ადამიანმა ბუნებაზე ზემოქმედება განვითარების საწყის ეტაპზევე დაიწყო, მაგრამ მასიური სახე ამან, ბოლო საუკუნის მიჯნაზე მიიღო. რაც უფრო ვითარდება კაცობრიობა მით უფრო იზრდება ადამიანის გარემოზე ზემოქმედების მასშტაბები, რასაც ხშირად ფატალური შედეგები მოაქვს. გარემოზე ადამიანის ზემოქმედების ერთ-ერთი მავნებლური ფორმაა – გარემოს დანაგვიანება. ბოლო რამდენიმე წელია ინტერნეტ და ტელე სივრცეში აქტუალური გახდა სოციალური პროპაგანდა დანაგვიანების წინააღმდეგ. სულ უფრო მეტი ადამიანი ერთიანდება გარემოს დანაგვიანების წინააღმდეგ, მაგრამ ფაქტია, რომ იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც გარემოს ანაგვიანებენ ბევრად მეტია.
დანაგვიანების პრობლემა ჩვენ ქალაქში მწვავედ დგას. თბილისში ჰაერი დაბინძურებულია სმოგით, სპეციალისტების გაანგარიშებით ქ. თბილისიდან ატმოსფეროში ყოველწლიურად დაახლოებით 276 500 ტონა მავნე ნივთიერება ხვდება, რომლის 83,3 % ავტოტრანსპორტზე მოდის. ერთ მცხოვრებზე გაანგარიშებით, საქართველოში ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.
სმოგი კვამლის, ნისლისა და მტვრის ნარევია, რომელიც ფაბრიკა-ქარხნებისა და ტრანსპორტის გამონაბოლქვისგან წარმოიქმნება. დაბინძურებული ჰაერი და რეკრეაციული ზონების ნაკლებობა, დანაგვიანებულ გარემოსთან ერთად გაუსაძლის მდგომარეობას ქმნის და ეკოლოგიური საფთხის წინაშე გვაყენებს.
დანაგვიანება ერთ-ერთი მწვავე სოციალური დილემაა.ჩვენ ხშირად ავღნიშნავთ, რომ ჩევენი ქალაქი განსაკუთრებული სილამაზით გამოირჩევა და ვამაყობთ კიდეც ამით, მაგრამ ადამიანების დიდ ნაწილი არ ცდილობს, რომ გარემოს დანაგვიანებისგან თავი შეიკავოს. ჩვენ რეალობაში ხშირად ნახავთ შემდეგ სურათს: მშობლები რომელთაც შვილები სათამაშო მოედანზე ჰყავთ გამოყვანილი, იქვე სკამებზე სხდედან და მზესუმზირის ნარჩენებით იმავე მოედანს ანაგვიანებენ, სადაც მათი შვილები თამაშობენ. ასევე შეხვდებით ადამიანებს, რომლებიც თვლიან, რომ მეეზოვემ არა მარტო ქუჩა უნდა გაასუფთაოს, არამედ მათ პირად ნაგავსაც უნდა მოუაროს, ამიტომაც სახლიდან გამოტანილ ნაგავს მეეზოვეს უტოვებენ, მიზეზად კი იმას ასახელებენ, რომ ნაგვის ურნა მათი კორპუსიდან შორს დგას. ფეშენებელური და ტიპიური კორპუსების მიდებარე ტერიტორიები ერთნაირადაა სიგარეტის ნამწვით დანაგვიანებული. ადამიანების დიდი ნაწილი არ ერიდება ქუჩაში ნაგვის დაყრას, ხალხმრავალ ადგილებში. ავტობანების მიდებარე მწვანე ნარგავები მორთულია ავტომობილებიდან ნასროლი პოლიეთილენის პარკებით და ბოთლებით. გარემოს დანაგვიანების პრობლემა სოფლად და ქალაქში ერთნაურად პრობლემატურია. სოფლის მოსახლეობის დიდი ნაწილი ნაგავს ახლომდებარე ღელეებში და მდინარეებში ყრის, რაც საკმაოდ საფრთხის შემცველია.
რატომ ანაგვიანებენ ადამიანები გარემოს? რაში მდგომარეობს პრობლემის არსი? უპასუხისმგებლობა, ეკოლოგიური გაუნათლებლობა თუ ბანალური გულგრილობა იმ გარემოსადმი, რომელშიაც ვცხოვრობთ?
