ტყუილის თქმა, ეს არის ქცევის ფორმა, რომლის დროსაც ხდება რეალობის განზრახ დამახინჯება სასურველი მიზნის მიღწევის, თუ უსიამოვნო შედეგის თავიდან ასაცილებლად. არსებობს განსხვავებული ფენომენიც – მიფომანია, ანუ ადამიანის პათოლოგიური სწრაფვა ტყუილისა და რეალობის დამახინჯებისაკენ, რასაც განაპირობებს პიროვნების ისტერიული მდგომარეობა, ყურადღების ცენტრში ყოფნისა და საკუთარი განსხვავებულობის წარმოჩენისაკენ სწრაფვა.
იმისთვის, რომ გავერკვეთ, თუ როგორ დავძლიოთ ტყუილი, აუცილებელია პირველ რიგში გავცეთ პასუხი შეკითხვებს, რა ასაკიდან ცრუობენ ბავშვები და რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი?
რაც შეეხება სკოლამდელი ასაკის ბავშვებს, აქ აუცილებლად უნდა განვასხვაოთ ფანტაზია და ტყუილი. ხშირად ბავშვები რეალობას წარმოაჩენენ არა იმგვარად, როგორიც ის სინამდვილეში არის, არამედ ისე, როგორც მათ სურთ რომ მომხდარიყო, აიგივებენ საკუთარ თავს რომელიმე ნაწარმოების პერსონაჟთან და მის თავგადასავალს როგორც საკუთარს ისე მოგვითხრობენ. ბავშვის ამგვარ ქცევას “ცრუ ტყუილსაც’’ უწოდებენ. მიიჩნევა, რომ ის განსაკუთრებით ხშირად ვლინდება 4-5 წლის ასაკში და შემდეგ თანდათან კლებულობს.
ამისდა მიუხედავად, საზოგადოება ნეგატიურად რეაგირებს ტყუილზე და ხშირად პატარა ფანტაზიორი შეიძლება თანაკლასელების მხრიდან დაცინვის ობიექტადაც იქცეს.
შეკითხვაზე, თუ როგორ დავძლიოთ ტყუილების პრობლემა, აუცილებელია პირველ რიგში ვაღიაროთ, რომ ბავშვის განვითარება წარმოუდგენელია ტყუილების გარეშე, თუმცა ეს საქციელი განმტკიცდება თუ არა, ჩვენზე, უფროსებზე არის დამოკიდებული. ამიტომ პირველ რიგში საჭიროა დავფიქრდეთ და განვიხილოთ ის მიზეზები, რის გამოც ცრუობენ ბავშვები.
ზოგიერთი მეცნიერის აზრით, ბავშვები სკოლამდელ ასაკში საერთოდ არ იტყუებიან, ვინაიდან, ტყუილსაც და ფანტაზიასაც წარმოსახვისა და მეტყველების განვითარების გარკვეული დონე სჭირდება. თანაც, პატარები საკუთარი ეგოცენტრიზმის გამო შეიძლება მიიჩნევდნენ, რომ მაგალითად დედა ოთახში არ ყოფნის დროსაც ხედავს თუ რა ხდება იქ. ამიტომ ნაკლებად შეეცდებიან მის მოტყუებას. რაც შეეხება ბავშვის წარმოსახვას, ის მისთვის იმდენად ნათელი და შთამბეჭდავია, რომ მას უჭირს კიდეც ფანტაზიისა და რეალობის ერთმანეთისგან გამიჯვნა. მას შეიძლება აერიოს – მოსმენილი, ნანახი ფილმი ან სიზმარი -რეალობისაგან. ამიტომ სკოლამდელ ასაკში ბავშვის მიერ მოყოლილი ისტორიები მისი აღქმის თავისებურებისა და ფანტაზიის ნაყოფია და არა განზრახ მოტყუების მცდელობა. მაგ., პატარა, რომელსაც პარკში ვასეირნებთ, შეიძლება სხვებს მოუყვეს, რომ უღრან ტყეში ისეირნა და ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ მან იცრუა, არამედ პატარამ ხეებით დაბურული პარკი უღრან ტყედ აღიქვა.
თუმცა, არსებობს ექსპერიმენტები, რომლებიც სიმართლის შეცვლის/არ გამხელის ფაქტის უფრო ადრეულ გამოვლენასაც აფიქსირებენ.
