ცხოვრებაში, არსებობს ისეთი სცენები ან წინადადებები, რომლებიც ოკეანეში მობინადრე ფოსფორისებური თევზების მსგავსად დაცურავენ მეხსიერების სიღრმეებში და ნათელს გვფენენ. მაშინ, როდესაც საკუთარ თავში ჩაიკეტებით, განმარტოვდებით, ცხოვრების ზედაპირიდან ფსკერზე ჩაიძირებით, სწორედ მაშინ მოეფინებად ნათელი ამ სცენებსა თუ წინადადებებს, ფერები გაუხასხასდებათ და თქვენ მათთან ხელახალი შეხება მოგინდებათ.
უცნაურია, მაგრამ იმ ასაკში აღმოჩნდებით, როდესაც ის ყველაფერი მოხდა და თქვენ მათ გამოცოცხლებას შეეცდებით. ჯადოსნური ხიდი გაიდება ბავშვობასა და ამჟამინდელ ასაკს შორის.
პირველადი ხიბლით გასხივოსნდება ის სცენა ან წინადადება და თქვენ ხიდიდან მომავალ მგზავრს დაელოდებით.
როდესაც ა. ჩეხოვის ,,თოლია” პირველად ვნახე ,, ჰარბიეს ” ახლად გახსნილ თეატრში, ვიქნებოდი ასე თორმეტი-ცამეტი წლის. პიესა მაინცდამაინც კარგად ვერ გავიგე, მაგრამ იქ ვნახე ბრწყინვალე სცენა და მოვისმინე შესანიშნავი სიტყვები: – ახალგაზრდა გოგონა, ხანშიშესულ მწერალს, რომელსაც ეტრფის მედალიონს სჩუქნის. მედალიონის მეორე მხარეს, მწერლის ნაწარმოების სათაური და ერთ-ერთი გვერდის ნომერია ამოტვიფრული. მწერალი თავის წიგნს სწორედ იმ გვერდზე შლის და კითხულობს სიტყვებს, რომლებიც მერე აღარასოდეს დამვიწყებია: – ,,თუ ოდესმე, ჩემი სიცოცხლე დაგჭირდება, მოდი და წაიღე ის.ç”
წინადადების სიძლიერე, ბავშვურ გონებაში ღრმად ჩამებეჭდა. ერთ ადამიანს, საკუთარ სიცოცხლეზე მეტად უყვარდა მეორე ადამიანი.
ამ სიტყვებმა, ჩემი ოცნების სცენა წარმომისახა: – მე, პიესის გმირი მწერალივათ მოხუცი ვარ და ღამით მატარებლით ვმგზავრობ. გარეთ წვიმს.
მატარებლის ფანჯრებიდან გამავალი შუქი, ლიანდაგების ახლოს მდებარე სველ ხეებზე, ქვებზე ირეკლება. ახალგაზრდა ქალს, თავი მატარებლის ჩაგმანულ ფანჯარაზე მსუბუქად მიუყრდვნია. მინაზე წვიმა ნაკადად იღვრება, ის კი მე მიყურებს და გაბზარული, ცოტათი სევდიანი, მაგრამ მტკიცე ხმით მეუბნება: – ,,თუ ოდესმე, ჩემი სიცოცხლე დაგჭირდება, მოდი და წაიღე ის.” მე მას ვუღიმი. ამ ღიმილით ჩემი უსუსურობა მინდა დავმალო. ახალგაზრდა ქალი კი ფიქრობს, რომ ნათქვამმა დაამცირა ,მაგრამ მისი ჩემდამი გრძნობა იმდენად ძლიერია, რომ ეს იმედგაცრუება ვერაფერს აკლებს. გაივლის დრო და მე ვკვდები. ქალი თხოვდება.
გადის წლები და ერთ საღამოს ქმარს ამ ეპიზოდს ასე მოუყვება: – მან გამიღიმა, ადრე ეს ღიმილი დამამცირებლად მეჩვენებოდა, მაგრამ რაც წლები გადის, მით უფრო კარგად ვხვდები რომ მის მზერაში გრძნობა იმალებოდა. მისი გულისთვის ყველაფერზე, სიცოცხლეზეც კი შემეძლო უარის თქმა, არ ვიცი რატომ, მაგრამ მან ეს არ მოინდომა…”
წლები ველოლიავებოდი ამ ოცნებას. ველოდებოდი ქალს, რომელიც ამ წინადადებას მეტყოდა. იმდენად მჭირდებოდა მე ეს, რომ მზად ვიყავი ამ ოცნების განხორციელებისათვის შემეწირა თავი. ის კი არ ვიცოდი თუნდაც ოცნებაში, რატომ არ ჩავჭიდებდი წინადადების მთქმელს ხელს და პირველსავე გაჩერებაზე არ ჩავიდოდით. იქნებ ჩეხოვის უიმედო სევდა მქონდა სულში შეპარული. იქნებ ამ წინადადების შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე ვეღარ შეძლებდა ჩემი სული ფიქრს?! ან იქნებ ხელშეუხებლად, გამოცდის გარეშე მინდოდა მისი დატოვება?! მიზეზი არ ვიცოდი, მაგრამ ველოდებოდი ქალს, რომელიც ძლიერად შემიყვარდებოდა და ამ წინადადებას მეტყოდა.
