ანგელოზების უნივერსიტეტი
ერთხელ ანგელოზმა თხოვნით მიმართა ღმერთს:
– უფალო, პრობლემა მაქვს.
– რა გაღელვებს, ჩემო ანგელოზო? – გაეღიმა ღმერთს.
– როგორ გითხრათ, ამ ბოლო დროს, მე ძალიან მიჭირს მფარველი ანგელოზის მოვალეობის შესრულება. რატომღაც აღარ მესმის ადამიანების, აღარ შემიძლია მათი გაგება… დროდადრო მგონია, რომ სულ ცოტაც და ჩემს გაღიზიანებასაც შეძლებენ!
– კონკრეტულად რა არ მოგწონს ადამიანებში?
– ისინი ყოველთვის უკმაყოფილოები არიან იმით, რაცა აქვთ და ხშირ შემთხვევაში, არ იციან რა უნდათ. ისინი გამუდმებით რაღაცაზე წუწუნებენ. ერთმანეთს ეომებიან და ანადგურებენ გარემოს. ვერ იტანენ იმათ, ვინც მათ არ ჰგავს. ისინი სხვების აზრზე არიან დამოკიდებულები და ხშირ შემთხვევაში, ბრძენებს კი არა, დემაგოგებს უჯერებენ. ისინი ეკლესიაში ლოცულობენ და მალევე ცოდვას ჩადიან. ეს ყველაფერი ძალიან მამწუხრებს!
– ხო, შვილო ჩემო, საქმე მართლაც სერიოზულად ყოფილა, – თქვა და ჩაფიქრდა ღმერთი. – შენ მართალი ხარ, რამე უნდა მოვიმოქმედოთ. და ძალიან სასწრაფოდ! შენ შემფასებლობა გაგიჩნდა – ეს კი იმის ნიშანია, რომ ანგელოზობას კარგავ… ალბათ ადამიანებისგან გადაგედო!
– მეც მაგას არ ვამბობ, – უპასუხა დაღონებულმა ანგელოზმა. – მე ვფიქრობ, პროფესიონალური ზრდა მესაჭიროება. გამიგია, რომ ზოგიერთ ანგელოზს, კვალიფიკაციის ასამაღლებელ კურსებზე გზავნიან. შემიძლია რომ მეც ვითხოვო სასწავლებლად გაგზავნა?
– შეგიძლია, შვილო ჩემო. ასეთი კურსები მართლაც არსებობს, და ძალიან ეფექტურიც არის! ვისაც სწავლა უნდა, როგორც წესი, კარგ შედეგსაც აღწევს.
– იქ რა საგნებს ასწავლიან?
– სხვადასხვას. სხვადასხვა საგნებს! მე ვიტყოდი, რომ მრავალმხრივი განათლებაა! შეიძლება ითქვას, რომ უნივერსიტეტია ანგელოზებისთვის. იქ შენ აუცილებლად იპოვი მეგობრებს და თანამოაზრეებს და არ მოიწყენ.
– და სწავლის ფორმა როგორია? ლექციები? სემინარები?
– მეტწილად ინტერაქტიურია. ყველაფერი პირადი გამოცდილების მიღებაზე, გრძნობაზე და შეგრძნებაზე არის აგებული. მაგრამ, ცოტა თეორიაც იქნება, სხვადასხვა თვალსაზრისის გამოსახატავად. ეს პლურალიზმისთვის და არჩევანის გაკეთების თავისუფლებისთვის არის საჭირო.
– ჰო, უფალო, ეს ზუსტად ის არის, რაც მე მჭირდება! მე ძალიან მინდა ამ კურსებზე მოხვედრა. რა უნდა გავაკეთო?
– რა გააკეთო? მხოლოდ მიღების წესებს უნდა გაეცნო, შვილო… პირველ რიგში, შენ მიიღებ სხეულს, ის გაიცემა ერთხელ და სამუდამოდ, გამოცვლა არ შეიძლება. ის შეიძლება შენ მოგწონდეს ან არ მოგწონდეს. მაგრამ ის ერთადერთია, რაც შენთან იქნება სწავლების დასრულებამდე. ყველაფერ დანარჩენს შენ მხოლოდ დროებით სარგებლობაში მიიღებ, ამა თუ იმ ვადით. გასაგებია?
– გასაგებია. არაფერი არ არის ჩემი, სხეულის გარდა. საჭიროა მისი გაფრთხილება, რადგან სწავლის პერიოდის მანძილზე, ის ერთადერთია.
