Skip to content

პოეტები, რომლებმაც ბავშვობა ვერ დათმეს

ალბათ, დამეთანხმებით, რომ ბავშვობა ყველაზე ტკბილი და ხანმოკლე სიზმარია ადამიანის ცხოვრებაში. თავიდან გაზრდას ვნატრობთ, შემდეგ კი ვხვდებით რაოდენ ძვირფას წლებს გამოვეთხოვეთ. გადის ხანი და შორიდან ვეფერებით მას, როგორც მიუწვდომელს.

როგორიც უნდა იყოს ბავშვობა ის მაინც გენატრება, რადგან ეს ის წლებია, როცა სამყაროში ყველაფერი ლამაზად გეჩვენება.

პოეტთა დიდ ნაწილს სურდა დრო გაეჩერებინა და ბავშვობით დამტკბარიყო, წარმოგიდგენთ, პოეტთა იმ ნაწილს, რომლებმაც ბავშვობაზე უარი ვერ თქვეს და თავიანთ პოეზიაში მისი უსაზღვრო მონატრება გადმოსცეს.

,,ო, სიყმაწვილევ, აწი არასდროს ამგვარად აღარ ამეტყველდები“
/გალაკტიონი/

„ეჰ, რა იქნება ხელახლა დაიწყებოდეს თავიდან, რაც დროის დენამ შელახა, რაც დროსთან ერთად წავიდა, ჰეი, ბავშვობის დღეებო, დაბრუნდებოდეთ ნეტავი…“
/ლ. ასათიანი/

„ბავშვობა ერთი ბოლოა თოკის და თვითონ უნდა მიაბა იგი მიწას, რომელზეც გინდა რომ მოკვდე, როდესაც მოვა სიკვდილის რიგი.“
/ო.ჭილაძე/

„გადაირბინა ამ ბონდის ხიდით, გადაირბინა ჩემმა ბავშვობამ და მოგონებებს, ტანზე რომ ვიხდი, არ უწერია მზეზე გაშრობა. ო, ბონდის ხიდო, აქედან ვხედავ გავლილი გზების სიგრძე-სიგანეს…რომ დავბერდები, ამოვალ შენთან და ბავშვობაში გადამიყვანე.“
/შ.ნიშნიანიძე/

„ეხ, წუთით მაინ დაბრუნდებოდეს ჩვენი ბავშვობა და სილამაზე!„
/ლ.ასათიანი/

„რა კარგები ხართ, ბავშვებო, ვიდრე გაივლის ბავშვობა, ვიდრე მზეს ეთამაშებით, ვიდრე მზე გეთამაშებათ, ვიდრე დაცხრებით კრავივით, ვიდრე დაცხრებით სავსებით, ვიდრე ბავშვობა გაივლის და… მშობლებს დაემსგავსებით.“
/ვახტანგ ჯავახაძე/

„გაფრინდა ბავშვობის დღეები, მინდვრები,ჭალები,ტყეები, უეცრად მოვიდა შავებით სხვა ბავშვი შორეულ დაბიდან, მწუხარე ფერხულში ჩავებით და თვალი ცრემლებმა დაბინდა. ბალახი,მდინარე,ხეები, დღეები,ბავშვობის დღეები!“
/გალაკტიონი/

მოამზადა მარიამ ნებიერიძემ