იმასაც ვგრძნობდი, რომ სიცოცხლეში ეს ერთხელ შეიძლებოდა მომხდარიყო და ეს სიტყვებიც მხოლოდ ერთხელ ითქმებოდა. ადამიანის ცხოვრებაში მსგავსი სცენა, მეორედ აღარ განმეორდებოდა.
უწინ, მწერალთან შერწყმული ჩემი ბავშვური სულით, ამ წინადადების მთქმელი ქალის ადგილას წარმოვიდგენდი ხოლმე თავს, შემდგომში კი, ამ წინადადების მთქმელ მამაკაცთან დავიწყე თავის გაიგივება. მენატრებოდა არა მარტო ის ქალი, რომელსაც ვეყვარებოდი, არამედ მსურდა თავადაც მყვარებოდა ისე, რომ სიცოცხლე არ დამეშურებინა მისთვის, მეც მინდოდა მეთქვა – ,,თუ ოდესმე ჩემი სიცოცხლე დაგჭირდება, მოდი და წაიღე ის.”
ეს სიტყვები, ოკეანის ფოსფორისებური თევზებივით, ძალისა და ნათელის დაუკარგავად, წლები დაცურავდნენ მეხსიერებისა და ოცნებების სიღრმეებში. სიყვარულის ხსენებასთან ერთად, ეს წინადადება მოდიოდა ჩემთან, როცა შემიყვარდებოდა მაშინვე ჩემს ოცნებასთან მაბრუნებდა. ნაკლები გრძნობა – ჩემი თუ სხვისი, არ მაკმაყოფილებდა. ამიტომაც ვჭირვეულობდი, ტკივილს განვიცდიდი, ვდარდობდი.
რამდენადაც არ უნდა დავბერდე, ეს წინადადება ყოველთვის გულნატკენ ბავშვად მტოვებს. ჩემი ნაწილი, რომელსაც ,,თუ…” – თი დაწყებული ეს წინადადება შეეხო, ყველაზე ადვილად საწყენ მხარედ იქცა. ცხოვრებაში ცოტათი ცივი და ყოყოჩი ვარ. ძლიერ გრძნობებსა და გატაცებებს გავურბივარ. ქალებთან მხიარულ და ზედაპირულ გათამაშებებს ვარჩევ, როგორც ერთი ჩემი მეგობარი ამბობს – ,, თუკი არ მიყვარს, კეთილი და ხელგაშლილი, ჩემდა დამოუკიდებლად გულკეთილი და ყურადღებიანი ვარ”. სხვა მეგობრის თქმით კი – ,,ის, რაც ჩემი გულის სიღრმეში ხდება, კარგად თავადაც ვერ აღვიქვამ ; ” მაგრამ მიუხედავად ყველაფრის, ვიცი და მესმის სიყვარული, გატაცება, სურვილი. იქნებ ჩემი გაორებული სულის შეხუთულობა, ჩეხოვის უიმედო უძლურებაშია, რომელიც ერთი წინადადებით შეიჭრა ჩემს ბავშვურ სულში, დაღი დამასვა და ამ სიტყვების კვალში ჩამაყენა.
წლები გავიდა მას შემდეგ, რაც მე პიესა ვნახე.
დავბერდი.
მწერალი გავხდი.
ღამით მატარებლებმა ჩაიქროლეს.
წვიმებმა გადაიარეს.
იყვნენ ქალები.
ოცნებები მქონდა ცხოვრებაში, მაგრამ ერთად შეგროვილნი, მატარებლის ფანჯარასთან თავმიყრდნობილ ქალად ვერ გადაიქცნენ. როდესაც ,,თოლია” წაუკითხია, ტოლსტოის არ მოსწონებია და ,, შენ მაქმანების მქარგავივით წერო ” – დაუცინია ჩეხოვისთვის. იქნებ ამ სიტყვებით გულდაკოდილმა დრამატურგმა, პიესაში ნათქვამი წინადადების თქმა, ცხოვრებაში ვეღარ გაბედა, რადგანაც მცირედ სიყალბეს, შეეძლო მთქმელიცა და მსმენელიც სასაცილოდ გაეხადა. შერცხვენის შიში, ჩეხოვიდან მეც გადმომედო, რამდენადაც ამ წინადადებას ვეძებდი, იმდენად ვერიდებოდი, იმიტომ რომ, ამ წინადადების ყალბი ხმით თქმა, ყველას მაქმანების მქარგავი გოგოსავით გაგვხდიდა. შევშინდი. ამ სიტყვების სიმართლეში შემეპარა ეჭვი. მხოლოდ ოცნებებში, საჭირო ტონით ვთქვი და მოვისმინე.
უკვე დავბერდი.
წიგნები დავწერე. სიკვდილიც აღარ არის უკვე მხოლოდ სხვებისთვის განკუთვნილი ზღაპარი და მე ახლა, ჩემი ოცნების გადარჩენა, ამ წინადადების, მისი ჭეშმარიტების და სიძლიერის შეგრძნებით თქმა, უფროსებისგან დაშინებული ბავშვივით მწადია _
“თუ ოდესმე ჩემი სიცოცხლე დაგჭირდება, მოდი და წაიღე ის!”
ავტორი: აჰმედ ალთანი; თარგმანი: ლანა მანველი; წყარო: lib.ge;