წარმოგიდგენთ ერთ-ერთ მათგანს. ექსპერიმენტში 3-4 წლის ბავშვები ექსპერიმენტატორს დედასთან ერთად შეჰყავდა ოთახში. პატარას მაგიდასთან ზურგშექცევით სვამდნენ და ეუბნებოდნენ, რომ მაგიდაზე იდო სიურპრიზი – სათამაშო. უცებ, ესპერიმენტატორი ამბობდა, რომ მას უწევდა ოთახიდან გასვლა და სთხოვდა პატარას, არ შებრუნებულიყო სათამაშოსკენ მის დაბრუნებამდე, შემდეგ კი ისინი ერთად ითამაშებდნენ. ოთახში ბავშვთან ერთად რჩებოდა დედა, რომელიც აფიქსირებდა, მიბრუნდა თუ არა პატარა სათამაშოსკენ. აღმოჩნდა, რომ პატარების გარკვეული ნაწილი აღიარებდა, რომ მიბრუნდა, გარკვეული ნაწილი კი უარობდა, ან საერთოდ არიდებდა თავს ექსპერიმენტატორისთვის პასუხის გაცემას. როგორც ჩანს. კვლევამ გამოავლინა, რომ 3-4 წლის ბავშვებსაც შეუძლიათ სიმართლის დამალვა.
მაგრამ აქ აგრეთვე საინტერესოა, რომელი ასაკიდან ესმით პატარებს რა არის ტყული?ფსიქოლოგ პოლ ეკმანს (ავტორს წიგნებისა “ტყუილის ფსიქოლოგია’’, “რატომ ცრუობენ ბავშვები’’) მოჰყავს ამგვარი მაგალითი: კეიტის მშობლები გაცილებულები იყვნენ. კეიტს მამა დაპირდა, რომ შაბათს კალათბურთის მატჩზე წაიყვანდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ კეიტს იმ დროს ჰქონია ჩოგბურთის გაკვეთილი, რის გამოც მამამ ვეღარ შეუსრულა დანაპირები. კეიტს ძალიან დაწყდა გული, ატირებულმა მამას დაურეკა იმის საკითხავად, თუ რატომ მოატყუა მან იგი. მართალია, მამამ კეიტს აუხსნა მიზეზი, მაგრამ პატარასათვის უფრო მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მას დანაპირები არ შეუსრულეს. მაშასადამე, აღნიშნული ასაკის ბავშვები უკვე ხვდებიან, თუ რა არის ტყუილი, მაგრამ ისინი აქცენტს აკეთებენ მხოლოდ შედეგზე და არა მის განმაპირობებელ მიზეზსა თუ განრახვაზე. პიაჟე ამას იმით ახსნიდა, რომ პატარებს ჯერ არ შეუძლიათ მორალური მსჯელობის აგება, მათთვის საქციელით მიღებული შედეგი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის განზრახვა, რამაც აღძრა ამგვარი ქცევა. ეს ფენომენი 8 წლამდე გრძელდება.
ძალზედ საინტერესო ექსპერიმენტი ჩაატარეს ვიმერმა, გრუბერმა და პერნერმა მათ გამოავლინეს, რომ მართალია, ბავშვებს უჭირთ საქციელის შეფასებისას განზრახვის ფაქტორის გათვალისწინება, მაგრამ ტყუილის მთმელი ადამიანის განზრახვის შეფასება შეუძლიათ.
ექსპერიმენტის დროს ბავშვები ისმენდნენ და თოჯინებით გაითამაშებდნენ ამგვარ სიტუაციას:
“დედა დაბრუნდა მაღაზიიდან, მან კექსის გამოსაცხობად შეიძინა შოკოლადი. მაქსი დედას პროდუქტების დაბინავებაში დაეხმარა. შოკოლადი მათ ლურჯ კოლოფში მოათავსეს. მაქსმა დაიხსომა, თუ სად შეინახა დედამ შოკოლადი, რათა ეზოდან ამოსვლის შემდგომ პირი ჩაეტკბარუნებინა. დედამ ნამცხვარი გამოაცხო და შოკოლადის ფილის დარჩენილი ნაწილი ლურჯი ყუთის ნაცვლად, მწვანე ყუთში ჩადო. მაქსი ეზოდან ამოვიდა თუ არა, დაიკომ ჰკითხა, თუ სად ინახავდა დედა შოკოლადს’’.
