Skip to content

რეპორტაჟი მცხეთის ქუჩებიდან – ჩვენ აუცილებლად უნდა ვიყოთ ზღაპრის დადებითი პერსონაჟები

დილით ადრე გავიღვიძე. ზურგჩანთაში ჩავდე  ლეპტოპი, წვრილმანი ნივთები და სახლიდან გავედი. წელს   ძალიან თბილი  შემოდგომა გვქონდა. თითქოს ღმერთს  სურდა  ისე გაეთბო ჩვენი სხეული, რომ ეს სითბო არასოდეს გასულიყო ჩვენ გულებიდან. მაგრამ რამდენიმე დღეა აცივდა. დაიწყო ოქტომბრის წვიმები. ფეისბუქზე  ზამთრის პეიზაჟს, ფინჯან ჩაისა და   მოგიზგიზე ბუხრის   ფოტოებს აზიარებენ ჩემი მეგობრები. ყველას მოგვენატრა  შინ გატარებული ზამთრის  თბილი საღამოები  და წიგნების  კითხვა საყვარელ ადამიანებთან ერთად. თუმცა დღეს კარგი  ამინდი თუ   გვექნება, ამას არაფერი აჯობებს, რადგან მცხეთობასა და სვეტიცხოვლობას ვზეიმობთ განახლებულ სატახტო ქალაქში. ასეთ დღესასწაულს განსაკუთრებით უხდება მზიანი დღე. მცხეთისკენ მიმაქროლებს სამარშრუტო ტაქსი. მეგობრებო,  გილოცავთ ულამაზეს დღესასწაულს! შეგიძლიათ  ახლავე შემოგვიერთდეთ, რადგან  ქალაქი დილიდანვე   მასპინძლობს უამრავ სტუმარს და ტურისტს.

პირველად ბავშვობაში მოვხვდი მცხეთაში – სამთავროს მონასტერში. შეიძლება  ყვავილებმა, რომლებიც ეზოში ხარობდნენ,  მითხრეს, რომ  ჩვენ – ადამიანები – ბედის ანაბარა კი არ ვართ დარჩენილი, არამედ  უფლის სიყვარულით ვცხოვრობთ. ამიტომ  ფრესკაზე გამოსახული  მაცხოვარი  დამამახსოვრდა, როგორც ყველაზე მოსიყვარულე  ღმერთი სამყაროში.

ბევრჯერ მინატრია მცხეთაში მქონოდა პატარა სახლი. უფრო  მორწმუნე და თავმდაბალი ადამიანი ვიქნებოდი ალბათ, რადგან როდესაც  ყოველდღიურ საქმიანობაში ხარ ჩაფლული და  შენს გარშემო ამდენი სიწმინდეა, უფლება  არ გაქვს  იყო ცუდი. აქ გაცილებით სუფთაა ჰაერი, პირველ რიგში იმიტომ, რომ  რომ გზები  არ არის გადატვირთული მანქანებით. პატარა ქალაქში ისეთი სიმშვიდეა, რომ საკუთარ თავთან მარტო თუ დარჩები, არაფერი დაგირღვევს  მყუდროებას. ადამიანი უნდა ცდილობდეს  განმაროტებას იმიტომ, რომ ასეთ წუთებში  იმ სურვილებს და ოცნებებს იპოვის  თავის გულში, რომელთა აღმოჩენა გაუჭირდებოდა, თუ   მარტო არ დარჩებოდა სამყაროს პირისპირ.  როდესაც ბაღში, ან მდინარის პირას  ვზივართ ასეთ დროს,  სევდიანი  გამომეტყველება გვაქვს, რადგან  მოულოდნელად მთელს  ჩვენს ჯადოსნურ სამყაროს აღმოვაჩენთ გულში – სამყაროს, რომელიც ადრე არასოდეს გვინახავს.

ამიტომ თითქოს ვნანობთ, რომ სხვა დროს ვერ ვახერხებდით განმარტოებას. თითქოს არ ვიცით რა მოვუხერხოთ   სურათს,  რომელიც ასე  ძალიან მოგვწონს. სინამდვილეში ეს  მთები,ზღვები, ტყეების ხმაური არის ის მშვენიერება, რომელსაც ჩვენი   სული  ყოველთვის თან დაატარებს. ამ ტყეებმა იციან,  რა შეიძლება იყოს ჩვენი სიხარულის მიზეზი და  ყოველდღე, ყვავილებისა და მინდვრების სახით,  ახალ შეტყობინებებს გვიტოვებენ სამყაროში. შენ უნდა შესძლო და ისწავლო მათი მესიჯების კითხვა.  მე  პირველად   უნივერსიტეტში, ერთ-ერთ  ლექციაზე  შევადარე  ადამიანები ყვავილებს. ჩემი კურსელები ფერად–ფერად ტანისამოსში გამოწყობილნი ისხდნენ და წიგნებს ჩაჰკირკიტებდნენ. ზოგიერთისთვის ზურმუხტისფერი თვალები უჩუქებია უფალს, ზოგისთვის – ცისფერი. მე მათ თვალებში ვხედავ  სიკეთეს, სითბოს. თითქოს ეს-ეს  არის  ზღვიდან ამოგორდა მზე და გაათბო  ირგვლივ ყველაფერი.  სამყაროსთვის თითოეული ჩვენგანი ძალიან ძვირფასია და ამიტომ ვფიქრობ, მწარედ შეცდა ის ადამიანი, რომელმაც ღმერთს უთხრა: „-უფალო, ყვავილები უკეთესად გამოგივიდა, ვიდრე ადამიანებიო“.

