უბედურებაში ჩავარდნილ კაცს ყველაფერზე მეტად თანაგრძნობა სჭირდება, თუნდაც მოჩვენებითი, ყალბი, მოვალეობის მოსახდელი. ესეც დიდი ამბავია, ესეც კარგი კაცობაა და ჭირისუფალმა იმის ძიება კი არ უნდა დაიწყოს. მართლა განიცდი თუ არა მის უბედურებას, გვერდში რომ უდგეხარ, ისიც უნდა იმყოფინოს, იმის მადლობელიც უნდა უნდა იყოს, რადგან უბედურებაზე უფრო მარტო დარჩენისა ეშინია კაცს.
ტკივილი და სიბრაზე ადამიანს უფრო გულახდილს ხდის, უფრო გულწრფელს, ვიდრე მერეა, როცა სიბრაზე გადაუვლის.
ოცნება ჯილდო იყო, რომელსაც ცხოვრებასთან შეგუებულ ადამიანს აძლევდა ღმერთი.
ცხოვრება გაწბილებული ოცნებაა, საწინააღმდეგოდ ამხდარი სიზმარია, ლამაზი, ყურის მაამებელი, გულის გამკეთებელი სიტყვა კი არაა, არამედ ამ ლამაზი სიტყვებიდან დაბადებული მკაცრი და დაუნდობელი სიმართლე. გარდა ამისა, ცხოვრებას იმდენი ძალაცა აქვს, თვალის დახამხამებაში რომ გადაარწმუნოს მისი გაცნობის მოწადინე ბავშვი, ძირფესვიანად გარდაქმნას და გაიყოლიოს თან, სულ ახალი და ახალი, თანდატანობით მზარდი ტკივილისა და გაწბილების განსაცდელად.
ოთარ ჭილაძე – ყოველმან ჩემმა მპოვნელმან