Skip to content

რა ცოტა სჭირდება ადამიანს ბედნიერებისათვის…

განა ასე არა რის??? ცხოვრებაში თუ დაფიქრებულხართ იმაზე რა გეგონათ ბედნიერება და რა აღმოჩნდა ის საბოლოოდ? მას შემდეგ რაც მიზანს მივაღწევთ ხშირად აღმოჩნდება ხოლმე, რომ თურმე იმაზე მეტი მივიღეთ რასაც ველოდით, რადგან არ გვაქვს გაცნობიერებული ბედნიერებისმ თავარი პრინციპი: ბედნიერება მიზნამდე გზაა და არა თავად მიზანი. ხშირად გვსმენია ეს და მსგავსი ფრაზები, ვეთანხმებით კიდეც, მოგვწონს. გონებაშიც ვატარებთ, მაგრამ არა ცხოვრებაში. არადა, რაც მოგწონს სწორედ ის უნდა აქციო შენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად.  ჩვენი ცხოვრება ყოველთვის ზუსტად იმდენად ბედნიერი იქნება, რამდენადაც ჩვენ თავადვე გავხდით მას.

ვერავინ დამიმტკიცებს, რომ გამოუსწორებელი რომანტიკოსი, რომელიც ქუჩაში გაღიმებული მიდის და მზეს შეჰყურებს, გიჟია. ის განსხვავებულია, მას ისეთი რაღაცეების დანახვა შეუძლია, რასაც ადამიანების უმეტესობა ვერ ხედავს, თუმცა ამავდროულად ბევრ ისეთ რამეს ვერ ამჩნევს რასაც სხვები კარგად აკვირდებიან, მაგალითად ქვას შუა ქუჩაში, რომლის გამო შეიძლება ძირსაც დაენარცხოს. თუმცა მიუხედავად ამისა, ის ზედმეტად ბედნიერია საიმისოდ, რომ წამომდგარმა ცხოვრება, თავისი უყურადღებობა ან ქვის დამგდები გალანძღოს. მოდით და დამიმტკიცეთ, რომ პრობლემებთან ირონიულ და მომღიმარ დამოკიდებულებას, დაბოღმილი, გამწარებული, შურისმაძიებელი დამოკიდებულება ჯობია… ჩვენი ცხოვრება ყოველთვის ზუსტად იმდენად ბედნიერი იქნება, რამდენადაც ჩვენ თავადვე გავხდით მას.

მაინც რა ცოტაა საჭირო იმისათვის, რომ ბედნიერი ვიყო… მაგალითად: მაგალითად, უყურო ადამიანს თვალებში და ხედავდე მასში სინათლეს, დაახლოებით ისეთს, როგორადაც წარმოგიდგენია იმედი, ბედნიერება, სიხარული. ხედავდე სინათლეს, რომელიც შენი აზრით, შენი ცხოვრების საუკეთესო მომენტებს უნდა ანათებდეს. უყურებდე ამ თვალებს და თუნდაც გვერდიდან, თუნდაც მათი პატრონი საერთოდ არ გიყურებდეს.(და ნურავის გაუვლის თავში ცალმხრივი სიყვარულის თეორია…) იცით რა კარგია გიყვარდეს ვიღაც, რაღაც, ვიღაცები, ან რაღაცები??? კი იცით… იცით და მაინც არ გასცემთ საკმარის სითბოს საკმარის სიყვარულს. რატომ??? გეშინიათ, რომ საპასუხოდ არ დაგიბრუნდებათ იმდენივე? როგორც უკვე ვთქვით: ჩვენი ცხოვრება ყოველთვის ზუსტად იმდენად ბედნიერი იქნება, რამდენადაც ჩვენ თავადვე გავხდით მას. ასე რომ, ზუსტად იმდენად გაგაბედნიერებთ სიყვარული, რამდენადაც არ შეუშინდებით მის გაცემას. ( და ნურავინ იფიქრებს, რომ მე მიყვარს მტერი ჩემი… თუმცა კი ვაფასებ მას)

და მაინც რა არის თავად ბედნიერება? ფაქტია, რომ ის არ არის მუდმივი; არ არის მარტივი; არ არის ადვილად მისაღები; დაკავშირებულია უამრავ პრობლემასთან; ბედნიერებისაკენ სწრაფვამ შეიძლება დაღუპოს კიდეც ადამიანი, მაგრამ მიუხედავად ამ ყველა ნაკლისა არის მასში რაღაც, რასაც ის მუდმივად ტოვებს ჩვენში – მოგონება. როგორი უბედურების წამიც არ უნდა მედგეს, იმ ადამიანის მბზინავი, მოელვარე, მოკაშკაშე, იმედჩამსახველი თვალები, რომელიც შემთხვევით შემხვდა მეტროში, ყოველთვის მომცემს საშუალებას მასავით გავიღიმო. გახსოვდეთ ჩვენი ცხოვრება ყოველთვის ზუსტად იმდენად ბედნიერი იქნება, რამდენადაც ჩვენ თავადვე გავხდით მას.

გამომგზავნი/ავტორი: ვახტანგ ბარამაშვილი; myownpersonality.wordpress.com