– შემდეგ… შენ მოგიწევს სწავლა დღე და ღამე, რამდენიც საჭირო იქნება, დაწყებული პროცესის დასასრულებლად. ყოველი ადამიანი და ყოველი მოვლენა, შენი მასწავლებლები იქნებიან, ამიტომ მათზე გაბრაზებას აზრი არა აქვს.
– მაგრამ თუ შეცდომას უშვებენ?
– არ არსებობს შეცდომები. არსებობს მხოლოდ გაკვეთილები და მასწავლებლები. და გაითვალისწინე, რომ შენც იქნები ვიღაცისთვის მასწავლებელი.
– მე? მასწავლებელი??? მე რომ არ ვიცი! ან რომ არ გამომივიდეს?
– ასეც შეიძლება მოხდეს… წარუმატებლობა – წარმატების განუყოფელი ნაწილია. ყოველი ჩავარდნის გაანალიზება და მისი და მისი წარმატებად გადაქცევა შეიძლება!
– შეიძლება გაკვეთილზე უარის თქმა, თუ რამე არ გამომივა?
– გაკვეთილი სხვადასხვა ფორმებში გამეორდება, ვიდრე სრულად არ აითვისებ. თუ ადვილ გაკვეთილს არ აითვისებ, – თანდათანობით უფრო და უფრო გართულდება. როდესაც აითვისებ, ჩათვლას ჩააბარებ და შემდეგ გაკვეთილზე გადახვალ. აი, ასეთია პროგრამა!
– და როგორ მივხვდები, რომ გაკვეთილი ათვისებული მაქვს?
– შენ მიხვდები რომ გაკვეთილი ათვისებულია, როდესაც შენი ქმედება, გაგება და შეხედულება გარემო პირობებზე შეიცვლება. სიბრძნე პრაქტიკით მიიღწევა.
– დიახ, გავიგე. ძალიან მინდა რომ სიბრძნე მალე შევიძინო!
– ნუ ხარ სულსწრაფი, ანგელოზო! ხანდახან, ცოტა რაღაცა, – უკეთესია, ვიდრე ბევრი არაფერი. შენ ყველაფრის მიღებას შეძლებ, რასაც მოისურვებ. შენ ქვეცნობიერად ზუსტად განსაზღვრავ, რაში რამდენი ენერგია უნდა დახარჯო და იმას თუ როგორ უნდა მიიქციო ხალხის ყურადღება. დაფიქრდი იმაზე, რაც გაქვს – და იცოდე, რომ ეს, სწორედ ის არის, რაც გინდოდა. შენი «დღევანდელი დღე», შენი «გუშინდელი დღით» არის განპირობებული, ხოლო «ხვალინდელი დღე», «დღევანდელი დღით» იქნება განისაზღვრული.
– მაგრამ თუ შემეშალა, თუ ისეთი რამე ავირჩიე, რაც მომავალში პრობლემებს შემიქმნის?
– რაც გარეთ არის, შიგნითაც ის არის. და პირიქით. გარეგანი პრობლემები – შენი შინაგანი მდგომარეობის ზუსტი ანარეკლია. შეცვალე ის რაც შიგნით არის – და გარეთ ყველაფერი თანდათანობით შეიცვლება. ცხოვრება გიკარნახებს!
– და როგორ? როგორ გავიგებ რას მიკარნახებს?
– ტკივილი – არის საშუალება, რომელსაც სამყარო იყენებს, რომ შენი ყურადღება მიიქციოს. თუ სული ან სხეული ტკივილს განიცდის – ეს იმის ნიშანია, რომ ცვლილებების დრო მოვიდა!
– ნუთუ სხვა ანგელოზები, რომლებიც კურსებზე სწავლობენ, ტკივილს მომაყენებენ, უფალო?
– დაიმახსოვრე, რომ თქვენ ყველანი – მოსწავლეები ხართ, და ყველანი თანაბარ პირობებში იმყოფებით. სხვები – მხოლოდ შენივე ანარეკლები არიან. შენ ვერ შეძლებ იმის შეყვარებას ან შეიძულებას რაც სხვაშია, თუ ის არ ასახავს შენს პირად თვისებებს. გახსოვდეს: იქ მხოლოდ ანგელოზები არიან, ისეთები როგორიც შენ ხარ, სხვა სულიერი იქ უბრალოდ არ არის. ასე, რომ ნებისმიერი ტკივილი – მხოლოდ თამაში იქნება, შეფასება, შენი გონების რეაქცია.
