Skip to content

რა ფაქტორები აფერხებენ რადიკალურ ცვლილებებს განათლების სფეროში?

თუ მათ რიცხვში ხართ, ვინც ფიქრობს, რომ სასკოლო განათლების სისტემას სჭირდება არა რეფორმა, არამედ თავიდან გამოგონება, რევოლუცია და არა ევოლუცია და თვლით, რომ საჭიროა რადიკალური გარდაქმნა, მაშინ აუცილებლად გაგიჩნდებათ კითხვა, თუ რა ფაქტორები აფერხებს ცვლილებებს ?

მოკლედ რომ ვთქვა რა იგულისხმება რადიკალურ გარდაქმნაში, ან რა შედეგი გვინდა მივიღოთ? – დღეს მოსწავლე მორგებულია სისტემაზე, ცვლილება გულისხმობს სისტემას რომელიც მორგებულ იქნება თითოეული მოსწავლის საჭიროებაზე.

I სრული კოლაფსის შიში

პირველი ფაქტორი, რაც ჩემი დაკვირვებით, ჩვენი სასკოლო სისტემის რადიკალურ გარდაქმნას აფერხებს არის სრული კოლაფსის შიში. მაგალითად მოვიყვან გია დვალის სიტყვებს, როცა ის განათლების რეფორმის კომისიას ხელმძღვანელობდა, ერთ -ერთ სატელევიზიო ეთერში მან თქვა: „სისტემა არის ავად, ფრთხილად უნდა ვუმკურნალოთ, რომ სულ არ დაგვეღუპოს“. თუ კარგად დავაკვირდებით მსგავსი განწყობა დომინირებს არა მარტო გადაწყვეტილების მიმღებებში, არამედ მთლიანად საზოგადოებაში. არადა თუ დავფიქრდებით სასკოლო განათლების საყოველთაოდ აღიარებულ მიზნებზე და შემდეგ დავსვამთ კითხვას, თუ რომელ მიზანს ასრულებს დღეს ჩვენი განათლების სისტემა, მივხდებით, რომ ამაზე უარესი შეუძლებელია.

II მნიშვნელობის გააზრება

მეორე ფაქტორი, რაც აფერხებს გარდაქმნას ეს არის მთავრობის დონეზე კარგი განათლების სისტემის ქონის მნიშვნელობის გააზრება, გაცნობიერება. თავის დროზე, როცა სინგაპურმა განათლების სისტემის გარდაქმნა დაიწყო ქვეყნის მმართველმა ელიტამ კარგად იცოდა რომ ეს მათ ქვეყანას ეკონომიკურ აყვავებას მოუტანდა, შესაბამისი დევიზებიც კი არსებობდა. ჩვენთან ქვეყნის ეკონიმიკურ განვითარებაში განათლების როლზე პოლიტიკოსებისგან ვერაფერს მოისმენ. გარდა ამისა მსგავსი დასკვნის საფუძველს იძლევა ის ბიუჯეტი, რაც ყოველწლიურად განათლებაზე იხარჯება ( დაახლოებით მშპ 2 % ).

III განათლების სპეციალეისტების არყოლა

მესამე ფაქტორი ეს არის განათლების სფეროში გავლენიანი სპეციალისტებს არყოლა. ერთია, როცა მთავრობის დონეზე გადაწყეტ, რომ გარდაქმნა სისტემა, მეორეა როგორ გააკეთო? და თუ რა და როგორ გააკეთო ეს ნამდვილად არ არის ქვეყნის მეთაურის ან რომელიმე მინისტრის აუცილებელი საცოდინარი, ეს არის განათლების სპეციალისტების საქმე. სწორედ ასეთმა სპეციალისტებმა და მკლევარებმა დაგეგმეს და უშუალოდ განახორციელეს ცვლილებები მაგალითად კანადაში – მაკლ ფულანი, ფინეთში- პასი სალბერი და ასე შემდეგ.

IV პოლიტიკური გავლენის დაკარგვის საფრთხე

მოგეხენებათ, რადიკალური ცვლიბები აუცილებლად გამოიწვევს სფეროს მუშაკების უკმაყოფილებას, გამომდინარე იქიდან რომ ამ სფეროში ას ათასამდე ადამიანია დასაქმებული ნებიმიერი პოლიტიკური პარტიისთვის დიდი გამოწვევაა გაატაროს რადიკალური ცვლილება.

ბოლოს მინდა ვთქვა, რომ გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა უამრავი სხვა ფაქტორი შეიძლება აფერხებდეს სისტემის რადიკალურ გარდაქმნას, როცა ვფიქრობთ იმაზე, თუ რა შეიძლება იყოს რადიკალური გარდაქმნების შედეგი, აუცილებლად გასახსენებელია ჩვენივე საზოგადოებაში მომხდარი სისტემის რადიკალური გარდაქმნის კარგი მაგალითი, ვგულისხმობ საპატრულო პოლიციის რეფორმას, ვფიქრობ, რომ ხსენებული სისტემური გარდაქმნის წარმატებული მაგალითი ნამდვილად აჩენს იმედს, რომ განათლების სფეროშიც შეასაძლებელია იგივე.

მუხრან გულიაშვილი