Skip to content

რა გვიშლის ხელს ვიმოქმედოთ კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ? ქცევის ფსიქოლოგიური ბარიერები

თუთანა კვარაცხელია

„მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის“, (WEG) 2017 წ.

2015 წელს, პარიზში, ინგლისის ყოფილმა პრემიერ მინისტრმა, დევიდ კემერონმა მსოფლიოს ქვეყნების ლიდერებს მიმართა კითხვით, თუ რას უპასუხებდნენ შვილიშვილებს, როცა ჰკითხავდნენ, რატომ არაფერი მოიმოქმედეს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ, რატომ არაფერი იღონეს, როცა ხედავდნენ როგორ იცვლებოდა ზღვის დონე, მრავლდებოდა გაუდაბნოებული ადგილები, ნადგურდებოდა საკვები და იღუპებოდნენ ადამიანები. რა იყო ასეთი ძნელი?

დღეს მეცნიერების 97% თანხმდება, რომ კლიმატის ცვლილება ნამდვილია და დადასტურებულია მაღალი დონის კვლევებით და ტექნოლოგიური საშუალებებით[1]. კლიმატი დედამიწაზე ადრეც იცვლებოდა და ერთმანეთს ენაცვლებოდა დათბობისა და გამყინვარების ციკლები, მაგრამ ინდუსტრიალიზაციის ეპიქიდან მოყოლებული, კლიმატის ცვლილების გამომწვი ფაქტორი ანთროპოგენულია, რაც იმას ნიშნავს, რომ კლიმატის ადამიანის ჩარევით იცვლება, ამიტომ არ შეესაბამება ბუნებრივ ციკლს და განსაკუთრებით საყურადღებოა. ბოლო საუკუნის განმავლობაში, დედამიწის საშუალო ტემპერატურა გაიზარდა 0.72 გრადუსით და, თუ არაფერს შევცვლით, 2050 წელს ტემპერატურა გაზრდება 20C-ით ხოლო 2100 წელს – 40C-ით, რაც პროცესებს შეუქცევადს გახდის.

კლიმატის ცვლილება მხოლოდ ტემპერატურის მატებაში არ გამოიხატება, მას აქვს მრავალმხრივი გამოვლინებები (ექსტრემალური მოვლენები – ღვარცოფები, წყალმოვარდნები, მეწყრები, ნიადაგების გამოფიტვა – საკვების პრობლემები, წყლის დაბინძურება, გაუდაბნოება, ინფექციური და გულსისხლძართღვთა დაავადებები, მიგრაცია, ეკოსისტემების ცვლილება და სხვ. ) და ეფექტები ადამიანური საქმიანობის თითქმის ყველა ასპექტზე (ეკონომიკური ზრდა, სოფლის მეურნეობა, ჯანმრთელობა, ტურიზმი, და ა.შ.). მსოფლიო ძალისხმევა კლიმატის ცვლილების შერბილების და ადაპტაციის მიმართულებით ასევე მრავალფეროვანი და საინტერესოა, მაგრამ გამოცდილება აჩვენებს, რომ ეს საკმარისი არ არის. ადამიანის ქცევის შეცვლა მარტივი არ არის.

ხშირად პოლიტიკის შემმუშავებლებისა და გადაწყვეტილებების მიმღებების ყურადღების მიღმა რჩება ის ფსიქოლოგიური ბარიერები, რაც ქცევაზე ახდენს გავლენას და რომელთა გათვალისწინებაც აუცილებელია კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებული მესიჯების ფორმულირებასა და სწორი კომუნიკაციის სტრატეგიის შემუშავებისთვის.

მართალია კვლევები ამ მიმართულებით ჯერ კიდევ საწყის სტადიაშია და არ შეიძლება სრულად ვიმსჯელოთ ყველა ცალკეულ ასპექტზე, თუმცა არსებული ლიტერატურა საშუალებას იძლება ყურადღება გავამახვილოთ ზოგად მიმართულებებზე და ძირითადი დასკვნები გამოვიტანოთ.

ქცევის ბარიერები

ამერიკის ფსიქოლოგთა ასოციაციის კვლევის მიხედვით,[2] ქცევის უპირველესი ბარიერია არცოდნა. არცოდნა შეიძლება იყოს 2 სახის: ადამიანებმა, უბრალოდ, არ იციან, რომ არსებობს კლიმატის ცვლილების პრობლემა, ან იციან რომ კლიმატის ცვლილება პრობლემაა, მაგრამ არ იციან, თვითონ რა შეიძლება მოიმოქმედონ.