– კიდევ რამე უნდა ვიცოდე, ღმერთო?
– ალბათ, კი. მინდა რომ გაიგო: იქ, სადაც შენ მოხვდები, არ არის უკეთესი ადგილები, ვიდრე «აქ». «იქ» არ არის უკეთესი, ვიდრე «აქ». წარსული მაშინვე უნდა დაივიწყო, მომავალს ვერ იწინასწარმეტყველებ, შენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება ის მომენტი, ის წამი, გაელვება რომელშიც იქნები.
– მე მიჭირს იმის გაგება, რასაც მეუბნები. მაგრამ მე შევეცდები. ვფიქრობ, მასწავლებლები ყველაფერს ამიხსნიან, ასე არ არის?
– არ ღირს საკუთარი პასუხისმგებლობის მასწავლებელზე ან სხვა ვიღაცაზე გადაბარება. მასწავლებლები შენ პროგრამას გაძლევენ, შენ კი სწავლობ! რამდენის ათვისებასაც მოისურვებ – იმდენი დარჩება შენთან.
– მე შევეცდები ყველაფერი ავითვისო, რისი ათვისებაც შესაძლებელი იქნება!
– დიახ, ჩემო ანგელოზო! გააკეთე ყველაფერი საუკეთესოდ, შესაძლებლობის ფარგლებში – და შენ მიზანს მიაღწევ.
– მაგრამ შენ, –შენ, უფალო, ძველებურად მიხელმძღვანელებ? თუ წიგნებით და კონსპექტებით მომიხდება სწავლა?
– მე არ მიგატოვებ არც ერთი წუთით, შვილო! მე მუდამ შენთან და შენში ვიქნები. მაგრამ ჩვენ ერთმანეთისგან შორს ვიქნებით და შენ ხელახლა მოგიწევს ჩემი მოსმენის, ჩემი ხმის გაგების სწავლა. მხოლოდ იმით შემიძლია დაგამშვიდო, რომ: შენს ყველა კითხვაზე პასუხი, შენშივე არის. შენ იმაზე მეტი იცი, ვიდრე წიგნებში ან კონსპექტებში წერია. შენ მხოლოდ საკუთარ თავში უნდა ჩაიხედო, საკუთარ თავს უსმინო და საკუთარი თავის რწმენა უნდა გქონდეს. ასე, რომ, თუ არ გადაიფიქრე, ახლავე მოვახდენ შენს ტრანსპორტირებას, სწავლის ადგილზე!
– კარგი. მადლობელი ვარ უფალო! მზად ვარ. მთავარია, თქვენი დარიგება არ დავივიწყო!
– აქ კი სურპრიზი გელოდება, პატარავ, – გაიცინა ღმერთმა. – იცი, ანგელოზის გადამზადების არსი იმაში მდგომარეობს, რომ მან ყველაფერი თავიდან, სუფთა ფურცლიდან უნდა დაიწყოს. ასე, რომ, შენ ყველაფერს დაივიწყებ, რაც მე ახლა გითხარი. და მაშინ გაიხსენებ ჩვენს საუბარს, როდესაც საამისოდ მზად იქნები… აბა, წავიდეთ?
– წავიდეთ! – გაბედულად შემოჰკრა ფრთები ანგელოზმა და დაინახა მის წინ გახსნილი გვირაბი, რომელშიც დახუჭული თვალებით გადაეშვა ისე როგორც უფსკრულში, სრულ გაურკვევლობაში. მაგრამ ის ღმერთს ენდობოდა და ამიტომ არ ყოყმანობდა. თუმცა, მისი ფრენა არც ისე ხანგრძლივი იყო…
… გაისმა კივილი, და დედამიწაზე, კიდევ ერთი ადამიანი დაიბადა.
იგავი შესაძლებლობებზე
არსებობს ლეგენდა, რომლის თანახმად, ყოველ ჩვენგანთან, ცხოვრებაში ერთხელ, ღმერთი მოდის. ამასთან, ის შეიძლება ნებისმიერი სახით მოგვევლინოს – დასველებული კნუტის, მოხუცის, მათხოვრის… და ჩვენი ბედი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ მოვიქცევით ამ შეხვედრის დროს… ამასთან დაკავშირებით. ერთი იგავიც არსებობს.
