლში” დაბრუნებას.