მე-19 საუკუნის ფრანგი ნოველისტი ჟიულ რენარდი წერდა: “სიზარმაცე სხვა არაფერია თუ არა ჩვევა, დაისვენო დაღლის გარეშე”. ქრისტიანული რელიგია სიზარმაცეს 7 მომაკვდინებელ ცოდვათა შორის მოიხსენიებს. ბიბლია ამბობს: “გამრჯე ხელები იქნება მმართველი, ხოლო ზარმაცი მოსამსახურე”.
საინტერესოა, ასევე ეკონომისტების მოსაზრებები: ფრიდრიხ ბასტიას თქმით, სიზარმაცე გამოწვეულია იმით, რომ ადამიანები მიდრეკილნი არიან იოლად, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე მიიღონ სასურველი შედეგი. ბუდას თანახმად, სიზარმაცის სამი ტიპი არსებობს: პირველი, როცა ადამიანს არაფრის გაკეთების სურვილი არ აქვს. მეორე როცა მიაჩნია, რომ არ შეუძლია გააკეთოს, ის რასაც სხვები აკეთებენ, რადგან ფიქრობს, რომ არ არის მათსავით ჭკვიანი. მესამე, როცა ადამიანი დაკავებულია უშედეგო საქმიანობით. აღნიშნულ საკითხზე საკმაოდ საინტერესო სამეცნიერო კვლევა გამოქვეყნდა მიმდინარე წელს American Journal of Psychology -ში. კვლევა ჩაატარეს მისურის უნივერსიტეტის პროფესორებმა ფრენკ ბუსმა და მაიკლ რობერტსმა. კვლევის თანახმად, სიზარმაცეს შესაძლოა გენეტიკური ფაქტორები განაპირობებდეს. კვლევა ჩატარდა ვირთხებზე ესპერიმენტის სახით. მეცნიერებმა მბრუნავი ბორბლებით აღჭურვილ გალიებში ჩასვეს ვირთხების ორი ჯგუფი (თითო ჯგუფში 26 ვირთხა). პირველი ჯგუფი 10 თაობის განმავლობაში გაზრდილი იყო მორბენალ ვირთხებად , ხოლო მეორე ჯგუფს 10 თაობის განმავლობაში არ უხდებოდა ფიზიკური აქტივობის შესრულება. ვირთხების პირველმა ჯგუფმა 6 დღის განმავლობაში ათჯერ უფრო მეტი ირბინა მბრუნავ ბორბალზე ვიდრე მეორემ. შემდეგ მეცნიერები დასხდნენ და შეისწავლეს ვირთხების ორივე ჯგუფის გენეტიკა, სხეულის აღნაგობა და დნმ-ი. – „17 ათასი სხვადასხვა გენიდან ჩვენ გამოვავლინეთ 36 საერთო გენი, რომელიც შესაძლოა განაპირობებდეს მოქმედების მოტივაციას“ აცხადებს მაიკლ რობერტსი.
გამომგზავნი/ავტორი: სასწავლო კვლევების ცენტრი rcs.ge