ნინო ნატროშვილი – ჟურნალისტი
როდესაც რაღაც ძალიან გინდა და ამ სურვილის მისაღწევად ძალისხმევას არ იშურებ, ვფიქრობ, შედეგად ყოველთვის წარმატებას იღებ. რა თქმა უნდა, ზოგჯერ ბოლომდე ვიხარჯებით, ცდას არ ვაკლებთ, მაგრამ იმედები მაინც გვიცრუვდება, თუმცა სულ მგონია, რომ ჩვენ მიერ გაწეული შრომა არსად იკარგება: იმ კონკრეტულ შემთხვევაში რაღაც შესაძლოა მართლაც არ გამოვიდეს, მაგრამ დახარჯული ენერგია წარმატებას აუცილებლად მოიტანს და სხვა მიმართულებით გამოვლინდება. ეს საკუთარ თავზეც ბევრჯერ გამომიცდია, ამიტომ უკვე ვისწავლე, რომ თუ რაღაც არ გამომდის, ეს არა იმედგაცრუებად, არამედ ახალ შესაძლებლობად აღვიქვა.
ნებისმიერი ადამიანისთვის წარმატება განსხვავებულად იზომება. ჩემთვის ის საკუთარი შესაძლებლობების რეალიზება და იმ საქმის პოვნაა, რომელსაც არა მარტო შემოსავალი, არამედ პროცესით სიამოვნებაც მოაქვს. თუ ამას ისიც ემატება, რომ შენი საქმიანობით ადამიანების ცხოვრებას თუნდაც მინიმალურად, მაგრამ მაინც უკეთესობისკენ ცვლი, ეს უკვე ბედნიერების შეგრძნებაა.
ცხოვრების ამ ეტაპზე ჩემთვის ყველაზე დიდი წარმატება სწორედ იმ პროფესიისა და საქმის პოვნაა, რომელიც მუდმივი დინამიკით, აქეთ-იქეთ წოწიალით, ახალ და გასხვავებულ ადამიანებთან ურთიერთობით ძალიან მავსებს და დახარჯულ ენერგიას უკან გაორმაგებულად მიბრუნებს.