„აფეთქების ხმა, ქვიშის უზარმაზარი ნაკადი და დიდი ტკივილი ერთადერთი რამეა, რაც მახსენდება“ – ამბობს დეილ ბიატი, 8 წლის შემდეგ. ამერიკის სამხედრო ჯარების ოფიცერი, ჩრდილოეთ ერაყში ასრულებდა სამხედრო მისიას და გადაწყვეტილი ჰქონდა პოლიციის პატრულში დაეწყო მუშაობა, როცა შინ დაბრუნდებოდა, თუმცა ერთ დღეს, როცა სამხედრო ჰამერით გზაზე მიდიოდა, მისი გეგმები რადიკალურად შეიცვალა.
ძლიერმა აფეთქებამ ჯავშნით დაფარული ავტომობილი ჰაერში ააგდო. როდესაც დეილი ავტომანქანიდან გამოიყვანეს, მას ფეხები გადამტყდარი ჰქონდა მუხლებს ქვემოთ. რამოდენიმე დღეში ექიმებმა მისი ორივე ფეხის ამპუტაცია მოახდინეს.
ალბათ მსგავსი ტრავმა, ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებას შეცვლიდა, ამ შემთხვევაშიც ასე მოხდა, თუმცა რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს ჩვენი გმირი ამ მოვლენასაც დადებითი კუთხით უყურებს:
„არსებობს მიზეზები, რის გამოც ყოველთვის იღბლიანად მივიჩნევთ თავს. მართალია, ეს არ ჰგავს ფეხის ფრჩხილის დაკარგვას, მაგრამ ასე უნდა მომხდარიყო. ცხოვრებაში ბევრ ადამიანს შევხვედრივარ , რომლებიც ჩემზე დიდ ტკივილს ატარებდნენ, თუმცა მაინც ახერხებდნენ ღირსეულად ცხოვრებას. არც მე მაქვს რაიმე მიზეზი, რომ მათ მაგალითს არ მივბაძო.“
ბიატი ერთი წლის განმავლობაში მკურნალობდა უოლტერ რიდის არმიის სამედიცინო ცენტრში, ოცნებობდა რომ შინ დაბრუნდებოდა და დიდ სახლს ააშენებდა ჩრდილო კაროლინაში, თავისი მეუღლისა და ორი ვაჟისთვის. მისი ახალი მწარე რეალობა კი ორი ხელოვნური ფეხი და ინვალიდის სავარძელი იყო, რომლის მართვაც კი არ იცოდა.
საბედნიეროდ, ადგილობრივმა საზოგადოებამ მისი პრობლემა უყურადღებოდ არ დატოვა, შემოწირულობების წყალობით დეილ ბიატს სახლი აუშენეს, რომელიც მაქსიმალურად მორგებული იყო უნარშეზღუდული ადამიანის მოთხოვნებზე.
როდესაც სახლის შენება დასრულდა, დეილმა და მისმა მეუღლემ გადაწყვიტეს გაწეული სიკეთის საფასური „სხვისთვის გადაეხადათ“ და მათ სხვა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ომის ვეტერანთა დახმარება გადაწყვიტეს. 2008 წელს მათ, თავი მოუყარეს სახელმწიფო დახმარებას, რომელსაც იღებდნენ და დააფუძნეს არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც 30 შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ომის ვეტერანს დაეხმარა და სახლი აჩუქა.
დღეს ორგანიზაცია ორი ძირითადი მიმართულებით ფუნქციონირებს, პირველი ასაკში შესული, ომით დაზარალებული ვეტერანებისა და მათზე მზუნველების დახმარებას ისახავს მიზანს, რომელთაც უკვე აქვთ საკუთარი სახლი.
მეორე პროგრამა ომით დაზარალებული იმ ვეტერანებისა და მათზე მზრუნველების დახმარებას ისახავს მიზნად, რომელთაც ჯერ კიდევ არ აქვთ საკუთარი სახლი.
ორგანიზაცია შემოწირულობებითა გრანტებით ფინანსდება და სწრაფი ტემპით იზრდება, მიღებულია 700–მდე აპლიკაცია და 100 პროექტი უკვე შესრულების პროცესშია.
დეილი ამბობს, რომ მისი მისია იმაზე მეტს ნიშნავს, ვიდრე ვეტერანებისთვის სახლების შენებაა. “ეს არის მუხტი საზოგადოებისთვის, რათა მეტად დააფასონ და დაეხმარონ ადამიანებს, რომლებიც მათ ქვეყანას ემსახურებოდნენ.”
„ჩემი დიდი ბაბუა, პირველ მსოფლიო ომში იბრძოდა, ბაბუაჩემი მეორეში, მამაჩენი კი ვიეტნამში მსახურობდა, მე მინახავს მათი უნიფორმები. შეიძლება სხვებს ბევრი არაფერი აკავშირებთ, თუმცა ჩვენ უბრალოდ გვსურს თვალი ავუხილოთ ადამიანებს.“
“ვისაც დღეს ვეხმარები, თავადაც მეხმარებიან გავაანალიზო, რომ ჩემი ღირსება და ღირებულება არ დამიკარგავს, ისინი ჩემს ცხოვრებას მნიშვნელობას ანიჭებენ, მათ მომცეს სტიმული ხელახლა დამეწყო ცხოვრება.“ – ამბობს დეილი.
დეილ ბიატი ყველა ომის ვეტერანს თანაბრად სცემს პატივს და ეხმარება. „ჩვენ ყველანი ერთნი ვართ, არა აქვს მნიშვნელობა როდის და სად ვმსახურობდით. “ამ ადამიანებს უბრალოდ სჭირდებათ იცოდნენ, რომ ვიღაც მათზე ზრუნავს.”
„თუ დაჭრილ ადამიანს ბრძოლის ველზე არ მივატოვებთ, ყოველდღიურად რატომ ვაკეთებთ ამას?“