ცხოვრობდა ამ ქვეყანაზე ერთი ადამიანი. და ჰქონდა მას სამი სურვილი: უნდოდა კარგი სამუშაო, მაღალი ანაზღაურებით, დაქორწინება უნდოდა ლამაზ, კეთილ გოგონაზე და უნდოდა ცნობილი გამხდარიყო… მთელს მსოფლიოში.
ცხოვრების მანძილზე, ბევრი რამ გადახდა მას თავს. მაგრამ, ჩვენ მხოლოდ სამს მოგიყვებით:
I. ზამთარში, ერთ სუსხიან დილას, მიდიოდა ის გასაუბრებაზე, ერთ ცნობილ კომპანიაში. შეხვედრამდე მხოლოდ 5 წუთი რჩებოდა, მას კი მთელი კვარტალი უნდა გაერბინა. უცებ, მის წინ, ფეხი აუსრიალდა და ძირს დაეცა მოხუცი კაცი. ჩვენმა გმირმა შეხედა მას, იფიქრა მთვრალი არისო, მოხუცი არ წამოაყენა და თავის გზაზე წავიდა. გასაუბრებაზე დროზე მივიდა, მაგრამ მისი ოცნების სამუშაოზე არ აიყვანეს.
II. ზაფხულის ერთ თბილ საღამოს, ის ქუჩაში სეირნობდა. მან ქუჩის მსახიობები შეამჩნია, რომლებიც წარმოდგენას მართავდნენ. გადაწყვიტა, შეჩერებულიყო და სანახაობით დამტკბარიყო. მაყურებელი ბევრი არ იყო, ხოლო პიესა ძალიან საინტერესო და სახალისო იყო. წარმოდგენის დასრულების შემდეგ, ხალხმა დაშლა დაიწყო. ჩვენი გმირიც აპირებდა წასვლას, მაგრამ ვიღაცამ, მორიდებულად მხარზე ხელი შეახო. ეს იყო პიესის მთავარი გმირი – მოხუცი მასხარა ქალი. მას აინტერესებდა, მოეწონა თუ არა სპექტაკლი და კმაყოფილი იყო თუ არა მსახიობთა თამაშით. მაგრამ, ახალგაზრდა მამაკაცმა სიძულვილით შეხედა, მასთან საუბარი არ ისურვა, მიბრუნდა და წავიდა.
III. შემოდგომის ერთ წვიმიან დღეს, კაცი ბრუნდებოდა მეგობრის დაბადების დღიდან სახლში. მისთვის ეს დღე ძალიან რთული და დამქანცველი იყო. მას ერთი სული ჰქონდა სახლში მისულიყო, აბაზანა მიეღო და თბილ ლოგინში ჩაწოლილიყო. სადარბაზოს რომ მიუახლოვდა, ვიღაცის მოგუდული ქვითინის ხმა მოესმა. გაიხედა და
დაინახა, რომ სადარბაზოს გვერდით, სკამზე ქალი იჯდა და ტიროდა. მას ქოლგა არ ჰქონდა და მხოლოდ თხელი კაპიშონიანი ქურთუკი იცავდა ცივი წვიმისგან. ქალმა ახალგაზრდა კაცი რომ დაინახა დახმარება სთხოვა. მას ოჯახში რაღაც შეემთხვა და ძალიან სჭირდებოდა ვინმესთან საუბარი. კაცი დაფიქრდა, მას თვალწინ აბაზანა და საწოლი წარმოუდგა, ჩუმად რაღაც წაილუღლუღა. ალბათ, დაღლილი ვარ ან არ მცალიაო და სასწრაფოდ სადარბაზოში შევიდა.
ადამიანმა ისე იცხოვრა, რომ ბედნიერი არასოდეს ყოფილა… და მოკვდა. ზეცაში ის თავის მფარველ ანგელოზს შეხვდა:
– იცი, მე ძალიან უინტერესო და უბედური ცხოვრებით ვიცხოვრე. მე მხოლოდ სამი სურვილი მქონდა და არცერთი არ ამისრულდა. რა სამწუხაროა…
– ჰმ… ჩემო მეგობარო – უთხრა მან კაცს – მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ შენი ყველა სურვილი ასრულებულიყო. მაგრამ, ამისათვის, შენ მხოლოდ ერთხელ უნდა გაგეწოდებინა დახმარების ხელი სხვა ადამიანისთვის, გაგეხილა თვალები და გაგეთბო გაყინული გული.