ამ ამბავს ბავშვებს სთავაზობდნენ განსხვავებული დასასრულითა და მიმდინარეობით ოთხ სხვადასხვა ვერსიად. პირველ ორ შემთხვევაში მაქსი ამბობდა სიმართლეს. ოღონდ პირველ ვერსიაში მაქსი პასუხობდა დას იმას, რაც იცოდა – რომ შოკოლადი იდო ლურჯ ყუთში. მაგრამ ეს მცდარი ინფორმაციის მიწოდება გამოდიოდა (ვინაიდან, შოკოლადი რეალურად სხვაგან იდო), მეორე ვერსიაში – დედა არ უცვლიდა შოკოლადს ადგილს, ამიტომ მაქსი ამბობდა, რომ შოკოლადი იდო ლურჯ ყუთში და ეს იყო სიმართლე. მესამე და მეოთხე ვერსიაში – მაქსს განზრახული ჰქონდა დის მოტყუება, ის ფიქრობდა: “ ჩემი და შემიჭამს შოკოლადს, არადა მეც მინდა მისი მირთმევა, ამიტომ არ გავუმხელ მის ადგილსამყოფელს’’ . მესამე ვერსიაში მაქსი თავისი აზრით ატყუებდა დას და ეუბნებოდა, რომ შოკოლადი მწვანე ყუთშია (ოღონდ, მისდაუნებურად ამბობდა სიმართლეს), მეოთხე ვერსიაში კი ამბობდა, რომ შოკოლადი იდო სრულიად სხვა ადგილზე.
4-დან 6 წლამდე ბავშვების უმრავლესობა მიიჩნევდა, რომ მაქსმა იცრუა არა მხოლოდ მაშინ, როდესაც განიზრახა დის მოტყუება და მოიტყუა კიდეც (მე-4 ვერსია), არამედ მაშინაც, როდესაც თავისი აზრით თქვა სიმართლე და მისდაუნებურად გამოუვიდა ტყუილი (1-ლი ვერსია). ამ შემთხვევაში ბავშვები მაქსის განზრახვას არ ითვალისწინებდნენ. მაგრამ, როდესაც პატარებს ეკითხებოდნენ, მაქსი დისადმი დამოკიდებულების გამო, რას იმსახურებდა ქებას თუ გაკიცხვას, ისინი შედეგს მაქსის განზრახვიდან გამომდინარე არჩევდნენ. აქედან გამომდინარეობს, რომ პატარები ქცევის შეფასებისას ითვალისწინებენ განზრახვას, მაგრამ ნაკლებად ესმით თავად ცნება “ტყუილი’’. მაგრამ ფაქტია ის, რომ პატარები 4 წლიდან უკვე ხვდებოდნენ, რომ ვიღაცის მოტყუების სურვილი ცუდია.
მიუხედავად ამისა, პატარები მაინც ცრუობენ ხოლმე. საინტერესოა, თუ რა ფაქტორები უბიძგებს მათ ამისკენ.
ზოგი ფსიქოლოგი მიიჩნევს, რომ ეს შეიძლება იყოს ოჯახური გარემოს იმგვარი გავლენა, სადაც ბავშვის მიმართ ბევრი ისეთი აკრძალვა და მოთხოვნა არსებობს, რომელთა შესრულებაც ბავშვს ჯერ არ შეუძლია. წესის დარღვევასა და მოთხოვნის ვერ შესრულებას კი საკმაოდ მკაცრი სასჯელი მოსდევს. ამ შემთხვევაში ბავშვი ტყუილს თავის დასაცავად მიმართავს.
ტყუილის თქმის პროვოცირება უფროსს მაშინაც შეუძლია, როდესაც ბავშვის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად იგი ნებას რთავს მას განახორციელოს აკრძალული აქტივობა, იმ პირობით, რომ “ამკრძალავმა’’ ოჯახის წევრმა ამის შესახებ არ უნდა შეიტყოს.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ზოგჯერ სიმართლის არ გამხელა სოციალიზაციის მექანიზმიც არის. მაგ., პატარა ბიჭუნას აჩუქეს სათამაშო, რომელიც ძალზედ არ მოეწონა. როგორ მოიქცევა იგი? მან შეიძლება სრულიად გულწფელად აღნიშნოს, რომ ეს ცუდი სათამაშოა, ან უკვე აქვს ასეთი. მაგრამ ამ შემთხვევაში შესაძლოა ვკითხოთ პატარას, თუ რა უფრო მნიშვნელოვანია მისთვის, რომ სხვებმა იზრუნეს მასზე და მოვიდნენ მის სანახავად/მასთან სათამაშოდ, თუ თავად – საჩუქარი? ამგვარ შემთხვევაში ბავშვს შესაძლოა დავეხმაროთ ერთი მოვლენის განსხვავებული რაკურსით აღქმაში. თანაც, ამგვარად ბავშვი სწავლობს სოციუმში დამკვიდრებული თავაზიანობის ნორმებსაც.
