Skip to content

პლატონი ბედნიერების მიღწევის შესახებ

ადამიანები უამრავ სურვილს ვატარებთ, რასაკვირველია ეს კარგიცაა, თუმცა პრობლემა მაშინ ჩნდება, როდესაც კარგი სურვილის ცუდი გზით ასრულებას ვცდილობთ. იმისათვის, რომ ჯანმრთელი ფიზიკური და სულიერი ცხოვრებით ვიცხოვროთ, არ უნდა დავუშვათ, ჩვენმა სურვილებმა (საკვების, სექსის, დალევის, ძალაუფლების) გვაკონტროლონ.

მაღალი მორალი და სამართლიანობა პლატონისთვის ბედნიერების განმსაზღვრელი უმნიშვნელოვანესი ფაქტორებია. სამართლიანი, ჯანმრთელი სულის ადამიანი თავად აკონტროლებს საკუთარ სურვილებსა და მისწრაფებებს. სამართლიანი ადამიანის გონება მშვიდობითაა სავსე და ბედნიერებასთან ბევრად ახლოა. სამართლიანობა პიროვნულ თვისებებს, მის საერთო ღირებულებას გვიჩვენებს, პლატონს სჯერა, რომ ბედნიერი ადამიანები სამართლიანები არიან და სამართლიანი ადამიანი ყოველთვის ბედნიერია. ასე რომ ბედნიერება, ჯანმრთელი სულის შედეგია, რომელიც მაღალი მორალური ღირებულებების შესაბამისად ყალიბდება.

ადამიანები ყოველთვის არ მისდევენ მორალური სათნოების გზას, რადგან ვერ აანალიზებენ, რომ სწორედ სათნოება ქმნის ბედნიერებას. ჩვენ ხშირად ვუშვებთ შეცდომას, ვფიქრობთ რა , რომ ძალაუფლების წყურვილსა და ბევრ ფულს მეტი ბედნიერების მოტანა შეუძლიათ, ვიდრე სამართლიანი გულის ხმით ცხოვრებას. ადამიანური ბუნებიდან გამომდინარე, ცხადია, ყოველთვის შესანიშნავი გადაწყვეტილებებით არ გამოვირჩევით.

წამით შეჩერდით და წარმოიდგინეთ, რომ რაღაც შემთხვევის წყალობით ერთი სურვილის ასრულების შესაძლებლობა გეძლევათ. არსებობს ორი არჩევანი და ყველაფერი თქვენს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. პირველი არჩევანი ავადმყოფობით, ქრონიკული ტკივილებითა და წარუმატებლობით სავსე ცხოვრებაა. მეორე კი ფიზიკური და სულიერი ჯანმთელობითა და ბედნიერებით გაჯერებული სიცოცხლე. რომელ მათგანს აირჩევდით?

თუ რაციონალური პიროვნება ხართ, რასაკვირველია, მეორე არჩევანს გააკეთებთ.

რაციონალური ადამიანი აუცილებლად აირჩევს სიბრძნით, გამბედაობით, სამართლიანობითა და მორალური ღირებულებით სავსე ცხოვრებას და განზე გაუდგება სიბრიყვეს, სიმხდალეს, სისუსტესა და უსამართლობას. თუ სულიერ სისავსეს სულიერ ავადმყოფობას ვარჩევთ, ჩანს ირაციონალური ადამიანები ვყოფილვართ. პლატონის თვალსაზრისით, რაციონალური გადაწყვეტილება, რომელიც სწორად, კონკრეტულად კი, მორალური და სამართლიანი გზით ცხოვრებაში გამოიხატება, ბედნიერების განმსაზღვრელი უმთავრესი ფაქტორია.