– რაზე მელაპარაკები?
– გახსოვს ადამიანი, რომელიც ზამთრის ერთ დღეს დაეცა გზაზე? მე შენ ახლავე გაჩვენებ ამ სურათს… ის მოხუცი იმ ფირმის გენერალური დირექტორი იყო, რომელშიც შენ გინდოდა მუშაობის დაწყება და მას რომ დახმარებოდი, წინ თავბრუდამხვევი კარიერა გელოდა. შენ მხოლოდ დახმარების ხელი უნდა გაგეწოდებინა.
გახსოვს მოხუცი მასხარა, რომელმაც ქუჩის წარმოდგენის შემდეგ კითხვით მოგმართა? ის ახალგაზრდა, ულამაზესი, მსახიობი გოგონა იყო, რომელსაც ერთი ნახვით შეუყვარდი. თქვენ ბედნიერი მომავალი გელოდათ, ბავშვები, მარადიული სიყვარული. შენ მხოლოდ ერთი რამ გევალებოდა – თვალები უნდა გაგეხილა.
გახსოვს ქალი რომ ტიროდა შენს სადარბაზოსთან? რომელიც სულ სველი იყო წვიმითა და ცრემლებით… ის ცნობილი მწერალი იყო და იმ დროს ოჯახური კრიზისი ჰქონდა. მას შენგან მხოლოდ სულიერი მხარდაჭერა ესაჭიროებოდა. შენ რომ სახლში შეგეყვანა, გაგეთბო და დაგემშვიდებინა, ის წიგნს დაწერდა, რომელსაც შენ მოგიძღვნიდა. მასში შენთან შეხვედრის შესახებაც დაწერდა და ამ წიგნით, მთელი მსოფლიო გაგიცნობდა.
მაშინ, ერთადერთი რაც მოგეთხოვებოდა, მხოლოდ პატარა ნაპერწკალის გაცემა შენი გულიდან. შენ უყურადღებო იყავი ჩემო მეგობარო, ძალიან უყურადღებო.
ადამიანმა ერთი ამოიოხრა და გაუყვა მთვარის ბილიკს, შორს ვარსკვლავებისკე…
მორალი: მოუსმინე სამყაროს, ის შესაძლებლობებს გთავაზობს. სხვას დაეხმარე, დახმარება შენც ითხოვე და ის ღირსეულად მიიღე.
ახალბედა ანგელოზი
ყველა ადამიანს, ნათლობის შემდეგ, ჰყავს მფარველი ანგელოზი. ზოგს გამოცდილი, ზოგს ნაკლებად გამოცდილი, ხოლო ზოგს – ახალბედა.
— გამარჯობა, მფარველო. დანიშნულებაზე მოვედი.
— ახალი ხარ, — გაისმა მფარველის ბუზღუნა ხმა. — შენ ამ დედამიწისეულ წესებს გადაეჩვიე! და რაც უფრო სწრაფად გააკეთებ ამას, მით უკეთესი.
— მე… რა? — გაუკვირდა ანგელოზს.
— გამარჯვება ვის უსურვე? — გაეცინა მფარველს, მაგრამ აქვე შეიცვალა ტონი და სერიოზულად ჰკითხა — ინსტრუქტირებული ხარ?
— ეეე…
— გასაგებია, ე. ი. ყველაფერი ყურებს მიღმა გაატარე. ეს რა არის? ვისთან მიწევს მუშაობა… — ისევ აბუზღუნდა მფარველი. — მაშ ასე, ყველაზე ძირითადი: მხოლოდ სამჯერ შეგიძლია გადარჩენა. სამი! დაიმახსოვრე? ამიტომ, გადაწყვეტილება მდგომარეობის მიხედვით მიიღე. თუ დაინახავ, რომ ადამიანი უშენოდაც დააღწევს თავს უბედურებას, ზედმეტად ნუ ჩაერევი, გაიგე? მე შენ ძალიან კარგი მასალა შეგირჩიე. თუ არაფერი შეგეშლება, 100 წლამდე იცხოვრებს შენი სამეურვო…
— მე როგორ გავიგებ, როდის… როდის უნდა ჩავერიო?