ქცევის ეს ბარიერი შედარებით მარტივია გადასალახად, რადგან სწორად დაგეგმილი საინფორმაციო კამპანიითა და ღონისძიებებით, კლიმატის ცვლილების საკითხებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება შესაძლებელია. საკითხი უფრო რთულდება როცა სხვა ბარიერები შემოდის, ისეთები როგორიცაა:

გაურკვევლობა/უნდობლობა – ადამიანებს აქვთ ტენდენცია, გაურკვევლობის პირობებში არაფერი მოიმოქმედონ. დადგენილია, რომ IPCC ანგარიშებში გამოთქმული მოსაზრებები მკითხველებმა ნაკლებად რისკიანად შეაფასეს ვიდრე ამას მეცნიერები გულისხმობდნენ. გაურკვევლობა კლიმატის ცვლილების პროგნოზებთან დაკავშირებით ბუნებრივია. არ შეიძლება მეცნიერებს ჰქონდეთ ზუსტი პროგნოზი და პასუხი ყველა კითხვაზე, თუმცა, მცირე დონით გაურკვევლობაც კი შესაძლო რისკის შესახებ მოლოდინს და შეხედულებას ცვლის. მეორე მნიშვნელოვანი საკითხია ნდობა, როგორც აღინიშნა, პროგნოზი არ შეიძლება იყოს ზუსტი როცა საქმე კლიმატის ცვლილებას ეხება და თუ კი ადამიანისგან ქცევის ცვლილებას, დანახარჯების გაღებას და სხვა შეზღუდვას ვითხოვთ, ის დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ამით სარგებელს არ იღებს ვინმე სხვა და რომ მისადმი წაყენებული მოთხოვნები სამართლიანი და საერთოა ყველასათვის.

უარყოფა/შეფასების და განსჯის პრობლემები – არსებული გაურკვევლობისა და უნდობლობის გათვალისწინებით, ადამიანმა შეიძლება საერთოდ არ აღიაროს, რომ კლიმატის ცვლილება ხდება და მით უმეტეს, რომ ეს ცვლილება გამოწვეულია ადამიანის საქმიანობით. უარყოფა ერთგვარი დამცავი მექანიზმია რომელიც კოგნიტური დისონანსის პირობებში წარმოიქმნება. ეს დისონანსი კი ცოდნასა და ქცევას შორის შეუთავსებლობისას ჩნდება, მაგალითად, თუ ჩვენ ვიცით, რომ წიაღისეული რესურსების გამოყენების წვლილი კლიმატის ცვლილებაში არის მაღალი, მაგრამ ამავდროულად ვმოგზაურობთ, ვიყენებთ ტრანსპორტს, გათბობისა და გაგრილების სისტემებს და ა.შ. დისონანსი წარმოიქმნება, დისონანსი დაძაბულობას იწვევს, რომელიც უნდა მოიხსნას. კლიმატის ცვლილების უარყოფა კი ამის ერთერთი საშუალებაა (რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხდება წინასწარი განსჯის გარეშე, ქვეცნობიერად).

საინტერესოა ისიც, რომ ადამიანებს, ზოგადად, საკუთარი მომავლისადმი ოპტიმისტური შეხედულება აქვთ – არ შეიძლება ყველაფერი ასე ცუდად იყოს, საფრთხე შორია და დაუყოვნებლივი მოქმედება არ არის საჭირო, პრობლემა სხვას უფრო შეეხება ვიდრე მე. ადამიანების 85% ფიქრობს რომ სხვაზე ჭკვიანია. 18 ქვეყანში ჩატარებული კვლევის მიხედვით (Gifford et al., 2009) რესპონდენტებს სჯერათ, რომ გარემოსთან დაკავშირებული საკითხები დღევანდელი პრობლემა არ არის, ეს შეიძლება იყოს 25 წლის შემდგომი პრობლემა, შესაბამისად ახლა მოქმედება საჭირო არ არის. ადამიანებს სჯერათ, რომ მათ საცხოვრებელ ადგილას შედარებით უკეთესი მდგომარეობაა ვიდრე სხვაგან. საინტერესოა, რომ ინგლისში, რამდენიმე კილომეტრით დაშორებულ მეზობელ სოფლებში გამოიკითხნენ ადამიანები და ორივეგან შედეგები იყო ერთნაირი – A სოფელში მცხოვრებლებს მიაჩნდათ, რომ B სოფელში უარესი მდგომარეობაა, B სოფლის მოსახლეობა კი A სოფლის პრობლემებს მიიჩნევს უფრო სერიოზულად. (Musson, 1974). თუ ადამიანებს მიჩნიათ, რომ სხვაგან უარესი მდგომარეობაა, ნაკლები მოტივაცია აქვთ საკუთარ ქალაქსა თუ ქვეყანაში რამე ღონისძიებას მიმართონ, მაშინ როცა კლიმატის ცვლილება გლობალური პრობლემაა და მარტო ერთი ქვეყნის ძალისხმევა უშედეგოა.