რაც შეეხება  ტყეებს, რომლებიც თავიანთი ტოტებით ცას წვდებიან,  მათ ყოველთვის იციან, როგორია თავისუფლება. მეოცნებე ადამიანიც ხშირად უყურებს ცას, რადგან ფიქრობს, რომ იქ ყველაფერი გაცილებით მეტია. ვარსკვლავები, ცა, მზე, მთვარე – ისინი  ადამიანის ნამდვილი მეგობრები არიან, რადგან   ყოველთვის ერთსა და იმავე ადგილზე შეგიძლია მათთან შეხვედრა. გულის სიღრმეში შენც  ერთგული ადამიანი  ხარ  და, თუ მოინდომებ, ყოველთვის გაუთბობ  გულს სხვა ადამიანს. ამიტომ ვფიქრობ, როდესაც ადამიანი მარტოა,  სწორედ მაშინ  აცნობიერებს საკუთარ დანიშნულებას, მიზნებს, სურვილებს, შეცდომებს. ადამიანისთვის ასეთი განმარტოება ყოველთვის მნიშვნელოვანია.

ღმერთმა შენთვის დახატა ბუნების ეს მშვენიერი პეიზაჟი. ამ მთების შუაგულში ჩადგა ჩვენი პატარა ქალაქები. ასეთ ზღაპრულ სამყაროში ჩვენი  ვალია ვიყოთ ზღაპრის დადებითი პერსონაჟები. თუ  ადამიანი გონიერია,  ის აუცილებლად აღმოაჩენს საკუთარ  უნარს   -უყვარდეს  გარშემო ყველა და  ყველაფერი.

დღეს უამრავი ადამიანია  სვეტიცხოველში. საზეიმო წირვა-ლოცვა  დასრულდა  და მრევლი ნელ-ნელა ტოვებს ტაძარს. სანთლებს ვყიდულობ  და ყვავილების თაიგულს ვტოვებ  ღვთისმშობლის ხატთან. ბევრი განსაცდელი მიგემია ცხოვრების გზაზე. ყოველთვის უამრავი სათხოვარი მქონდა უფალთან და აქაურობას რომ მოვილოცავდი,  ბედნიერი ვბრუნდებოდი შინ. მამა გაბრიელის საფლავზე ყოფნა მიყვარდა განსაკუთრებით. ისეთი მადლი ტრიალებდა სამთავროს მონასტერში, ზოგჯერ მეგონა – როგორც აქ, სასუფეველშიც ისე გრძნობენ  თავს ადამიანები-მეთქი. ფეხით მივდივარ  სამთავროს მონასტერში. ნაცნობი მონაზვნები მხვდებიან გზაზე. აინტერესებთ,  ისევ მარტო ,,დავეხეტები’’,  თუ  დავოჯახდი.   ვპასუხობ, უკვე   პატარა მყავს–მეთქი. ძალიან ახარებთ ამის მოსმენა  და  სეფისკვერს მჩუქნიან. გასულ წელს მამა გაბრიელის ნეშტი სალოცავში შეაბრძანეს, მაგრამ მე მაინც ეზოში ვდგავარ. მენატრება აქაურობა. აქვეა გოდერძი ჩოხელის საფლავიც, რომელზეც  პატარა კრავი არის გამოსახული. ეზოში ბევრი ყვავილი ხარობს. მზე მათბობს და ნეტარების თბილ განცდებში ვიძირები. ვსვამ წყალს, რომელიც ონკანიდან მოჩუხჩუხებს.

შუაგულ  მცხეთაში  კი უკვე  ნამდვილი დღესასწაულია გაჩაღებული. მოსახლეობა ერთად არის შეკრებილი სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსულ სტუმრებთან ერთად. წალმის  სურნელი ტრიალებს  გარშემო.  მწვადები მადისამღვძვრელად  შიშხინებენ ნაკვერჩხლებზე და ოხშივარი ასდის ხინკალს. დოქებში ისხმება  ქარვისებრი ღვინო და ისმის შეზარხოშებული ადამიანების მრავალჟამიერი. ქუჩაში გამოფენილია ქართული რეწვის ნიმუშები. ცენტრალურ ქუჩაზე მოწყობილია წიგნებისა და ნახატების გამოფენა.  ხალხმრავლობაში  თავისუფალ ადგილს ვპოულობ, ლეპტოპს ვშლი და სტატიის წერას ვაგრძელებ. აქ გაცილებით ადვილია წერაც კი… როდესაც აზრების ფურცლებზე გადატანას  ვამთავრებ, უკვე   საღამოს სურნელი იგრძნობა ირგვლივ. ჩემს პოსტს ინტერნეტში ვტვირთავ, რედაქტორს ვუგზავნი და  მოქეიფე ადამიანებს ვუერთდები.