მფარველი გაბრაზდა:
— შენს მაგივრად მე ვიმუშაო?! მიდი, წადი! და ყველაზე მთავარი, დაიმახსოვრე: სხვის ბედში არ ჩაერიო! — იცოდე არ ჩაერიო, მოხოლოდ საკუთარს მიხედე!
«ძალიან მჭირდება, კიდევ ვიღაცა — გაიფიქრა ანგელოზმა, — ნეტა საკუთარი მიმახედინა კარგად და…».
მფარველმა მწუხარებით ამოიოხრა, რადგან ახალბედა ანგელოზის შეცდომების შესახებ, ყველაფერი წინასწარ იცოდა…
***
ანგელოზმა ჩაიხედა ბავშვის საწოლში და მშვიდად ამოისუნთქა. პატარას ტკბილად ეძინა და ძილში იღიმოდა. ცრემლმა ჯერ კიდევ ვერ მოასწრო გაშრობა მის ფუმფულა ლოყებზე. ამჯერად მისი დახმარება საჭირო არ გახდა. რამოდენიმე წვეთმა წამალმა იხსნა ბავშვი, მუცლის საშინელი შებერილობისგან. სულ ცოტა ხნის წინ, ბავშვი ისე ტიროდა, რომ ანგელოზმა იფიქრა, ჩემი დროც დადგაო. ძალიან სანერვიულო სამუშაოა, მფარველი ანგელოზობა… მაგრამ თანდათანობით ის მიეჩვია ბავშვის ავადმყოფობებს, საბედნიეროდ, მისი მფარველობის ქვეშ მყოფს, კარგი, ადეკვატური დედა ჰყავდა. მან მადლიერებით გაიხსენა მფარველი — ალბათ, ახალბედებს რთულ საქმეზე არ უშვებენ, გაიფიქრა მან.
არა, ნაადრევად შეექმნა ამ ქალბატონზე კარგი წარმოდგენა! რატომ წაიყვანა სამი წლის ბავშვი ზღვაზე?! თან მარტომ, მატარებლით და გადაჯდომებით? — ბრაზობდა ანგელოზი ბავშვის დედაზე.
ზღვაზე ყოფნის პირველ დღეს, ანგელოზი ძალიან ნერვიულობდა, შემდეგ დაწყნარდა. ბავშვის დედა კარგად ართმევდა თავს, თავის მოვალეობას — ბავშვს ყველა მოსალოდნელი ხიფათისგან იცავდა: ცივ წყალში არ აბანავებდა, სახიფათო პროდუქტებს არ ყიდულობდა, ყურადღების გარეშე არასოდეს ტოვებდა. ასეთ სიტუაციაში, ანგელოზი გრძნობდა, რომ ის, არც თუ ისე საჭირო იყო.
იმ დღეს ძლიერი ქარი იყო. თუმცა, ზოგიერთები მაინც ახერხებდნენ აღელვებულ ზღვაში ბანაობას. მისი მფარველობის ქვეშ მყოფი, ქვიშაზე დაფენილ პირსახოცზე იჯდა და ნიჟარებით ერთობოდა. ხოლო მოზრდილი ბავშვები ტალღებზე ხტუნაობდნენ და ხმამაღლა იცინოდნენ. მაგრამ ზღვა, სულ უფრო და უფრო მძვინვარე ხდებოდა და ბავშვები წყლიდან ამოვიდნენ.
მშობელმა რომ დაინახა, ქარი არ ცხრებოდა და ზღვაზე შტორმი უფრო ძლიერდებოდა, ნივთების მოგროვება დაიწყო და სახლისაკენ აიღო გეზი. და აქ ანგელოზმა შენიშნა, რომ წყალში კიდევ ერთი ბავშვი დარჩა, ქერა ბიჭუნა, დაახლოებით, ათიოდე წლის. ის ყველანაირად ცდილობდა ნაპირისკე გამოცურვას, მაგრამ ტალღა უკვე ზევით იწეოდა. — ის ვერ მოასწრებს! ვერ მოასწრებს გადარჩენას! — გაიფიქრა ანგელოზმა — გადავარჩინო? მაგრამ ის ხომ სხვისი მეურვეობის ქვეშ არის… სად არის მისი ანგელოზი? — მაგრამ ფიქრისა და განსჯის დრო უკვე აღარ იყო. ტალღა მოდიოდა და ახალბედა ანგელოზი ბავშვს გადაეფარა. და თითქოს შეშინებულმა, ტალღამ უკან დაიხია. ანგელოზმა მაშინვე გახედა თავისი დაცვის ქვეშ მყოფს, რომელიც დედასთან ერთად პარკისკე მიდიოდა…
— აი, მითხარი, ყრუ ხარ თუ სულელი? – მფარველი გაღიზიანებული იყო. — მე ხომ გეუბნებოდი, არ ჩაერიო მეთქი, ხომ გეუბნებოდი?