ჩვევის შეცვლა და რისკები – ქცევა რომელიც ჩვევაშია გადასული ძნელი შესაცვლელია. ხშირად შეხედულების ცვლილებაც არ იწვევს ქცევის შეცვლას. შეიძლება მწეველი დავარწმუნოთ, რომ სიგარეტის მოწევა მავნებელია ჯანმრთელობისთვის, მაგრამ  არ უნდა ველოდოთ, რომ ის მოწევას შეწყვეტს.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადამიანმა ირწმუნა, რომ კლიმატის ცვლილების საფრთხე რეალურია და გადაწყვიტა შეცვალოს საკუთარი ქცევა, ბევრი სხვადასხვა რისკი წარმოიშობა. ეს რისკი შეიძლება 6 სახის იყოს. ფუნქციონალური, ფიზიკური, ფინანსური, სოციალური, ფსიქოლოგიური, დროსთან დაკავშირებული – მაგალითად, თუ ადამიანმა გადაწყვიტა შეიძინოს ელექტრომობილი ტრადიციული ავტომობილის ნაცვლად, აანალიზებს – რამდენად გამართული იქნება ეს მანქანა (ფუნქციონალური რისკი), უსაფრთხოა? გამძლე იქნება ავტოავარიების შემთხვევაში? (ფიზიკური), ძალიან ძვირი ხომ არ არის? (ფინანსური) როგორ შეხვდებიან ამ გადაწყვეტილებას საზოგადოებაში, სასაცილო ხომ არ გამოჩნდება? (სოციალური), თუ  კრიტიკა დაიმსახურა მისი თვითშეფასება შეირყევა (ფსიქოლოგიური) და ბოლოს, რა დრო დაჭირდება ამ ყველაფრისთვის, გამართლებულია ეს დროის ხარჯი? ბუნებრივია, ქცევის შეცვლა დაკავშირებულია კონკრეტული ნივთის შეძენაზე კომპლექსურ საკითხებთან, რა დროსაც ეს რისკები განსაკუთრებით ძლიერდება. ადამიანებს ამ რისკების საწინააღმდეგო არგუმენტები სჭირდებათ.

კონფლიქტური მიზნები – ყველას განსხვავებული მიზნები და მისწრაფებები აქვს. შეიძლება ვიცოდეთ, რომ დიდი მანქანები გარემოსადმი კარგად თავსებადები არ არიან, მაგრამ თუ ვიცით, რომ ამავდროულად ისინი უფრო უსაფრთხოა და ნაკლებია რისკი, რომ ავარიის შემთხვევაში დავზიანდეთ, ან ჩვენი შვილები დაზიანდნენ, გარემოსდაცვითი საკითხები უკანა პლანზე იწევს.

ამ და ყველა სხვა ბარიერის გათვალისწინებით, რომელიც  ცალკეულ დეტალურ განხილვას და ანალიზს მოითხოვს, ჩანს, რომ საზოგადოება არ არის ერთგვაროვანი, რომლის ჩართვა კლიმატის ცვლილების შერბილების საკითხში ერთი მიდგომითა და ერთნაირი დამოკიდებულებით არის შესაძლებელი. რა თქმა უდნა, არსებობს ის ზოგადი ტენდენციები, რაც ყველა ჩვენგანისათვის საერთოა, მაგრამ სხვადასხვა სეგმენტი განსხვავებულ მიდგომას მოითხოვს. არსებობს ადამიანების კატეგორია, რომელსაც რელიგიური თუ იდეოლოგიური მოსაზრებების გამო სჯერათ, რომ სამყაროს და, მათ შორის, კლიმატის ცვლილებას განკარგავს და მართავს ღმერთი ან ბუნების ძალა და რომ ადამიანის ჩარევა ამ პროცესში არ არის საჭირო. ამ სეგმენტის შეხედულების შეცვლა ყველა სხვა დანარჩენზე ძნელია და შეიძლება არც არის საჭირო, მათი ჩართვა კლიმატის ცვლილების და ადაპტაციის ღონისძიებებში სხვა მეთოდებითაც არის შესაძლებელი, შეიძლება რამე კონკრეტული ქმედება არ განახორციელონ კლიმატის ცვლილების შეჩერების მოტივით, მაგრამ იგივე ქმედება განახორციელონ ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მოტივით, შედეგი კი ერთნაირი იქნება.

წყაროები:

[1] http://climate.nasa.gov/climate-reel/

[2] https://www.apa.org/science/about/publications/climate-change-booklet.pdf