სკოლაში შესვლასთან და ახალ მოთხოვნებთან ერთად იცვლება და ფართოვდება ბავშვის საქმიანობის არეალი. ბავშვს უხდება მასწავლებლის მიერ დაკისრებული დავალებების შესრულება სახლსა თუ სკოლაში. ამ დროს მშობლისა თუ პედაგოგის მხრიდან არასწორმა მიდგომამ შესაძლებელია გააფართოვოს ტყუილების თქმის არეალი.
მიიჩნევა, რომ ამ მოქმედების პროვოცირება შეიძლება მოხდეს მაშინ, როდესაც პატარა მოსწავლეს მასზედ წარმატებულ თანაკლასელს, ან სხვა ადამიანს ვადარებთ. მაგ., “შეხედე მაშოს, რა კარგად სწავლობს, როგორი მოწესრიგებულია!’’ ამ დროს ბავშვს შეიძლება გაუჩნდეს თვითრეაბილიტაციის სურვილი, მაგრამ არა ამ საქმიანობების უკეთ შესრულების ხარჯზე (ვინაიდან იგი იმიტომ ვერ ასრულებს ამ ყველაფერს, რომ მას მეტი დახმარება სჭირდება უფროსის მხრიდან), არამედ ფანტაზიით ან “სანიმუშო’’ მოსწავლის მიმართ აგრესიის გამოვლენით. ასეთ შემთხვევაში ბავშვი იწყებს საკუთარი ღირსებების “მოგონებას’’. ამიტომ აქ დიდი სიფრთხილე გვმართებს, რომ ბავშვი სასკოლო წარუმატებლობის გამო, არ მიეცეს წარმოსახულ სამყაროს. აქედან გამომდინარე, ნებისმიერ წარმუმატებლობას მიზეზის კვლევა და ადეკვატური დახმარება სჭირდება.
არსებობს იმგვარი შემთხვევებიც, როდესაც ბავშვები იგონებენ სხვადასხვა სახალისო ისტორიებს – ასეთ დროს მათი განზრახვა გარშემომყოფთა გართობაა. ხშირად ასეთი ბავშვები შემოქმედებითი უნარებითაც გამოირჩევიან. ამიტომ, ხომ არ იქნება უპრიანი ნაკლებად მივაქციოთ ყურადღება მათ შეთხზულ ისტორიებს, სამაგიეროდ ჩავრთოთ მრავალფეროვან სასკოლო აქტივობებსა და კლუბებში და იქ წავახალისოთ მათი შემოქმედებითი უნარები.
მაშ ასე, პატარები შეიძლება ცრუობდნენ იმის გამო, რომ ეშინიათ დასჯის, სურთ სხვების კეთილგანწყობის მოპოვება, თვითშეფასების ამაღლება, მეგობრის ან პირადი სივრცის დაცვა და ა.შ. ტყუილს ხშირად ის მოსწავლეები ამბობენ, რომელთაც სხვების მხრიდან ყურადღება აკლიათ, და მათი ფანტაზია შესაძლოა სწორედ ყურადღების მიქცევას ემსახურებოდეს. ამიტომ, მიზეზების იდენტიფიცირების შემდეგ მნიშვნელოვანია ადეკვატური რეაგირება მიზეზის შესუსტებასა და აღმოფხვრაზე, იმის ნაცვლად, რომ ბავშვის მიმართ მკაცრი სანქციები გამოვიყენოთ.
ძალზედ მნიშვნელოვანია ბავშვთან შეთანხმება იმაზე, რომ კეთილსინდისიერება სწორედ ის თვისებაა, რომელსაც ოჯახსა თუ სკოლაში დიდად აფასებენ. ამიტომ, თუ ბავშვი გაგვიზიარებს, რომ თავისდაუნებურად რაიმე დააშავა, აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ მისი მადლიერი ხართ, ვინაიდან სიმართლის ცოდნის შემთხვევაში უკეთ შეძლებთ დახმარებას.