— ცუდი რა გავაკეთე? ხომ არავინ დაზარალებულა. ბავშვმა რა დააშავა?
— დააშავა… დააშავა… აი იმუშავებ იმდენს, რამდენიც მე ვიმუშავე და საერთოდ დაივიწყებ ასეთ სიტყვებს! არსებობს წესები, რომელიც სულელების მოგონილი არ არის! წადი და შემდეგში ნაკლებად იყურე აქეთ-იქით, გაიგე?!
ანგელოზი არ ელოდა ასეთ გაკიცხვას. მართალია მან დაარღვია წესები, მაგრამ მან ხომ ბავშვის სიცოცხლე იხსნა? — გაიფიქრა ანგელოზმა.
ბავშვი იზრდებოდა, ანგელოზი ყოველთვის მის გვერდით იყო. ორჯერ მოუხდა მას, მისი მეურვეობის ქვეშ მყოფის ბედში ჩარევა, რომელიც გაიზარდა, გათხოვდა და ორი ვაჟი გააჩინა. ერთხელ ის უმართავი ავტომობილისგან გადაარჩინა, მეორედ — მძიმე მშობიარობის დროს იხსნა სიკვდილისგან. მისი მფარველობის ქვეშ მყოფი, მხოლოდ 34 წლის იყო და მხოლოდ გადარჩენის ერთი შესაძლებლობა ჰქონდა დარჩენილი ანგელოზს. ცოტაა ეს თუ ბევრი? ამაზე გამუდმებით ფიქრობდა ანგელოზი. ფიქრობდა იმაზე, რომ შეიძლებოდა მანქანას შეხვევა მოესწრო და ტყუილად გადაარჩინა იმ შემთხვევის დროს ან და იქნებ ექიმებს მისი დახმარება სულაც არ ესაჭიროებოდათ და მისი დახმარების გარეშეც გაართმევდნენ თავს?
სწორედ ასეთი ფიქრები არ ასვენებდა ანგელოზს, როდესაც ის ახალგაზრდა ქალს ახლდა. გვიან საღამო იყო. ისინი ერთ-ერთ ჩიხში შევიდნენ და უეცრად დაინახა კაცი, რომელსაც ხელში რაღაც უბზინავდა. ანგელოზი დაიძაბა. მაგრამ ის სიმშვიდეს ინარჩუნებდა, რადგან გადარჩენის ერთ შანსი კიდევ ჰქონდა. ქალმა დაიყვირა დანა რომ დაინახა, ხოლო კაცმა ჩაიცინა:
— შენ არ შეგიძლია მისი დაცვა, შენ მხოლოდ ყურება შეგიძლია.
— რას ამბობ… — დაიწყო ქალმა საუბარი.
— მე შენ არ გეუბნები, მე მას მივმართავ!
და ანგელოზი მიხვდა, რომ კაცი მას ხედავდა, რაღაცნაირად. ყველაზე ცუდი კი ის იყო, რომ მან იცნო მოძალადე. თუმცა, ის 10 წლის ასაკში ნახა, როდესაც ზღვაში ტალღებს ებრძვოდა. მას ისეთივე ქერა კულულები ჰქონდა, ხოლო გამჭოლი, ლურჯი თვალეების ფერი შეცვლოდა… როგორ შეეძლო იმ ბიჭს, მკვლელად გაზრდილიყო? ანგელოზი ქალს გადაეფარა, და იგრძნო რომ ვერ დაიცავდა. მაგრამ წესი?! «გადარჩენა სამჯერ შეიძლება», —ამბობდა მფარველი.
კაცი სულ ახლოს მოვიდა. ქალი თითქოს გაშეშდა. მას არც ყვირილი შეეძლო და არც გაქცევა. ანგელოზი გამალებული ფიქრობდა და აზრებით მფარველთან დაკავშირებას ცდილობდა. მაგრამ, «იქიდან» პასუხი არ იყო. იქნებ მაშინ, ბავშვი რომ გადაარჩინა, ამით საკუთარი დაცვის ქვეშ მყოფის, მესამედ გადარჩენის საშუალება დახარჯა? — ფიქრობდა ის — მერედა, ეხლა რა უნდა ექნა? ინსტრუქციაში რა წერია ამის შესახებ?
