ერთ ცოლ-ქმარს ძალიან უყვარდა ანტიკვარიატის მაღაზიებში სიარული და ეგზოტიკური ნივთების ყიდვა. ერთ მშვენიერ დღესაც ისინი ერთ მაღაზიას ათვალერებდნენ, როდესაც მათი ყურადღება ერთმა მშვენიერმა ჩაის ჭიქამ მიიპყრო.
– შეიძლება ვნახოთ? რა მშვენიერია !!! – აღმოხდათ ერთხმად.
ქალმა ჭიქა ხელში აიღო და როდესაც მისი სილამაზით ტკბებოდა მოულოდნელად ჭიქა ალაპარაკდა.
– თქვენ ვერაფერსაც ვერ მიხვდით, მე მუდამ ჭიქა არ ვყოფილვარ. იყო დრო როცა სველი, წითელი თიხა ვიყავი.
შემდეგ ოსტატმა ხელი დამავლო, ამზილა, დამამგრვალა და თიხის ჩარხზე შემომდო.
“ძალიან მტკივნეულია თავი დამანებეთ” – ვიყვირე მე. მაგრამ ოსტატმა გამიღიმა და “მითხრა: მოითმინე, ჯერ ადრეა“.
შემდეგ ჩარხი ჩაირთო და დატრიალდა. “გააჩერე, გთხოვ, თავბრუ დამეხვა” – ვყვიროდი მე. მაგრამ ოსტატი კვლავ იღიმებოდა და თავის დაკვრით მეუბნებოდა: “მოითმინე, ჯერ ადრეა”.
შემდეგ მან ღუმელში მომათავსა. არასოდეს ასეთი მხურვალება არ მიგვძვნია. “რატომ?რატომ სურს ასე, რომ დამწვას?” ნერვები აღარ მყოფნიდა და მაღიზიანებდა ოსტატის მომღიმარი ტუჩები, რომელზეც თითქოს ისევ ის აუტანელი სიტყვები ეწერა: “მოითმინე, ჯერ ადრე.”
შემდეგ ღუმელის კარები გაიღო. და ოსტატმა მაგიდაზე შემომდო. “რა სიგრილეა და რა ბედნიერი ვარ” – გავიფიქრე მე. მეგონა, რომ ყველაფერი დამთავრდა, მაგრამ არა! ახლა მან ჩემი გვერდების ხეხვა და გაფერადება დაიწყო.
“რა საშინელებაა. გთხოვ, შეჩერდი, შეჩერდი, გთხოვ…” ცრემლები მომაწვა, ტკივილისაგან ცრემლები ღაპაღუპით მსდიოდა, მაგრამ ოსტატი კვლავ იმეორებდა თითქოსდა დაზეპირებულ და შემზარავ სიტყვებს: “მოითმინე, ჯერ კვლავ ადრეა.”
და როდესაც იმედი დავკარგე და დანებება გადავწყვიტე, ოსტატმა მოულოდნელად ყველაფერი შეწყვიტა და თაროზე შემომდო და ერთი საათის შემდეგ სარკე მომიტანა და მითხრა:
– შეხედე შენს თავს.
– არა ეს მე არ ვარ. არა,არ შეიძლება, რომ მე ვიყო ეს – გაოცებული ვიყურებოდი სარკეში და უკვე სიხარულის ცრემლები მდიოდა.
– რა მშვენიერებაა, რა მშვენიერი ვარ – ვიმეორებდი გაოცებული და თვალს ვერ ვწყვეტდი სარკეში არეკრილ ულამაზეს გამოსახულებას.
და მაშინ ოსტატმა მითხრა:
ვიცი ძნელია გაიარო ის, რაც შენ გაიარე. მაგრამ მე არ შემეძლო, რომ ისე დამეტოვებინე, როგორც იყავი. თუ თავს გაგანებებდი ისევ ფეხებით გათელილ წითელ თიხად დარჩებოდი, რომელიც ადრე თუ გვიან მზისგან გამოშრებოდა და თავის ფუნქციასაც დაკარგავდა.
ჩარხის ტრიალი, რომ შემეწყვიტა ჭიქის ფორმას ვერ მიიღებდი. ვიცი, ძნელია ცხელ ღუმელში იწვოდე, მაგრამ მე თუ ამას არ გავაკეთებდი ვერ იქნებოდი ისეთი მყარი, როგორიც ახლა ხარ. მესმის, რომ გვერდების ხეხვა და გაფერადებაც ძალიან მტკივნეული იყო, მაგრამ თუ ამას არ გავაკეთებდი, სრულყოფილი ფორმა ვერ გექნებოდა და შენი ცხოვრებაც ხალასი ფერებით სავსე აღარ იქნებოდა.
და ბოლოს, შენ რომ ყველა ეს სირთულე არ გადაგეტანა – ვერ გადარჩებოდი და ცხოვრების სირთულეებს ადვილად დანებდებოდი. ახლა შენ სრულყოფილი და მშვენიერი არსება ხარ – სწორედ ისეთი, როგორიც მსურდა ყოფილიყავი, როდესაც შენი შექმნა დავიწყე…
ვიცი, ძნელია ცხოვრების სირთულეებს გაუმკლავდე, თუმცა მინდა გახსოვდეთ, რომ ღმერთი მოწყალეა და მან კარგად იცის რას აკეთებს. ის თქვენი შემოქმედი და ოსტატია , თქვენ კი… თქვენ კი თიხა ხართ, რომელიც ერთ დღესაც მშვენიერ, ძლიერ და სრულყოფილ არსებად გადაიქცევა, თუ იმედს არ დაკარგავთ, ცხოვრების დაბრკოლებებს არ შეუშინდებით და ბრძოლას არ შეწყვეტთ..