ტყუილზე საუბრისას სასურველია ყურადღება გავამახვილოთ შემდეგ ფაქტორებზე: პასუხისმებელია თუ არა ბავშვი იმაზე, რაც მოხდა? საქციელი გაცნობიერებული გადაწყვეტილებით იყო ნაკარნახები? რა შედეგი მოჰყვა ტყუილს? ვინ ან რა დაზარალდა? ტყუილმა გაამწვავა სიტუაცია? აუცილებელია ბავშვთან საუბარი ქცევის ეთიკურობასთან დაკავშირებით – ამ შემთხვევაში შეგვიძლია გამოვიყენოთ სხვადასხვა მოთხრობა, იგავი თუ ზღაპარი, შეგვიძლია ვისაუბროთ იმის შესახებაც, თუ რა მოხდებოდა, ერთ დღეს ყველას ტყუილების თქმა რომ დაეწყო. შეეცადეთ დაანახოთ ბავშვს ტყუილების თქმის შედეგი, რომ ამ შემთხვევაში მას აღარავინ ენდობა, და მართლა რომ დასჭირდეს რჩევა ან დახმარება შესაძლოა აღარც აღმოუჩინონ ის. ამით კი შეიძლება მისი უსაფრთხოება დაირღვეს. დაეხმარეთ ბავშვს განასხვაოს რეალობა მის მიერ მოგონილისაგან. რეალური ხომ ის არის, როგორიც იყო სიტუაცია, შელამაზებული -კი ის, თუ როგორი უნდოდა ბავშვს რომ ის ყოფილიყო.
თუ ტყუილები მაინც მეორდება, შეიძლება გარკვეული სანქციების შემოღება. მაგრამ სანქცია არ უნდა იყოს ძალზედ მკაცრი და დამამცირებელი. თანაც თავდაპირველად მნიშვნელოვანია ბავშვს ვესაუბროთ, თუ რატომ არის ტყუილი მიუღებელი და რა შეიძლება მოჰყვეს ყოველივე ამას. გასათვალისწინებელია, რომ სანქცია სასურველია იყოს იმგვარი, რომ დააფიქროს პატარა საკუთარი საქციელის არამართებულობაზე. ეს შეიძლება იყოს წერილის მიწერა, დახატვა – იმისთვის, ვინც ამ ტყუილით დაზარალდა (ოღონდ აქ დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ ბავშვი მზად არის ამის გასაკეთებლად), ორიდან ხუთამდე შედეგის დახატვა/ დაწერა, თუ რა შეიძლება მოჰყვეს ტყუილს და როგორ მოიქცევა ის შემდგომ მსგავს სიტუაციაში.
ამას გარდა აუცილებელია გადავხედოთ ჩვენ ქცევასაც, ხომ არ მიგვიცია სახლსა თუ სკოლაში ბავშვისთვის ამისი მაგალითი? მაგ., შევპირებივართ, რომ თუ დავლებას შეასრულებდნენვუჩვენებდით ანიმაციურ ფილმს და შემდგომ დაგგვიწყნია ამის შესახებ, ან ხელი ხომ არ დაგვიფარებია ბავშვისთვის, როდესაც მას არ ჰქონდა შესრულებული დავალება იმ მიზეზით, რომ გუშინ თითქოს სიცხე ჰქონდა. ვინაიდან, თუ ბავშვს ამგვარი ქცევა დაუფიქსირებია, იზრდება ალბათობა იმისა, რომ ბავშვი ჩვენ მოგვბაძავს.
სტატიის დასასრულს შემოგთავაზებთ ამერიკელი ფსიქოლოგის, პოლ ეკმანის მოსაზრებას, რომ; აუცილებელია ბავშვს თავიდანვე შევუთანხმდეთ იმაზე, რომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობები: ბავშვმა წინასწარ უნდა იცოდეს, რომ რაც არ უნდა ჩაიდინოს მან, უმჯობესია არ დაუმალოს მისთვის მნიშვნელოვან უფროსს და არ შეალამაზოს ქცევა, მაგრამ თუ უფროსი მაინც გაუწყრება, შეახსენოს შეთანხმება, რომ საამაყოა, როდესაც ადამიანი ახერხებს იპოვოს საკუთარ თავში სიმართლის თქმის ძალა. თუ ბავშვის საქციელმა ძალზედ გაგვაბრაზა, ჯობს საუბარი გადავდოთ იმ დრომდე, სანამ არ შევძლებთ საკუთარი ემოციების მართვას, ვინაიდან ბავშვის მიმართ აგრესიის გამოხატვა, მას გაუჩენს მოტივაციას, მომავალში უფრო მეტად დახვეწილად დაგვიმალოს ჩადენილი “დანაშაული’’. აქ აღსანიშნავია ისიც, რომ როდესაც ბავშვი დარწმუნებულია ჩვენი მხრიდან კეთილგანწყობასა და სიყვარულში, იგი ნაკლებად შეეცდება ჩვენს მოტყუებას.