ანგელოზს უცებ გაახსენდა, თუ როგორ ჰკრა ერთხელ ხელი ჯიბის ქურდს, რომელიც ქალის გაქურდვას აპირებდა. მან მოიკრიბა ძალა და კაცს დაეტაკა. იგივე საქციელი კიდევ რამდენჯერმე გაიმეორა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა – მისი ძალაუფლება კაცზე არ ვრცელდებოდა. ანგელოზმა ზემოთ აიხედა და გონება გაუნათდა.
— ჩინებულია! — გაიფიქრა მან. მთელი გონება მოიკრიბა და მხოლოდ დარტყმაზე მიმართა — რა ბედნიერებაა, რომ დღეს დასუფთავების სამსახურმა ეს ყინულის ლოლოები არ ჩამოამტვრია…
— ყოჩაღ, კარგად მოიფიქრე. — მფარველმა გაიცინა.
— ე. ი. თქვენ მე არ მეჩხუბებით… ეეე… მეჩხუბებით იმის გამო, რომ ადამიანი მოვკალი?
— ის არც უნდა ყოფილიყო ცოცხალი. იმის მკვლელობისთვის როგორ უნდა დაისაჯო, ვინც დედამიწაზე აღარ უნდა ყოფილიყო?
ანგელოზი დაფიქრდა და ბოლოს როგორც იქნა იკითხა:
— იმ დღეს, როდესაც გადავარჩინე, რატომ არ იყო მასთან მფარველი ანგელოზი?
— სწორი შეკითხვაა, — უთხრა მფარველმა. — იცი რაშია საქმე? ასეთ ადამიანებს არა ჰყავთ მფარველი ანგელოზები. არ არის დაშვებული ასეთი დამპალი სულის ადამიანის დაცვა. როგორც თავად დარწმუნდი, ისინი ჩვენ გვხედავენ. ბრაზდებიან და შურისაძიებლად იწევენ… ისიც არ იციან, ასე რისთვის იქცევიან.
— მერე რატომ ვერ შევძელი მისი მესამედ დაცვა? ხომ იყო მესამე შესაძლებლობაც? ნუთუ მასზე დავხარჯე?!
— თქვენ ანგელოზები, ასეთი ადამიანების წინაშე უძლურები ხართ. მათი მოკვლა მხოლოდ ზამთარში შეგიძლიათ, თუ ყინულს ჩასცხობთ თავში — გაეცინა მფარველს — თან ამას ყველა ვერ მოიფიქრებს.
— ე. ი. მე შემიძლია, ის კიდევ ერთხელ გადავარჩინო, არა?
— რატომ ერთხელ? თუ გინდა ასჯერ გადაარჩინე!
— მაგრამ ინსტრუქცია! თქვენ ხომ მითხარით — რომ გადარჩენა სამჯერ შეიძლება…
მფარველმა ხმამაღლა გაიცინა.
— თქვენ, ახლები, ერთნაირები ხართ… სასაცილოები. დარწმუნებული ვარ არ გახსოვს შენი ინსტრუქციები, იმიტომ რომ არანაირი ინსტრუქცია არ არსებობს. ხოლო სამჯერზე იმიტომ გითხარი, რომ ყველა წვრილმანზე გადასარჩენად არ მივარდნილიყავი. გახსოვდეს, ადამიანები თავიაანთი ცხოვრებით უნდა ცხოვრობდნენ, უშვებდნენ შეცდომებს და დასკვნებს აკეთებდნენ, გესმის? ხოლო ჩვენ, უკიდურეს შემთხვევაში უნდა ჩავერიოთ – უკიდურეს შემთხვევაში. ახლები კი თავიაანთი ჰიპერპასუხისმგებლობით, სულ “თივის” გაფენას ცდილობენ და ადამიანის სულს განვითარების საშუალებას არ აძლევენ. აი ასეა… ხოლო რაც შეეხება სხვის ბედში ჩაურევლობას, ამას სერიოზულად გეუბნებოდი.
— ე. ი. წესები მაინც არსებობს?
— აი, ჩერჩეტი! ეს რჩევაა, რჩევა…
ლალი ადიკაშვილი