პიეტრო დელა ვალე (1586 – 1652), იტალიელი მოგზაური, რომელმაც იმოგზაურა ირანში და იქ პირველად ნახა ქართველები, ძირიდად შირაზსა და ისფაჰანში, გაოცებული დარჩა მათი მომხიბლაობით. პიეტრო იმდენად იყო ქართველების სილამაზით აღფრთოვანებული, რომ ცოლად ქართველი ისფაჰანელი ტყვე გოგონა მოიყვანა, როცა მას უსაყვარლესი ცოლი მაანი გარდაეცვალა. იგი წერდა:
“ქართველი ქალები ძალიან ლამაზები არიან… ტანმაღალნი, ყველას თმები შავი აქვს და თვალებიც შავი-დიდრონი და მომხიბლავი, პირსახე-თეთრი ფერისა, ხოლო ლოყები ვარდისფერი… მე ვთვლი ქართველებს ერთ-ერთ ულამაზესად მსოფლიოში…
რაღაც ტავისებური ნაკვთები და სინაზე აქვთ, დიდებული იერი, საუცხოო სახითა და ტანით, გარდა ამისა, მათ აქვთ ისეთი მიმზიდველი და ალერსიანი გამოხედვა, რომ მაყურებლისაგან თითქოს ტრფობას ითხოვენ, აქვთ ჭეშმარიტად გამჭრიახი და მახვილი გონება, არიან თავაზიანები, ზრდილნი, დარბაისელნი და გულთბილნი, მაგრამ ამავე დროს ამაყნი, ქედმაღალნი, დაუნდობელნი და ულმობელნი”
***
“ქართველები არიან მამაცნი, მაგრამ მოქმედებაში ნაკლებად ერთიანნი, ცდილობენ შიგნით შუღლის ჩამოგდებით ერთმანეთი დაღუპონ… საერთოდ, წყნარი, გამგონი, კეთილი გულის, ურთიერთობაში უბრალონი არიან; მოლაპარაკების დროს არ არიან ჯიუტნი, მატყუარანი, ორპირნი, მათთან ყოველი კეთილი საქმის მოგვარება შეიძლება.
ქეთევან დედოფალმა უარი თქვა მაჰმადიანობის მიღებაზე, შაჰის ბრძანებით ის წამებით მოკლეს. მან უფლის შემწეობით ჩაშალა შაჰის ზრახვები. ქეთევან დედოფლის მოკვდინება – ეს იყო უდიდესი სისასტიკე, როგორიც კი შაჰ აბასს ოდესმე ჩაუდენია. მან ხელი გაისვარა ასეთი ღირსეული მანდილოსნის სისხლით. ღირსეულისა არა მარტო წამების ატანით, არამედ იმ დიდი პატივისცემით, რაც მან სავსებით დაიმსახურა”.
***
XVII ს-ის ევროპელი მოგზაური პიეტრო დელა ვალე აგვიწერს ქართველთა ირანში გადასახლების ამბებს:
„რა მდგომარეობა მოჰყვა ამ საზარელ გადასახლებას, რამდენი სიკვდილი, საშინელი გაჭირვებისაგან, რამდენი წყვეტა-ჟლეტა… რა გახრწნა, რა ძალდატანება… რამდენი ბავშვი მოჰგლიჯეს დედის ძუძუს და დაჰყარეს გზებზედ მხეცების შესაჭმელად, ცხენებისა, აქლემებისა და ჯორების ფეხქვეშ სასსრესად. რამდენი დააშორეს მამა შვილს, ცოლი ქმარს, და ძმას და გაჰფანტეს ერთი ერთმანეთისაგან შორი შორს ქვეყნებში, ისე, რომ ეს საწყლები საუკუნოდ იყვნენ იმედგაწყვეტილნი, ენახათ კიდევ როდესმე ერთმანეთი. რამდენი ქალი და კაცი იყიდებოდა პირუტყვზე უფრო იაფად. რამდენი სხვა ამისთანები ხდებოდა ღირსი სიბრალულისა, მაგრამ ყველას ვინ მოსთვლი“.
პიეტრო დელა ვალე
***
“შაჰ აბასი იყო ტირანი. არც მტერს ინდობდა, არც მოყვარეს. მას მარტო ქრისტიანობის საკითხი არ აღელვებდა. უნდოდა ქართველების სრული მოსპობა და მდიდარი ქვეყნის ხელში ჩაგდება… შაჰს განსაკუთრებით ეშინოდა ქართველებისა, რადგან იცოდა, მათი საბოლოოდ დამორჩილება შეუძლებელი იყო”.
პიეტრო დელა ვალე, «სპარსეთის მეფის აბასის მდგომარეობა» , 1628
(პროფ. ილია ტაბაღუას პუბლიკაცია)