მიზეზი ალბათ სისტემურ-ვექტორულ ფსიქოლოგიაში უნდა ვეძებოთ. რადგან სწორედ იქაა შესაძლებელი ვიპოვოთ პასუხი კითხვაზე ვინ ვართ და რა გვინდა. შემდეგ კი ვიფიქროთ იმაზე თუ როგორ მოვახდინოთ ჩვენი სურვილების ტრანსფორმირება ქმედებებით ისე, რომ მივიღოთ სასურველი შედეგი. ვიღაცამ შეიძლება ჩათვალოს რომ ჩვენ არ გვაქვს ღირსების გრძნობა – ამიტომაც ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ ჩვენი ქალაქის ბატონ-პატრონები თავად ვართ და რომ ჩვენმა ქმედებამ შესაძლოა, გახადოს იგი უკეთესი ან უარესი.
კითხვაზე რატომ ყრი ნაგავს? დამნაგვიანებლების პასუხი თითქმის იდენტურია: “ყველა ყრის და მე რო არ დავყარო რა”, პასუხი არა მარტო ეკოლოგიურ გაუნათლებლობაზე, არამედ ზოგადი განათლების არქონაზეც მიუთითებს. არადა ყველა მათგანს სურს უკეთეს გარემოში ცხოვრება, მაგრამ თვლიან, რომ ეს მათგან დამოუკიდებლად უნდა მოხდეს. ვიღაც სხვამ არ უნდა დაყაროს ნაგავი, ვიღაც სხვამ უნდა დაასუფთაოს, ვიღაც სხვამ უნდა იზრუნოს ეკოლოგიაზე და სუფთა გარემოზე.
რა უნდა კავაკეთოთ, რომ იქ სადაც ვცხოვრობთ არ იყოს ნაგავი, როგორ გადავაჩვიოთ ჩვენ ირგვლივ მყოფი ადამიანები დანაგვიანებას? რადგან, როგორც ამბობენ სუფთაა, ის გარემო რომელსაც არავინ ანაგვიანებს და არა, ის რომელსაც ასუფთავებენ.
მართალია გარემოს დაბინძურებაზე სასჯელი 2015 წლიდან გამკაცრდა მაგრამ, მდომარეობა ამით მხოლოდ ოდნავ გაუმჯობესდა, ადამიანები მხოლოდ იმ ადგილებში ერიდებიან ნაგვის დაყრას, სადაც კამერებია დამონტაჟებული.
თუ ადამიანს თვითშეგნება არ აქვს დაიცვას ეკოლოგია და არ დაანაგვიანოს გარემო, მისთვის ერთადერთი გამოსავალი ალბათ ჯარიმაა, რადგან ეს იქნება საუკეთესო მოტივაცია იმისთვის, რომ ის აღარ დაანაგვიანებს გარემოს.
ზოგჯერ ის ფაქტი, რომ შენ არ ანაგვიანებ სულაც არ გიქმნის იმის განცდას, რომ ზრუნავ უსაფრთხო გარემოზე, როცა ხედავ, სხვა ანაგვიანებს, არ უნდა დარჩე ამ ფაქტის მიმართ გულგრილი და იმოქმედო. შეგიძლია დამნაგვიანებელს თავაზიანად მოუწოდო არ დაანაგვიანოს, შეგიძლია შენიშვნა მისცე აგრესიული ტონით და ისე აიძულო არ დაანაგვიანოს, ან მის მიერ დაყრილი ნაგავი თავად აიღო და მიიტანო ნაგვის ურნამდე. არსებობს იმის ალბათობა, რომ თუ ჩვენ არ დაგვეზარება და დამნაგვიანებელს ბევრნი და ხშირად მივცემთ შენიშვნას, ის ნაგვის დაყრას უხერხულ სიყუაციაში ჩავარდნის გამო მოერიდება.
ყველა ჩვენგანს შეუძლია, იზრუნოს სუფთა გარემოზე და ამით შეცვალოს საკუთარი ქალაქის მომავალი, რადგან ყოველი ჩვენგანი თვითონ ქმნის იმ გარემოს, რომელშიც ცხოვრობს!