სახელი: ნოდარ
გვარი: დუმბაძე
მამის სახელი: ვლადიმერის ძე
სამსახური: კოსმოსი, ზღვა, ხმელეთი, ხანდახან მიწისქვეშეთი
პასპორტი: უსაბუთო
სისხლის ჯგუფი: უსისხლო
რეზუს ფაქტორი: ურეზუსო
დარეკეთ: მხოლოდ ეკლესიის ზარით
>> საქართველო ძალიან ლამაზ და ჯიშიან ბედაურსა ჰგავს, ოქროს უნაგირით შეკაზმულ ბედაურს, თან ისე ლამაზ მდელოზე და გამოსაჩენ ადგილასაა დაბმული, ყველას უნდა შეაჯდეს, ლაგამი ამოსდოს და სარდლის ყიჟინით და ვაშას ძახილით გააჭენ–გამოაჭენოს, მაგრამ, მადლობა ღმერთს თვითონ არის ისეთი ფაქიზი და ფეთიანი, ყველა ნაძირალას არ იჯენს ზურგზე. მხოლოდ ღირსეულებს თუ შეიჯენს ხოლმე და იმათაც თუ დაკარგეს ზომიერების გრძნობა, იმათაც გადმოაგდებს და ძირს დაანარცხებს. ბევრი მინახავს ასეთი.
>> საოცარი ფრინველია მერცხალი. ერთიც რომ იყოს, ცა სავსეა. ასევეა არწივიც, ოღონდ არწივი იპყრობს ცას იდუმალებით, მერცხალი კი –სიხალისით. ეს რომ ასეა, ამას ისიც ამტკიცებს: თოვლის მოსვლის წინ ცა თითქოს სავსეა ჭილყვავებით და მაინც უსაშველოდ ცარიელია.
>> ისე ეშინოდა სიბერის, რომ სიამოვნებით მოჰკურცხლავდა ბავშვობისაკენ, მაგრამ საუბედუროდ, ბავშვობა არ ჰქონდა, და რაც მთავარია, ეს შეუძლებელი იყო, ამიტომ იდგა, ელოდა და კანკალებდა.
>> – რატომ დაინგრა ბაბილონის გოდოლი?
–იმიტომ რომ, მისი მშენებლები ყველა გამვლელ–გამომვლელის რჩევა დარიგებას უგდებდნენ ყურს.
>> ჩემში ეჭვს იწვევს – ღირს თუ არა იმის გამო ტირილი, რაც სულერთია ახლა აღარ იქნებოდა. ეს მახსოვრობის ყველაზე დიდი მანკიერი მხარეა. ნეტა ვინ მოიგონა?
–რომ არ მომკვდარიყო,ახლა გენერალი იქნებოდაო. –ან – რომ არ მოეკლათ, ლეიტენანტი კი არა, ახლა გენერალი იქნებოდაო.
კაციშვილმა არ იცის, რომ არ მოეკლათ, იქნებ ის ლეიტენანტობაც ჩამოერთმიათ. ვინ იცის?
მოამზადა ნინო ოთარაშვილმა